ვეძებ მამაკაცს ანუ როგორ ქალებზეა მოთხოვნა - კვირის პალიტრა

ვეძებ მამაკაცს ანუ როგორ ქალებზეა მოთხოვნა

იმდენი "მთხოვნელი" გამომიჩნდა, ქასთინგი რომ ჩამეტარებინა, სამი დღე მაინც მოვუნდებოდი კანდიდატების ნახვას. თითქმის ყველას ვეკითხებოდი: ნუთუ მნიშვნელობა არა აქვს ჩემს გარეგნობას? მთავარი ხასიათია - მპასუხობდა უმეტესობა - გეტყობა, რომ კარგი ბუნების გოგო ხარ... ხასიათსა და ბუნებაში აშკარად კარგ შემოსავალსა და ბინას გულისხმობდნენ...

ქალები ხშირად მსჯელობენ ქართველი მამაკაცის როლის დაკნინებაზე... გასათხოვარი ქალბატონები, რომლებიც თეთრ ცხენზე ამხედრებულ უფლისწულს ელიან, მარტოობას იმას მიაწერენ, რომ ნამდვილი მამაკაცის პოვნა ჭირს და ცუდთან ქორწინებას გაუთხოვრობა სჯობია. "შეძლებული არ არის, მაგრამ კარგი ხასიათი აქვს," - უცოლო კაცის სარეკლამო ფრაზად ვერ გამოდგება...

საინტერესოა, მამაკაცები როგორ ქალებს ისურვებენ მეორე ნახევრად?

რამდენიმე წელია, ჟურნალ "გზაში" გაცნობის რუბრიკას ვუძღვები, სადაც ადამიანებს შანსი ეძლევათ, აღმოაჩინონ ის ერთადერთი, რომელსაც დიდი ხანია ელიან. მათთან ურთიერთობამ ბევრ რამეს მიმახვედრა, მაგრამ მაინც ვამჯობინე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და ჭეშმარიტებაც ასე დამედგინა. გაცნობის რუბრიკაში ოთხი სხვადასხვა შინაარსის განცხადება გამოვაქვეყნე...

განცხადება #1

"ვარ 35 წლის, კარგი აღნაგობის, 176 სმ სიმაღლის, 60 კგ წონის, ლამაზი, გასათხოვარი გოგო. ვცხოვრობ რაიონში, არ ვმუშაობ. შეძლებული ოჯახიდან არ ვარ. გამომეხმაუროს მამაკაცი, ვისაც ოჯახის შექმნა უნდა. ვოცნებობ თბილ, მშრომელ მეუღლეზე, თუნდაც - რაიონიდან, რომელსაც ოჯახის რჩენის საშუალება ექნება".

ეს განცხადება რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყნდებოდა და... მხოლოდ სამი ადამიანი შემეხმიანა. პირველმა მამაკაცმა მორიდებით მკითხა, რომელ კუთხეში ცხოვრობთო. სვანეთში-მეთქი - რაც ენაზე მომადგა, ის ვუთხარი. დამიწუნა. უუუჰ, მტრისას სვანი ცოლი და სვანების მოყვრობა, ბოდიში, შემეშალა, სხვაგან მოვხვდიო.

მეორემ შუაღამისას დარეკა:

- გუჯა ვარ. გათხოვება გინდა?

- დიახ.

- შენ რა გაგათხოვებს, ღამის ორ საათზე რომ კაცს ელაპარაკები ტელეფონზე, ოჯახში შესაშვები არა ხარ.

- რატომ დამირეკეთ ამ დროს?

- როცა გამახსენდა, მაშინ დაგირეკე... კარგად იყავი, გენაცვალე და გათხოვება თუ გინდა, გაითვალისწინე, რომ ამ დროს ტელეფონს არ უნდა უპასუხო.

მესამემ პირდაპირ მომახალა:

- მდიდარ კაცს ეძებ? მასეთ კაცს ვერ იპოვი, იმას ცოლიც თავისნაირი უნდა, შენ არ გითხოვს.

- ჭკუის დასარიგებლად დამირეკეთ?

