"ვაჟკაცი" და "წუნია" - კვირის პალიტრა

"ვაჟკაცი" და "წუნია"

ახლობლები საყვედურობდნენ ნათიას - სადაცაა, 30-ს მიუკაკუნებ. გათხოვდი, არ შეიძლება, ასეთი წუნია იყოო... რა ვქნა, თუკი შესაფერისი არავინ შემხვდაო, - თავს იმართლებდა ნათია, მაგრამ ვინ უსმენდა? მაშინვე აჩუმებდნენ, ამპარტავნობას სწამებდნენ - რას ნიშნავს "შესაფერისი", ვინ ხარ ამისთანაო...

მეგობრებს რომ შვილები წამოეზარდნენ და სკოლაშიც მიიყვანეს, მერე კი შეფიქრიანდა ნათია, - ჯანდაბას ჩემი თავი, რაც არის, არის, შევხვდები იმ კაცს, ასე დაჟინებით რომ მიქებენო და ერთი კვირის თავზე მამიდაშვილთან დაახვედრეს კიდეც სასიძო.

"გარეგნობით არაა დასაწუნი, ელეგანტურიცაა და როგორც მეუბნებიან, საქმიანიც. ვნახოთ, სუფრასთან როგორ გამოიჩენს თავს", - გაიფიქრა ნათიამ და ახალგაცნობილს მომხიბვლელად გაუღიმა. საგანგებოდ დაჯდა ზურაბის პირდაპირ, რომ კარგად შეეთვალიერებინა.

ნათქვამია, ქართული სუფრა ნამდვილი აკადემიაა, სადაც ბევრ რამეს სწავლობს კაციო. ზურაბს არც სიფხიზლეში და არც სიმთვრალეში შეშლია რამე. ლამაზ სადღეგრძელოებს ამბობდა, ხუმრობდა, ქალებს, განსაკუთრებით კი ნათიას, ყურადღებას არ აკლებდა, ბოლოს გიტარაზეც ისე დაამღერა, მთელი სუფრა მოაჯადოვა.

"რას ვუკირკიტებ, მართლაცდა ვინ მგონია ჩემი თავი? რა სჭირს ამ კაცს დასაწუნი? უთუოდ საქმიანია, ოჯახშიც მოსიყვარულე იქნება", - მსჯელობდა გულში.

ამ ოთხსაათიან ლხინში ნაკლი ვერ უპოვა ზურაბს. როცა სტუმრები წამოიშალნენ, მამიდას და მამიდაშვილს გადაულაპარაკა - მართლაც საქები ყოფილაო და... ზურაბმა გაცილება რომ შესთავაზა, უარი აღარ უთქვამს. ვაჟმა ტაქსი დაიქირავა, მოუბოდიშა, - უმანქანოდ წამოვედი, ვიცოდი, დალევა მომიწევდაო. ეს საქციელიც მოეწონა ნათიას.

ზურაბმა მეორედ შეხვედრა სთხოვა. ნათიაც დათანხმდა. კაფეში გვიანობამდე ისხდნენ; მეორე შეხვედრის შემდეგ ნათიამ გადაწყვიტა, ბევრი აღარ ეფიქრა (ასე ახლობლებმა დაარიგეს!) და როგორც კი ვაჟისგან წინადადებას მიიღებდა, ცოლობაზე დათანხმებოდა... და დადგა ის დღეც, როცა ზურაბმა უთხრა: - ნათი, არც შენ ხარ პატარა გოგო და აღარც მე - ბიჭი.

მგონი, დროა, დავქორწინდეთო. თანახმა ვარო, - მორცხვად მიუგო "დიდმა გოგომ" და ხელიხელჩაკიდებულებმა განაგრძეს თბილისის ქუჩებში სეირნობა... ჩაიარეს რუსთაველის პროსპექტი, მერე თავისუფლების მოედანი, აბანოთუბანი და მტკვრის სანაპიროს დაუყვნენ.

ადრიანი გაზაფხული იდგა. უჩვეულოდ თბილოდა, ისეთი ღამე იყო, უკეთესს ვერც ინატრებდი და უცებ, საიდანღაც ორი მაწანწალა ძაღლი გამოჩნდა. ჯერ ორივე შორიდან მიჰყვებოდნენ, მერე ახლოს მივიდნენ და ავად შეუღრინეს ქალ-ვაჟს. ნათია შიშით ვაჟს მიეკრა, მაგრამ ვაი, რომ უკეთესი დღე არც ზურაბს ადგა.

ლამპიონების შუქზე კარგად ჩანდა, მიტკლისფერი რომ დასდებოდა სახეზე. არადა, როგორ არ უნდოდა, მისი სუსტი წერტილი - ძაღლის შიში ნათიას შეემჩნია. ბედი არ გინდა? როგორც იქნა, ცოლობაზე დაითანხმა ეს მომხიბლავი ქალი და ეს საზიზღარი ძაღლები არ გამოტყვრნენ? ფრთხილად განაგრძეს სიარული, ძაღლები უფრო მიუახლოვდნენ, გაუსწორდნენ, მერე გაუსწრეს და წინ გადაეღობნენ. "რა ვქნათ?" - წასჩურჩულა ნათიამ.

ზურაბი ხმას ვერ იღებდა. სიმწრის ოფლმა დაასხა, ხელები გაუცივდა. ნათიამ იფიქრა, ძაღლებს შევაშინებო, მიმოიხედა, ეგებ ქვა ან ჯოხისმაგვარი რამე ვიპოვოო, მაგრამ ჯინაზე ისე იყო იქაურობა გაწმენდილ-გაკრიალებული, კენჭს ვერ ნახავდი. მისი მოძრაობა ძაღლებს არ გამოჰპარვიათ.

ჯერ შეუღრინეს, მერე ისეთი შეუყეფეს, ზურაბმა ერთი კი დაიძახა, "ვაიმეო", ადგილს მოსწყდა და თვალის დახამხამებაში გადაიქროლა ქუჩა... ნათია განცვიფრდა - სანაქებო ვაჟკაცმა ღამე ქუჩაში ძაღლებს შეატოვა და გაქუსლა... არ ვიცი, ძაღლებმა "შეტევაზე გადასვლა" რატომ გადაიფიქრეს, მაგრამ შეტრიალდნენ და ქუჩის მეორე მხარეს გადავიდნენ.

ხომ ხვდებით, როგორ დასრულდებოდა ზურაბისა და ნათიას ურთიერთობა?! მეორე დღეს დარცხვენილმა ვაჟმა ტელეფონით რომ მოიკითხა, ქალმა მოუჭრა, - აღარ დარეკოო.

ამის მერე ნურავინ იკითხავს, რატომ გაიზარდა წუნია ქალების რიცხვი...