"მის ევროპის" პირველი ლამაზმანები - კვირის პალიტრა

"მის ევროპის" პირველი ლამაზმანები

ყველა ქალიშვილს მოკლე, იმ დროისთვის მოდური ვარცხნილობა ჰქონდა. ამჟამინდელი სტანდარტებით - თითქმის უმაკიაჟოდ იყვნენ და რაც მთავარია, ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან

"მის ევროპის" პირველი საერთაშორისო კონკურსი 1929 წელს პარიზში გაიმართა. მისი ორგანიზატორი იყო ფრანგი ჟურნალისტი და ჟურნალ "Pari-midi"-ს რედაქტორი მორის დე ვალეფი. კონკურსი გაზეთებმა: "Lე ჟოურნალ"-მა და "L'Instrasigeant"-მა ჩაატარეს.

მანამდე ქალიშვილები თავის პორტრეტებს გაზეთ "Pari-midi"-ში გზავნიდნენ, სადაც რეგულარულად ქვეყნდებოდა ლამაზმანთა პორტრეტები. გამოცემა სამოსისა და ვარცხნილობების ღია ჩვენებასაც აწყობდა, თუმცა იმ დროს ღონისძიებაში მონაწილეობა მხოლოდ ევროპული გარეგნობის გოგონებს შეეძლოთ.

მის იტალია

ევროპის ქვეყნების ლამაზმანთა პორტრეტები პარიზში სილამაზის პირველ კონკურსზე, 1929 წელს გაიგზავნა. კონკურსში გაიმარჯვა "მის უნგრეთმა - ელჟბიეტა შიმონმა. მის შვეიცარია ენი ჰოსელი კონკურსის ერთადერთი გრძელთმიანი მონაწილე იყო. კონკურსში იუგოსლავიას "მის იუგოსლავია" - სტანისლავა მატიევიჩი წარმოადგენდა, რუმინეთს - მის რუმინეთი მარიორა კრანესკუ.

იმ წელს ყველა ქალიშვილს მოკლე, იმ დროისთვის მოდური ვარცხნილობა ჰქონდა. ამჟამინდელი სტანდარტებით - თითქმის უმაკიაჟოდ იყვნენ და, რაც მთავარია, ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

ჰოლანდიას წარმოადგენდა იოჰანა კოოპმანი, გერმანიას - ელიზაბეტ ივეტა როძინი, დანიას - ვიბეკე მოგენსენი, ინგლისს - ბენი დიქსი, ირლანდიას კლარა რასელ-სტრიჩი, ავსტრიას - ლიზლ გოლდარბაიტერი (იმავე წელს მან კიდევ ერთ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და "მის მსოფლიო-1929" გახდა), ბულგარეთს - ლუბა იოცოვი, საფრანგეთს - ჟერმენ ლაბორი, ესპანეთს - პეპიტა სამპერ ბონო, რუსეთს - ირინა ლევიცკაია, იტალიას - დერნა ჯოვანინი, პოლონეთს - ვლადისლავა კოსტაკოვა.

პარიზში გამართულ სილამაზის პირველ კონკურსში 18 ქვეყანა მონაწილეობდა. 1933 წლიდან, როდესაც კონკურსში რუსმა ტატიანა მასლოვამ გაიმარჯვა, კონკურსმა ქვეყნიდან ქვეყანაში გადანაცვლება დაიწყო. კონკურსებში, რომლებიც, მოგვიანებით, ომის გამო, 9 წლით შეწყდა, ყველაზე ხშირად იმარჯვებდნენ გერმანელი, ესპანელი და ფრანგი ქალები. თითოეულ ამ ქვეყანას 7-7 გამარჯვებული ჰყავდა.

1930 წელს კონკურს "მის ევროპას", რომელმაც არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია მსოფლიოში, შეუერთდნენ თურქეთი, ბელგია და ჩეხოსლოვაკია.

ოქროს ვაშლი, წარწერით - "უმშვენიერესს"

სილამაზის კონკურსს პირველად ძველბერძნული მითოლოგია ახსენებს. ეს არის პარისის სამსჯავრო, რომლის კონკურსანტებიც თავად ქალღმერთები იყვნენ: აფროდიტე, ჰერა და ათენა. ტროას მეფის ვაჟს, პარისს, უნდა აერჩია ულამაზესი. მან ოქროს ვაშლი, წარწერით - "უმშვენიერესს", სილამაზის ქალღმერთს, აფროდიტეს გადასცა. საგულისხმოა, რომ ამ უპირველეს და უძველეს სილამაზის კონკურსს, რომელიც იდას მთაზე, პელევსისა და თეტიდას ქორწილში ჩატარდა, მიუკერძოებელი მსაჯული არ ჰყოლია. პარისი აფროდიტემ მოისყიდა - თუ მე გამამარჯვებინებ, ამქვეყნად ულამაზეს ქალს, სპარტის მეფე მენელაოსის მეუღლეს, მშვენიერ ელენეს შეგრთავ ცოლადო. ტროელი უფლისწული მოიხიბლა მაცდური წინადადებით და ვაშლი ზღვის ქაფიდან ნაშობ ქალღმერთს გადასცა. ელენეს მოტაცება კი შემდგომში ტროას ომის დაწყების მიზეზად იქცა. ამიტომაც ეწოდა ამ ვაშლს "განხეთქილების ვაშლი".