- არა, ქორწილის თარიღზე შესათანხმებლად, - ირონია არ დაიშურა და ტელეფონი გათიშა.

განცხადება #2

"ვარ ახალგაზრდა, განათხოვარი, უშვილო, კარგი გარეგნობის გოგო. ვეძებ შეძლებულ მამაკაცს, ვინც საინტერესოს გახდის ჩემს ცხოვრებას. გპირდებით ერთგულებას".

განცხადებას, მსუბუქი შინაარსის მიუხედავად, დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. ერთადერთმა ადამიანმა დამირეკა და იმანაც გამომლანძღა - თურმე, უზნეო ვარ, ასეთ მსუბუქ ურთიერთობას რომ ვეძებ და სხვის ხარჯზე მინდა ცხოვრების მოწყობა. ბოლოს წურბელაც მიწოდა, მსოფლიოს ქალთა ცოდვები მომაწერა, ყველა უბედურების სათავედ მომიხსენია და ტელეფონი გათიშა.

განცხადება #3

"ვარ 30 წლის, განათხოვარი, ჩვეულებრივი გარეგნობის გოგო. მიყვარს მხიარულება. მაქვს მცირე ბიზნესი და კარგი შემოსავალი, ბინა თბილისში, ვცხოვრობ მარტო. ვეძებ კარგი გარეგნობის მამაკაცს, ვინც ჩემ გვერდით იქნება და საინტერესოს გახდის ჩემს ცხოვრებას. გპირდებით ერთგულებას".

ალბათ, მიხვდით, რომ ეს განცხადება წინას ჰგავს, მხოლოდ განმცხადებლის მატერიალური მდგომარეობაა შეცვლილი.

ამ განცხადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ტელეფონზე პასუხის გაცემას ვერ ვასწრებდი. ზოგი გამარჯობის მერე მეკითხებოდა, განცხადებაში სიმართლე ეწერა თუ არა და მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს ოჯახის შექმნის სურვილი არ გამოუთქვამს, მაშინვე ქორწინებას მთავაზობდა. ზოგიერთი შეხვედრას მთავაზობდა და თუ ერთმანეთი მოგვეწონებოდა, ქორწინების შანსსაც მაძლევდა. უმეტესობა მესიჯს მწერდა, სიყვარულს მიხსნიდა, სამუდამო ერთგულებასა და ზღაპრულ ცხოვრებას მპირდებოდა (რა თქმა უნდა, ჩემს ხარჯზე). მოკლედ, იმდენი "მთხოვნელი" გამოუჩნდა განცხადების ავტორს, ქასთინგი რომ ჩაეტარებინა, სამი დღე მაინც მოუნდებოდა კანდიდატების ნახვას. უმეტესობა ამბობდა, რომ უზადო გარეგნობა აქვს და კარგი განათლება, მაგრამ იღბალი არ სწყალობს და სამსახურს ვერ შოულობს, ხელი არ ემართება, მაგრამ დაქორწინების შემთხვევაში გვერდით დაუდგება მეუღლეს, ყველა საქმეში დაეხმარება. თითქმის ყველას ვეკითხებოდი:

- კი მაგრამ, ნუთუ მნიშვნელობა არა აქვს ჩემს გარეგნობას?

- მთავარი ხასიათია, - მპასუხობდა უმეტესობა, - შენ კი, გეტყობა, რომ კარგი ბუნების გოგო ხარ...

ხასიათსა და ბუნებაში აშკარად ბიზნესს, კარგ შემოსავალსა და ბინას გულისხმობდნენ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობას ჰქონდა...

პ.ს. რაც ზემოთ მოგახსენეთ, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ როგორც ჩანს, სხვანაირი იმდენად ცოტაა, ჩემამდე ვერ მოაღწიეს...

მე ფაქტები მოგახსენეთ, დასკვნა თქვენთვის მომინდვია. სკეპტიკოსებმა კი შეგიძლიათ, ასეთი კვლევა თავად ჩაატაროთ და შედეგს დაელოდოთ.

მარი ჯაფარიძე