სასტიკი ქალები - კვირის პალიტრა

სასტიკი ქალები

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ მართალია, ქალები მამაკაცებზე იშვიათად ხდებიან სერიული მკვლელები, მაგრამ განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებენ.

ირმა გრეზე, 1923-1945 წწ.

ჰიტლერულ გერმანიაში ქალთა საკონცენტრაციო ბანაკების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ზედამხედველი ტყვე ქალებს სასიკვდილოდ სცემდა და გასართობად ტყვიებს ესროდა. თავის ძაღლებს აშიმშილებდა, რათა ტყვეებისთვის მიესია. ის პირადად არჩევდა ხალხს გაზის კამერაში გასაგზავნად. გრეზეს მძიმე ჩექმები ეცვა და პისტოლეტთან ერთად დაწნულ მათრახსაც ატარებდა. მას ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

ბელ ჰანესი, 1859-1931 წ.წ.

ნორვეგიელი წარმოშობის ამერიკელი ქალი ყველაზე ცნობილ მკვლელ ქალად იქცა აშშ-ის ისტორიაში. მან მოკლა თავისი ორივე ქმარი, ქალიშვილები, რამდენიმე თაყვანისმცემელი და საყვარელი. ბელის უმთავრესი მიზანი სიცოცხლის დაზღვევის თანხების მიღება იყო. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჰანესმა 30-მდე კაცი მოკლა.

მერი ენ კოტონი, 1832-1873 წწ.

მერიმ დარიშხანით მოწამლა 20-მდე კაცი. პოლიცია მისით მაშინ დაინტერესდა, როცა გაირკვა, რომ კოტონის ყველა უახლოესი ნათესავი ერთი და იმავე სენით - მუცლის შებერილობით იხოცებოდა. ბოროტმოქმედმა მოკლა რამდენიმე ქმარი, შვილები და დედაც კი. ჩამოხრჩობისას ჯალათმა შეგნებულად გააჭიანურა მისი წამება - მას მსჯავრდადებულისთვის ფეხქვემოთ საყრდენის გამოცლა "დაავიწყდა".

ელზა კოხი, 1906-1967 წწ.

ელზა კოხი, რომელიც "ბუხენვალდელი ალქაჯის" სახელით არის ცნობილი, საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის ცოლი იყო. ის აწამებდა ტყვეებს, მათრახით სცემდა და ხოცავდა. კოხს საზარელი "კოლექცია" დარჩა: ადამიანის ტყავის მოსვირინგებული ნაკუწები. ელზა კოხმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1967 წელს, ციხეში.

იზაბელა კასტილიელი 1451-1504.

იზაბელა კასტილიელი და მისი ქმარი ფერდინანდ არაგონელი ესპანეთის გაერთიანებისა და ძლიერი სახელმწიფოს შექმნის სათავეებთან იდგნენ: დინასტიურმა ქორწინებამ კასტილია და არაგონი ერთ სახელმწიფოდ, ესპანეთად გააერთიანა. დედოფალი ასევე ცნობილია როგორც ქრისტეფორე კოლუმბის მფარველი. იზაბელამ სახელი გაითქვა თავისი სისასტიკით არაკათოლიკეებისადმი: ტომას ტორკვემადა მან დანიშნა სავალალოდ ცნობილი ესპანური ინკვიზიციის პირველ დიდ ინკვიზიტორად, რითაც სათავე დაუდო რელიგიური წმენდის ეპოქას.

ინკვიზიცია დევნიდა ერეტიკოსებს, მავრებს, იუდეველებს. კასტილიელის მმართველობისას ესპანეთი დატოვა ებრაელთა და არაბთა უმრავლესობამ.