პირველი "მის მსოფლიო" ქართველი თავადის ქალი იყო - კვირის პალიტრა

პირველი "მის მსოფლიო" ქართველი თავადის ქალი იყო

ქართველი თავადის ასულ ეკატერინე თარხან-მოურავს ფრანგებმა "თეთრი გედი" შეარქვეს

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ წინა საუკუნეში, პარიზში გამართულ სილამაზის კონკურსში, რომელშიც მხოლოდ მაღალი წრის ქალები მონაწილეობდნენ, ქართველი თავადის ასულმა ეკატერინე თარხან-მოურავმა გაიმარჯვა, რომელსაც ფრანგებმა "თეთრი გედი" შეარქვეს. კონკურსი, რომელიც ყვავილების დღესასწაულზე გაიმართა, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო სილამაზის კონკურსი იყო.

პარიზში ყოველწლიურად იმართებოდა ყვავილების კონკურსი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დიდგვაროვანი ქალბატონები მონაწილეობდნენ. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს პარიზის ქუჩები ყვავილებით შემკული ეტლით უნდა შემოევლოთ, რომელიც ქალიშვილს თავად უნდა ემართა, მაყურებელი კი მათ ჩანთებში თავიანთი რჩეულის სახელწაწერილ ბარათებს უყრიდა. ცხადია, გამარჯვება მას რჩებოდა, ვინც მეტ ხმას მიიღებდა.

ეტლი, რომელშიც 15 წლის თავადის ასული იჯდა, მისი ცისფერი თვალების ელფერის ყვავილებით იყო შემკული, ეკატერინეს ცისფერი კაბა ემოსა, რომელიც ქერა თმის ფონზე განსაკუთრებით დიდებულად გამოიყურებოდა. ეკატერინეს სილამაზით დატყვევებულმა პარიზელებმა გამარჯვება სწორედ მას არგუნეს და ბრიალიანტის სამკაულითაც დააჯილდოეს.

ეკატერინე თარხან-მოურავი გიორგი სააკაძის შთამომავალი გახლდათ. ის ქართლის სოფელ ახალქალაქში, მრავალშვილიან ოჯახში, ფუფუნებაში გაიზარდა. შემდეგ პარიზში გაგზავნეს.

ისტორიული წყაროების ცნობით, სილამაზით განთქმულ ეკატერინეს ურიცხვი თაყვანისმცემელი ჰყავდა. იგი ორჯერ გათხოვდა, თუმცა არც ერთი ქმარი ქართველი არ ჰყოლია. პირველ ქმართან, თბილისში სამუშაოდ ჩამოსულ ფრანგ მიშელ სეგალთან ეკატერინემ მშობლებისგან მალულად დაიწერა ჯვარი. ცოლ-ქმარს ვაჟი შეეძინა. სიძით უკმაყოფილო ეკატერინეს მამამ ყველაფერი იღონა ცოლ-ქმრის დასაშორებლად, შვილიშვილს კი საკუთარი გვარი მისცა.

ეკატერინეს მეორე ქმარი რუსი თავადი მოროზოვი იყო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ მენშევიკურ ხელისუფლებასთან კავშირში დაადანაშაულა, თუმცა მისი ოჯახი სასწაულებრივად გადაურჩა 1937 წლის რეპრესიებს.

პირველი "მის მსოფლიო" თბილისის ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა... ასეთი იყო ქართველი თავადის ასულის ცხოვრებისა და სიყვარულის ამბავი. როგორც ჩანს, პირველი ლამაზმანის ტიტულმა მას ბედნიერება ვერ მოუტანა...

ნანა ჩარკვიანი