"შვილიშვილმა მითხრა, მამა დედიკოს უყვიროდა და იატაკზე არტყმევინებდა თავსო. როგორი მოსასმენია ეს?" - კვირის პალიტრა

"შვილიშვილმა მითხრა, მამა დედიკოს უყვიროდა და იატაკზე არტყმევინებდა თავსო. როგორი მოსასმენია ეს?"

ჭკუიდან გადასული უმოწყალოდ სცემდა ქალს

ოჯახური ძალადობა გახშირდა. როცა დაზარალებული ქალები სამართალდამცველებს მიმართავენ, სამწუხაროდ, ისინი ხშირად ასეთი პასუხით ისტუმრებენ მომჩივნებს: - კინკლაობის გამო არ ღირს პოლიციასა და სასამართლოში სირბილი. ხომ გაგიგონიათ, - ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონა. დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნებაო. არადა, ზოგჯერ ოჯახური კონფლიქტი გამოუსწორებელი სავალალო შედეგით მთავრდება.

რამდენიმე დღის წინ რედაქციაში შავოსანი ქალბატონი მესტუმრა. შარშანწინ 32 წლის ქალიშვილი გარდასცვლია თავის ტვინის სიმსივნით. დიაგნოზის დასმამდე ახალგაზრდა ქალი უკვე გაყრილი იყო ქმართან, ვისთანაც 8 წელიწადი ძაღლუმადურად იცხოვრა... თურმე ორჯერ უჩივლა ქმარს უბნის პოლიციაში, მცემსო, მაგრამ, ორჯერვე ზუსტად ისეთი პასუხი მოისმინა, წერილის დასაწყისში რომ მოგახსენეთ. ბოლოს, როცა გონარეულ კაცს ცოლი კინაღამ შემოაკვდა, სოფო მიხვდა, ამ საქმეს აღარაფერი ეშველებოდა, ქმარი მიატოვა და სასამართლოში გაყრაზეც შეიტანა განცხადება.

ცოტა ხანში თავის საშინელი ტკივილები დაეწყო. დედას უმალავდა, თორემ თავად რა დაავიწყებდა, წიხლები როგორ ურტყა ქმარმა. მშობლებმა და ძმამ ცა და დედამიწა შეძრეს მის გადასარჩენად, გერმანიაში უნდა წაეყვანათ სამკურნალოდ, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა... მშობლებმა იცოდნენ, რაც და ვინც იყო მათი შვილის სიკვდილში დამნაშავე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ჩივილს რაღა აზრი ჰქონდა?

...მეგობრის დაბადების დღეზე დანახვისთანავე მოეწონათ ერთმანეთი ზაზას და სოფოს. გოგონა მაშინ 21 წლის იყო, ვაჟი - 23-ის. რამდენიმე დღეში ზაზამ სოფოს უთხრა: იმ კვირაში ხელის სათხოვნელად მოვალთ თქვენთან; თუ უარი მივიღე, იცოდე, მოგიტაცებო. გაოცდა სოფო. მასაც მოსწონდა ზაზა, მაგრამ ასეთ "შემოტევას" ნამდვილად არ ელოდა. არ ამხელდა, თორემ გულში აღაფრთოვანებდა ბიჭის სითამამე. მშობლები გააფრთხილა, ზაზა ხელის სათხოვნელად მოსვლას აპირებს. მე მიყვარს იგი და თანახმა ვარ, ცოლად გავყვეო. დაფაცურდნენ სოფოს მშობლებიც, ჩინებულად დახვდნენ სასიძოს. ქორწილი ერთ თვეში გადაიხადეს.

ზაზამ თავისი სადისტური საქციელი მოგვიანებით გამოავლინა... ბავშვი ორი წლის მერე შეეძინათ. ამ ორი წლის განმავლობაშიც როგორღაც თავს იჭერდა ზაზა, თუმცა რამდენჯერმე ეჭვიანობის ისეთი სცენები გაუმართა ცოლს, ცხარე ცრემლით ატირა. სოფო თავისიანებს არაფერს უმხელდა, არ უნდოდა, ენერვიულათ ან რაიმე უსიამოვნება ჩამოვარდნილიყო ოჯახებს შორის... გოგონას დაბადებამ დიდი სიხარული მოიტანა. მერე ბიჭი გაჩნდა.

თითქოს შვილების შეძენას უნდა გამოეკეთებინა ზაზას ბუნება, პირიქით კი მოხდა. ბავშვები უყვარდა, ეფერებოდა, ზრუნავდა მათზე, მაგრამ სოფოს სასტიკად ეპყრობოდა.  სოფო კი ითმენდა, რადგან მეორე დღეს, გულგაგრილებული და გონსმოსული ზაზა პატიებას სთხოვდა, - ხომ იცი, ნერვები მაქვს აშლილი და ყველაზე ახლობელზე ვიყრი ჯავრსო... დრო გადიოდა და ყველაფერი თანდათან უარესდებოდა. ძალიან გვიან მიხვდა სოფო, რომ მისი ქმარი ნარკოტიკის მომხმარებელი იყო.

