ყველაზე მაგარი ცოლი მყავს მსოფლიოში! - კვირის პალიტრა

ყველაზე მაგარი ცოლი მყავს მსოფლიოში!

რედაქციაში წერილი მივიღეთ:

"გამარჯობა, დავიწყებ იმით, რომ ახლახან გავთავისუფლდი პატიმრობიდან. 7 წელი ვიჯექი და კიდევ 6 მქონდა დარჩენილი. თავის დროზე ცოლი ისე მოვიყვანე, რომ სულ 2-ჯერ მყავდა ნანახი.

ეს გრძელი ამბავია და თუ მომეცემა საშუალება, სხვა დროს მოგიყვებით. ალბათ, არც იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ მეუღლე არ მიყვარდა. თუმცა ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. 2 შვილი შეგვეძინა, მივყვებოდით ცხოვრებას მშვიდად, აყალმაყალი და ჩხუბი არ გვქონდა, პატარ-პატარა უსიამოვნებები კი, როგორც ყველა ოჯახში, ხანდახან ჩვენთანაც იჩენდა ხოლმე თავს.

ცოდვა გამხელილი ჯობია და ხანდახან თვალს კი ვაპარებდი სხვა ქალებისკენ და ჩუმ-ჩუმად დავძვრებოდი კიდეც, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა. ოფიციალურად საყვარელი არასოდეს მყოლია. ასე რომ, ჩემს მეუღლეს საეჭვიანოც კი არასოდეს ჰქონია. შესაძლოა, ეჭვიანობდა კიდეც, მაგრამ უემოციო ადამიანია, ვერასოდეს მიხვდები, რა უხარია და რა სწყინს, ბრაზობს თუ არა...

ერთ მშვენიერ დღეს კი დამიჭირეს. ჩემი მეუღლის პირველი ემოცია მაშინ ვნახე და მიუხედავად იმისა, რომ სახლი სამართალდამცველებით იყო სავსე და ხელებზე ბორკილები მედო, გავიფიქრე - თურმე ჰქონია ემოცია-მეთქი. ამის შემდეგ ჩვენი შეხვედრები, რა თქმა უნდა, ციხის კედლებში ხდებოდა. მე თვითონაც გაოცებული ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ მენატრებოდა ხოლმე და ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი.

ამ 8 წლის განმავლობაში, რაც ციხეში გავატარე, ჩემი ცოლი ისე შემიყვარდა, ვერც კი გავიგე. ან უბრალოდ, იქ მივხვდი, რომ მყვარებია. ისე შევიცვალე მის მიმართ, ისეთი ალერსიანი გავხდი, რომ ერთხელ გაოცებულმა მკითხა, - ასეთი გარეთ არ იყავი და აქ რა დაგემართაო?!

თან გადამყვა წლების მანძილზე, მივლიდა, მაკითხავდა, შვილებიც გამიზარდა და მიერთგულა. ახლა ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. იქნებ ღირდა კიდეც ამ წლების იქ გატარება? ვაღმერთებ მანანას, ყველაზე მაგარი ცოლი მყავს მსოფლიოში! აი, ეს მინდოდა მეთქვა. ყველას ბედნიერებას გისურვებთ.

წყარო