ფული, სიყვარული და სავალალო შედეგი... - კვირის პალიტრა

ფული, სიყვარული და სავალალო შედეგი...

ძაღლმა ბედი აპოვნინა

ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი. ახალგაზრდა ცოლი ცოტა ხანში ხვდება, რომ 20-25 წლით უფროს ქმარს ვერაფრით ეგუება და ტოვებს...

35 წლის თენგიზი ერთ-ერთ საწარმოს ხელმძღვანელობდა და ჩინებულადაც. წარმოსადეგი, ჭკვიანი, მდიდარი კაცი სანატრელი სასიძო იყო, მაგრამ საქმეში ჩაფლული ოჯახის შექმნაზე არც ფიქრობდა. თანაც, ცოდვა გამხელილი სჯობს და, როცა იცლიდა, ქალები არ აკლდა.

ერთმა შვილიც გაუჩინა. ბავშვს გვარიც მისცა, პატრონობდა კიდეც, მაგრამ დედამისის ცოლად შერთვას არ აპირებდა. არც ლიანას ჰქონია მეტის პრეტენზია - მისთვის ისიც საკმარისი იყო, რომ საყვარელი მამაკაცისგან შვილი ჰყავდა.

დრო გადიოდა. თენგიზს თმაში ჭაღარა გაერია. წლები თოვლივით ადნებოდა ხელში. 45 წლის იყო, როცა მიხვდა, ოჯახი სჭირდებოდა, ოჯახი და სიყვარული... მაგრამ ოთხი წელი კიდევ ვერ მოიცალა პირადულისთვის, რადგან წარმოებები დაიხურა და ახალი გზა უნდა გამოეძებნა ცხოვრებისთვის. ნიჭიერი იყო და არ გასჭირვებია საქმის დაწყება. თურქეთიდან და ბულგარეთიდან შემოჰქონდა საყოფაცხოვრებო ნივთები და სარეცხი საშუალებები. 51 წლისამ ახლობლის ოჯახში გაიცნო 27 წლით უმცროსი ქეთი. ქეთი გონიერი გოგო იყო, ყველაფერზე ჭკვიანურად მსჯელობდა და თენგიზს ეიმედებოდა, რომ მასთან ბედნიერ ოჯახს შექმნიდა. მისი ვაჟი, გუგა, ორი წლით იყო ქეთიზე უმცროსი, მაგრამ ამაზე აღარც უნდოდა ეფიქრა.

ორი თვის განმავლობაში ქეთის მართლაც საოცრად ლამაზი და რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა თენგიზთან. კაცი არაფერს იშურებდა მისი გულის მოსაგებად, ბოლოს, ათი დღით მეგობართან ერთად გაუშვა პარიზში... ქეთის მეგობარი, ნინი მოხიბლული იყო სასიძოს გულუხვობით, ქეთის არიგებდა, - ასეთი კაცი ჩაგივარდა ხელში და არ დაკარგოო... ქეთის მართლა მოსწონდა თენგიზი, სიამოვნებდა მისი ყურადღება, საჩუქრები, მაგრამ არ ასვენებდა ფიქრი, შემიყვარდება თუ არაო...

პარიზიდან დაბრუნებულს თენგიზმა ცოლობა სთხოვა და ქეთიც დათანხმდა.

ზღაპრული ქორწილი გადაიხადეს და ეგვიპტეში გაემგზავრნენ... იქიდან ჩამოსულ ქეთის ნინიმ სევდა შეატყო. გამოჰკითხა მიზეზი და მანაც არ დაუმალა: მივხვდი, რომ თენგიზს ვერ შევიყვარებ. შეუძლებელი აღმოჩნდა ფულით სიყვარულის ყიდვაო...

