"მხოლოდ მისი ხმის გაგონება მინდა" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ მისი ხმის გაგონება მინდა"

17 წლისა მშობლების რჩევით ცოლად გავყევი კაცს, რომელიც არ მიყვარდა. მწარედ ვინანე. ფეხმძიმე ვიყავი, მისგან რომ წამოვედი. დედაჩემს უნდოდა, ბავშვი

მომეშორებინა, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა. ჩემს მშობლებს ძალიან უჭირდათ. დედა ჩემს გასაგონად ამბობდა, ბავშვის გაზრდას ვერ შევძლებთ, გაშვილება სჯობსო. მე ამის გაფიქრებაც კი მზარავდა, მაგრამ შეწინააღმდეგებას ვერ ვბედავდი.

ერთ საღამოს დედაჩემმა მკერდიდან მომგლიჯა ჩემი პატარა გოგონა და სხვას გაატანა. დედის ბრძანებით, ხელწერილი დავწერე. ვაცხადებდი, ჩემს შვილს აღარასოდეს მოვიკითხავ-მეთქი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ რა მექნა, ცხოვრება მაინც უნდა გამეგრძელებინა დარდითა და წუხილით.

რამდენიმე წლის შემდეგ გავთხოვდი, შემეძინა ვაჟი, მაგრამ სიყრმის შვილზე ფიქრი არ მშორდებოდა. ჩემი გოგონა 1976 წლის 31 ივლისს დაიბადა. მისმა გამზრდელმა კი დაბადების წელი და თარიღი შეუცვალა. მე მისგან არაფერს ვითხოვ, მხოლოდ მინდა, ხანდახან ვნახო, მისი ხმა გავიგონო. ძალიან გთხოვთ, გამომიქვეყნოთ ეს წერილი. დარწმუნებული ვარ, რომ ვინმე გამომეხმაურება და გამაგებინებს ჩემი შვილის ამბავს.

პატივისცემით - ციალა ბ.