ტატუს ბუმი - კვირის პალიტრა

ტატუს ბუმი

დღეს გადასაყვანი ტატუების ბუმია და მოდას აყოლილი ვარსკვლავები სიამოვნებით ავრცელებენ გადასაყვანი ტატუებით მოხატული სხეულების ფოტოებს.

ვარსკვლავური წვეულებები და სელებრითები "ოსკარზეც" კი ასეთი ტატუებით წარდგნენ, მათ შორის, სარა ჯესიკა პარკერიც. თუმცა, პირველობა, რა თქმა უნდა, ბიონსეს ეკუთვნის. მომღერალმა დაბადების დღე კორსიკაზე აღნიშნა და ოქროსფრად მოხატული დეკოლტეს ფოტო "ინსტაგრამზე" დადო. მას არც რიანა ჩამორჩა და სხეული ტატუთი გაილამაზა.

2010 წელს "შანელის" სტილისტმა პიტერ ფილიპსმა გადასაყვანი ტატუ პოდიუმზე გამოიყენა - მოდელებს სხეული ჩიტებითა და სიმბოლოებით "მოუხატა. "დიორის" ჩვენებაზე კი მოდელებს 24-კარატიანი ოქროსგან დამზადებული გადასაყვანი ტატუები ამშვენებდათ. წითელი ხალიჩიდან მოდა ქუჩაში გავრცელდა და გადასაყვანი ტატუების ნაირ-ნაირი ვარიანტი გამოჩნდა...

როგორ გავიკეთოთ ტატუ

კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი.

ნახატს მოაშორეთ დამცავი პარკი, დაიდეთ არჩეულ ადგილზე და მსუბუქად დაჭერით დააფიქსირეთ. დაელოდეთ, სანამ ქაღალდი გამჭვირვალე არ გახდება (20-30 წამი).

ფრთხილად მოხსენით ქაღალდი და... დატკბით 3-დან 6 დღემდე.

რას ნიშნავს ესა თუ ის სიმბოლო

"ოცნებების დამჭერი" - ინდიელთა აზრით, ეს სიმბოლო ადამიანს მშვიდ ძილს ანიჭებს. სასურველია მათთვის, ვინც ღამე კოშმარებისგან იტანჯება.

ფარშავანგის ბუმბული - სიმდიდრის სიმბოლოა. არწივისა და ორბის ბუმბული კი ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლო.

ანქი - ძველეგვიპტური უკვდავების სიმბოლო, რომელმაც ფარაონებიდან გოთებთან გადმოინაცვლა.

ჰორის თვალი (უაჯეტი) - ძველეგვიპტურ ღმერთის ჰორას თვალი, მთვარის სიმბოლო.

ჰამსა (ღმერთის ხელი) - განსაკუთრებით ლურჯი ფერის. ინდუიზმსა და ისლამში ავი თვალისგან დასაცავად მიიჩნევა.