ცოლის გულის მოსაგებად თენგიზი სამსახურიდან რომ დაბრუნდებოდა, დაღლილობის მიუხედავად, ცოლთან ერთად კლუბებსა თუ ახალგაზრდულ გასართობ ადგილებში მიდიოდა. ქეთი კარგა ხანს თამაშობდა "კმაყოფილი" ცოლის როლს. სამი წელი გაგრძელდა მათი ცოლქმრობა. ბავშვი არ უჩნდებოდათ. თენგიზს იმდენად უშვილობა არ ადარდებდა, რამდენადაც ის, რომ შეიძლებოდა ქეთი ამის გამო გაშორებოდა. ქეთისთან ლაპარაკი წამოიწყო, - ბავშვი თუ არ შეგვეძინება, ვიშვილოთ და გავზარდოთო... ქეთიმ არც "ჰო" უთხრა და არც "არა". მეორე დღეს, გულის მოსაგებად, თენგიზმა ცოლს საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანა უყიდა, მაგრამ, რაც დრო გადიოდა, მით მეტად იპყრობდა სევდა. ბოლო ხანს თენგიზი მოწყენილობას ატყობდა ცოლს და რას არ აკეთებდა მის გასამხიარულებლად.

ერთ დილას, ფუმფულა ლეკვი მიუყვანა. სანამ თენგო სახლში დაბრუნდებოდა, ქეთი  ლეკვით ერთობოდა, საღამოს კი, ქმარს მოჰკრავდა თუ არა თვალს, მაშინვე მოიღუშებოდა.

ვაკის პარკში მოუხშირა სიარულს, ძაღლს ასეირნებდა ხოლმე. სწორედ იქ გაიცნო ცოტნე, ახალგაზრდა კინოლოგი, ცოტნეს თბილისის ზღვის უბანში დიდეზოიანი სახლი ჰქონდა და იქ ჯიშიან ძაღლებს ზრდიდა. მან თავიდანვე შეამჩნია ლამაზი ქალი, მაგრამ მხოლოდ მესამე შეხვედრისას გამოელაპარაკა. უცებ დაუახლოვდნენ ერთმანეთს; მას შემდეგ, ერთსაც და მეორესაც ჩვევად ექცათ ერთსა და იმავე დროს გასულიყვნენ ვაკის პარკში.

სამთვიანი მეგობრობის მერე ცოტნემ უკვე ყველაფერი იცოდა ქეთის შესახებ. ერთ მშვენიერ დღეს კი ქალს უთხრა: რად გინდა ფული და ქონება, თუ უსიყვარულოდ იცხოვრე, ცოლად გამომყევიო... ერთი კი შეყოყმანდა ქეთი - თენგიზი ვერ გადაიტანს უჩემობასო. კაცს გაეცინა, - მაგის თავმდები მე ვარ, რომ შენს მილიონერ ქმარს არაფერი დაემართებაო... ქეთიმ მხოლოდ აუცილებელი ნივთები წამოიღო ქმრის სახლიდან, მობილური ტელეფონით შეატყობინა თენგიზს: "მეტი აღარ შემიძლია, მივდივარ შენგანო" და იმ საღამოსვე გადაბარგდა ცოტნესთან. მშობლებსაც კი არ შეხმიანებია კარგა ხანს.

არ გამართლდა ცოტნეს ვარაუდი - თენგიზმა ძალიან განიცადა ცოლის წასვლა და ერთი კვირის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბევრმა გაამტყუნა ქეთი, - თუ არ უნდოდა, რას მიჰყვებოდა, ეტყობა, მისი ქონების დაპატრონება უნდოდა, მაგრამ ფეხი არ ჩაუვიდა, თენგიზს ყველაფერი ანდერძით შვილისთვის დაუტოვებიაო... ბევრმაც გაამართლა, - მიხვდა, არ ეცხოვრებოდა ქმართან, თან შვილის ყოლის იმედიც გადაეწურა და რა ექნა ახალგაზრდა ქალსო...

ქეთის დღეს ორი წლის ბიჭი ჰყავს. ბედნიერია, მაგრამ გულში მაინც დიდ ტკივილად დარჩა თენგო, რომელსაც იგი უსაზღვროდ უყვარდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მისი ღიმილი დაემსახურებინა...