ერთი უმიზეზო ჩხუბის მერე სოფომ უთხრა, - თუ ჭკუაზე არ მოხვალ, გაგშორდებიო. ამის გამო იმ ღამეს ისე სცემა ცოლს, რომ მერე სოფო დიდხანს მალავდა დალილავებულ ადგილებს. სოფო მეგობართან ერთად მივიდა უბნის ინსპექტორთან და თავისი გასაჭირი შესჩივლა, ისიც ოჯახში მივიდა და ზაზას ხელწერილი დააწერინა, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდებოდა, მაგრამ კაცი მშვიდად მხოლოდ ორი კვირა იყო, მერე ისევ ძველებურად აგრძელებდა. მალე სოფოს მშობლებმაც გაიგეს სიძის "ნევროზის" შესახებ და ქალიშვილთან მივიდნენ.

ზაზა ნათესავთან გაიძურწა. მისმა მშობლებმა კი აღშფოთებულ მძახლებს ბოდიში უხადეს შვილის საქციელის გამო და ყველაფერი ზაზას ნევროზს გადააბრალეს... ხანგრძლივი ლაპარაკის შემდეგ სოფოს მამამ თქვა: ჩემი შვილის ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვერ შევწირავ სიძის ნერვებს, ამიტომ სოფოს და შვილიშვილების წაყვანა მინდაო... მაშინ სოფომ უარი უთხრა მამას, - ამ ერთხელ ვაპატიებო. თუმცა გამოხდა ხანი და ერთხელაც ჩხუბის შემდეგ ცხვირპირდასივებული სოფო შვილებთან ერთად მშობლებთან დაბრუნდა.

დოდო (სოფოს დედა): - კინაღამ გავგიჟდით, შვილი ასეთ დღეში რომ დავინახეთ. ჩემი მეუღლე მაშინვე პოლიციაში წავიდა. იმათ უთხრეს, - ნუ ერევით ახალგაზრდების ურთიერთობაში, შერიგდებიან და თქვენზე ნაწყენი დარჩებაო, მაგრამ როცა ძალით წამოიყვანა სოფოს სანახავად ორი პოლიციელი, ისინიც კი შეშფოთდნენ. სიძე ისევ დაიმალა და ორი თვე არც გამოჩენილა. ამასობაში სოფოს მოუშუშდა ჩალურჯებული ადგილები. ზაზამ იფიქრა, სოფოს ბრაზი განელებული ექნებაო და დაურეკა, - ოღონდ მაპატიე და ამიერიდან ხმის ამომღები აღარ ვარო.

მეშინოდა, რომ ჩემი შვილი ისევ არ დათანხმებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ზაზა ახლოსაც აღარ გაიკარა. ეგ კი უთხრა, - აღარ გიჩივლებ, ოღონდ განქორწინება ოფიციალურად გავაფორმოთო. მართლაც გაშორდნენ და თავისუფლად ამოვისუნთქე, მაგრამ მალე სოფოს თავის საშინელი ტკივილები დაეწყო და ზაზასთვის ვიღას ეცალა. ვფიქრობ, რომ ის სიმსივნური წარმონაქმნი ბოლო ჩხუბის შედეგია.

უფროსმა შვილიშვილმა მითხრა, - მამა დედიკოს უყვიროდა და იატაკზე არტყმევინებდა თავსო. როგორი მოსასმენია ეს? ახლობლებს რომ გავუზიარე ჩემი ეჭვი, მითხრეს, - არავინ დაგიჯერებს ამ ბრალდებას და ტყუილად ნუ დაზაფრავ ბავშვებს, ნუ გაქექავ წარსულსო... როგორი დასავიწყებელია წარსული, რომელსაც ეს უბედურება მოჰყვა? ჩემი შვილი აღარაა, სიძე კი სად ნებივრობს, ვინ იცის - საქართველოში არ არის.

შვილის დაკრძალვის მერე მითხრეს, ზაზას თავის მოკვლა უნდოდა, სოფოს სიკვდილის ამბავი რომ გაიგოო. ჩემს შვილს რამდენჯერმე ვუსაყვედურე, - რატომ მალავდი, შვილო, რა გაჭირვება გქონდა, რომ მასთან იყავი-მეთქი.

მიყვარდა და სულ მეიმედებოდა, რომ გამოსწორდებოდაო... არ ვიცი, როგორღა გავაგრძელო ცხოვრება. ვარსებობ იმისთვის, რომ მისი შვილები ფეხზე დავაყენო...