"ახლა მეც ველოდები სხვა კაცს..." - კვირის პალიტრა

"ახლა მეც ველოდები სხვა კაცს..."

შინ რომ მოვიდა, ჩანთები უკვე მზად იყო. ვუთხარი, ბარგის ჩატანაში მოგეხმარები-მეთქი. გაგიჟდიო? - იღრიალა. ბავშვები თავისი ოთახიდან გამოცვივდნენ... დღემდე არ ვიცი, რა უთხრეს ჩემმა ბიჭებმა მამას. ოთახში ჩაკეტილები ლაპარაკობდნენ. არასდროს მიცდია იმის გაგება, რაზე ილაპარაკეს. ფაქტი იყო, მოიქცნენ კაცურად და შეურაცხყოფილი დედა დაიცვეს. ოთახიდან თითქმის მკვდარი გუჯა გამოვიდა. ბიჭებს გაფითრებული, მაგრამ გამარჯვებული სახეები ჰქონდათ. მამას ბარგი ჩაატანინეს და მალევე დაბრუნდნენ...

კაცს თუ სხვა ქალი შეუყვარდა, ძალით ურთიერთობის გაგრძელება არ ღირს. ასე ფიქრობს 40 წლის ქალი, რომელიც 15-წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა ქმარს.

ნინა: - მე და გუჯას ისე გვიყვარდა ერთმანეთი, არასოდეს მიფიქრია, რომ მიღალატოს, როგორ მოვიქცევი-მეთქი. როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, კინაღამ გული გამიჩერდა. თან ვინმეს კი არ მოუტანია ენა, ჩემი თვალით ვნახე უცხო ქალთან ჩახვეული. ერთი შეხედვითაც მიხვდებოდი, რომ დიდი ხანია შეხმატკბილებული იყვნენ... არ ვიცი, რა ძალამ შემაკავა, რომ არ ჩავიკეცე.

ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. მერე მივედი, წინ დავუჯექი და ჩემს ქმარს ღიმილით ვუთხარი, - გილოცავ, თანახმა ვარ განქორწინებაზე და შინ რაც დაგრჩა, ის ნივთებიც წაიღე-მეთქი. რა განქორწინება, ხომ კარგად ხარო, - ამოღერღა ჩემმა ქმარმა, რომელიც აშკარად ცდილობდა, თავს მორეოდა და აქეთ დავედანაშაულებინე. მშვიდად ვუთხარი, თუ რამე ღირსება დაგრჩენია, ხმა არ ამოიღო, ბარგს გაგიმზადებ, მოდი და წაიღე-მეთქი, ღიმილით დავემშვიდობე და წამოვედი.

- შვილებს როგორ უთხარით?

- მარტივად. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში ყველაზე მეტად ზარალდება ის, ვისაც უღალატეს, ატყუებდნენ და მისი ნდობით ბოროტად სარგებლობდნენ... ჩემს ქმარს ეგონა, მისი ფუნქცია მხოლოდ კარგი ხელფასი, ცოლ-შვილის აგარაკებზე დასვენება, ჩაცმა-დახურვა და ჭამა-სმა იყო. მე ყველაფერი დავთმე, რათა მას წარმატებისთვის მიეღწია, საკუთარი თავი დავივიწყე, ამიტომ გადავწყვიტე, მოკლე დროში ყველაფერი ამენაზღაურებინა. ბავშვებს ვუთხარი, გუჯა მამათქვენია და უფლება გაქვთ, ურთიერთობა იქონიოთ-მეთქი.

- ბარგი მართლა თვითონ ჩაულაგეთ?

- შინ რომ მოვიდა, ჩანთები უკვე მზად იყო. ვუთხარი, ბარგის ჩატანაში მოგეხმარები-მეთქი. გაგიჟდიო? - იღრიალა. ბავშვები თავისი ოთახიდან გამოცვივდნენ... დღემდე არ ვიცი, რა უთხრეს ჩემმა ბიჭებმა მამას. ოთახში ჩაკეტილები ლაპარაკობდნენ. არასდროს მიცდია იმის გაგება, რაზე ილაპარაკეს. ფაქტი იყო, მოიქცნენ კაცურად და შეურაცხყოფილი დედა დაიცვეს. ოთახიდან თითქმის მკვდარი გუჯა გამოვიდა. ბიჭებს გაფითრებული, მაგრამ გამარჯვებული სახეები ჰქონდათ. მამას ბარგი ჩაატანინეს და მალევე დაბრუნდნენ...

რამდენიმე მძიმე კვირა გადავიტანეთ. არც ისინი მეკითხებოდნენ რამეს და მეც არ ვლაპარაკობდი ამ თემაზე. თან სამსახურს ვეძებდი და ჩემს უბედურ ქმარზე ფიქრისთვის არ მეცალა. საბედნიეროდ, მეგობრების დახმარებით მუშაობა დავიწყე. ბიჭები მამასთან ურთიერთობენ, ერთად დადიან სათევზაოდ, მაგრამ ჩემთან არაფერს ამბობენ...

- არ გიფიქრიათ, რომ იჩქარეთ და შეიძლებოდა ოჯახის გადარჩენა?

- კაცი რომ სხვა ქალს შეიყვარებს, თან გატყუებს და ამ ტყუილით ტკბება, თითიც არ უნდა გაანძრიო მის დასაკავებლად.

- ახლა იმ ქალთან ცხოვრობს?

- არ ვიცი და არც მაინტერესებს. ზოგი ამბობს, ქმარს დავცილდი, მაგრამ მეგობრულად ვცხოვრობთ და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცითო, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, მატყუარა და მოღალატე კაცთან როგორ შეიძლება, ტკბილად და მეგობრულად განაგრძო ურთიერთობა? მე ვერ ვაპატიე ტყუილი. მან ჩემს თვალში ფასი დაკარგა. ახლა მშვიდად ვარ და ველოდები ჩემს მომავალს, რომელიც, შესაძლოა, სხვა კაცსაც დავუკავშირო, თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდება.

სოფო გამრეკელი