"მე თავშესაფარი მივეცი, მან კი ქმარი წამართვა" - კვირის პალიტრა

"მე თავშესაფარი მივეცი, მან კი ქმარი წამართვა"

"მის ერთგულებაში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ ეჭვიანობა აზრადაც არ მომსვლია"

"საკუთარ ქმარს ვეღარ ვცნობდი. ერთ დღესაც ვუთხარი, ნანა სამუდამოდ არ მომიყვანია შინ და სრული უფლება მაქვს, წასვლა შევახსენო-მეთქი. ეს ჩემი სახლია და მე ვწყვეტ, ვინ დარჩეს და ვინ წავიდესო, უხეშად მომიგო მეუღლემ"

სამი შვილის დედა ამბობს, რომ სიკეთის გამო დაისაჯა. ადამიანმა, რომელსაც თავშესაფარი მივეცი, შვილის აღზრდაში ვეხმარებოდი, მადლიერების ნაცვლად სამარე გამითხარაო.

ლიკა: - მესამე შვილზე ვიყავი ორსულად. ერთ დღეს ექიმთან მორიგ გეგმურ შემოწმებაზე მივედი. რიგი იყო. ჩემ გვერდით გოგონა იჯდა. მუცელზე ხელი ედო და ხშირად ამოიოხრებდა ხოლმე. ამოღამებული თვალები, ფერმკრთალი, ლამაზი სახე ჰქონდა. მოკლედ, ასე გავიცანი ნანა. კაცმა, რომლისგანაც შვილს ელოდებოდა, თურმე მიატოვა. სტუდენტი იყო, სოფლიდან მშობლები უგზავნიდნენ ბინის ქირის და საკვების ფულს, მაგრამ მისი ორსულობის ამბავი რომ გაიგეს, გამოუცხადეს, ან აბორტი გაიკეთე, ან თვალით არ დაგვენახოო. კაცს უთქვამს, გააჩინე და გაგაზრდევინებ, ცოლად კი ვერ შეგირთავო. მაგრამ ორ თვეში დაასკვნა, რომ ორსული ქალის შენახვა ძვირი უჯდებოდა და მიუტოვებია. გოგოს სხვა გზა აღარ დარჩა და თავის სარჩენად დამლაგებლად დაუწყია მუშაობა. უზარმაზარი მუცლით დადიოდა და სახლებს ალაგებდა. თურმე სახლების პატრონებს ეცოდებოდათ და იმაზე მეტს აძლევდნენ, ვიდრე სხვას, ექიმთანაც ერთ-ერთ მათგანს მოუყვანია, მაგრამ მუცელი რაც უფრო ეზრდებოდა, შრომაც უჭირდა. ბავშვი რომ გაჩნდება, მერე როგორღა ვიმუშავებ, შვილი ვის დავუტოვოო. ძალიან შემეცოდა. ვუთხარი, გარემონტებული ნახევრადსარდაფი მაქვს და დაგითმობ-მეთქი. ჯერ იუარა, მაგრამ მალევე დამყვა. ასე გაჩნდა ნანა ჩვენს ცხოვრებაში.

- ქმარს არ ჰკითხეთ აზრი, ვიდრე უცხოს შინ მიიყვანდით?

- ვიცოდი, რომ ლევანი უარს არ მეტყოდა. მითხრა კიდეც, კარგად მოქცეულხარო... ჯერ მან იმშობიარა, მერე მე. ერთმანეთს ვეხმარებოდით ბავშვების გაზრდაში, იმედიანად ვიყავი, როცა შინ მისვლა მაგვიანდებოდა, ვიცოდი, რომ ჩემს შვილს კარგად მიხედავდა. ერთ დღეს მითხრა, გადი სამსახურში, ბავშვს და ოჯახს მე მოვუვლიო. ცხადია, ჭკუაში დამიჯდა და გადავაბარე სახლი, შვილები. არაფერი აკლდა. იმასაც ვცდილობდი, ისეთი საქმის კეთება ესწავლა, რითაც თავს გაიტანდა.

ლევანი ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანია. უპატრონო ცხოველსაც თან ჰყვება ხოლმე. ნანასაც ისევე ანებივრებდა, როგორც ჩვენ. მის ერთგულებაში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ ეჭვიანობა აზრადაც არ მომსვლია. გულმა რეჩხი მხოლოდ მას შემდეგ მიყო, რაღაცნაირად რომ გაცივდა ჩემ მიმართ. ჩემს გაკეთებულს ყველაფერს იწუნებდა და ნანას ეძახდა, - მოდი, შენ გამიკეთეო.

- ასე დიდხანს გრძელდებოდა?

- არა. ვერ ავიტანდი ასეთ დამცირებას და ამიტომაც ნანას გამოვუცხადე, ვფიქრობ, უკვე შეგიძლია დამოუკიდებლად იცხოვრო და ჩემი იმედიც გქონდეს-მეთქი. იმ დროისთვის ბავშვები უკვე სამი წლის ხდებოდნენ. ხმა არ ამოუღია. ორი დღის შემდეგ სამსახურიდან რომ დავბრუნდი, ლევანმა მითხრა, - სასტიკად იქცევი, ადამიანი ჯერ შეიფარე, მომავლის იმედი მიეცი და ახლა ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ართმევო. გავოცდი, საკუთარ ქმარს ვერ ვცნობდი.

- ნანა სად იყო ამ დროს?

- დაბლა, თავის თავშესაფარში. ლევანს ვუთხარი, რომ ნანა სამუდამოდ არ მომიყვანია შინ და სრული უფლება მაქვს, წასვლა შევახსენო-მეთქი. ეს ჩემი სახლია და მე ვწყვეტ, ვინ დარჩეს და ვინ წავიდესო. კულმინაცია იყო ნანას ამოვარდნა. ლევანს ჩაეხუტა, - გთხოვ, ჩემ გამო ნერვებს ნუ იშლიო. მივხვდი, ყველაფერი ხელიდან მეცლებოდა... წამოვედით მე და ჩემი შვილები, რომლებსაც უზომოდ ატკინა გული მამამ - ის ახლა სხვის შვილს უვლის და თავისები არც ახსენდება.

- რამდენი ხანია, დაშორდით?

- წელიწად-ნახევარია. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მოუკითხავს შვილები. მეზობლებისგან გავიგე, რომ ნანა ჩემს ბინაში გადაბარგდა. ამის შემდეგ ადამიანებს აღარ ვენდობი. სულ მგონია, სიკეთეს გავუკეთებ და ბოროტებით დამიბრუნებენ. შვილები მეცოდება, რომელთაც ვერ გაიგეს, მამამ რატომ თქვა უარი მათზე.

სოფო გამრეკელი