როცა დახეიბრდა, მაშინ მიატოვა - კვირის პალიტრა

როცა დახეიბრდა, მაშინ მიატოვა

"რამდენიმე ნომრის წინ თქვენს რუბრიკაში წავიკითხე წერილი "სიყვარულით დამარცხებული სენი" და გულწრფელად ვამბობ, შემშურდა იმ ბიჭის და მისი ახლობლების

- მას ღირსეული ადამიანი შეხვდა, სასიკვდილოდ განწირულს, პატარა გოგო გვერდში დაუდგა, სიყვარული შეჰფიცა, ვინ აღარ შეაწუხა, რომ მისთვის სამკურნალო თანხა შეეგროვებინა. ჩემი ძმა კი დახეიბრებისთანავე მიატოვა ცოლმა...

როცა ჩემს ოჯახში ეს უბედურება მოხდა (2005 წლის ოქტომბერში), მე სამუშაოდ საბერძნეთში გახლდით. ცალკე ჩემს ქმარ-შვილს ვუგზავნიდი ფულს, ცალკე - ძმას და მშობლებს. გიგა ცოლ-შვილთან ერთად მშობლებთან ცხოვრობდა. ჩემი ძმა ეკონომისტია, სამსახური ჰქონდა, მაგრამ მისი ხელფასით ეკა არასოდეს ყოფილა კმაყოფილი. არადა, ჩვენი მშობლები არც ჭამა-სმაზე ახარჯვინებდნენ ფულს და არც კომუნალურ გადასახადებზე აწუხებდნენ... მაინც არ იქნა და ვერ მოვიგეთ ამ გოგოს გული. ის ავარია და გიგას დახეიბრება საბაბი გახდა ოჯახის მიტოვებისა.

როცა შემატყობინეს, რომ გიგა ავარიაში მოჰყვაო, მაშინვე რომ წამოვსულიყავი, ყველაფერს დავკარგავდი. რაც მთავარია, გიგას ვერაფრით დავეხმარებოდი. ჩემს იქაურ ქართველ მეგობრებს ვთხოვე, ადრე მოეცათ ლატარიის ფული (იქ ქალები ხშირად ვთამაშობთ ლატარიას და ამ ხერხით სოლიდურ თანხას ვაგროვებთ). ულაპარაკოდ დამითმეს რიგი და 5.000 ევრო მაშინვე გამოვგზავნე. ექიმებმა მართლაც ყველაფერი გააკეთეს გიგას გადასარჩენად. რამდენიმე თვის შემდეგ კი გავიგე, რომ ეკამ გიგა მიატოვა. ძალიან განვიცადე. ვიცოდი, როგორ უყვარდა ჩემს ძმას ცოლი.

ძალიან ადრე შექმნეს ოჯახი. მე უკვე გათხოვილი ვიყავი, მაგრამ ცალი ხელი მათკენ მქონდა... ეკა რომ შეძლებული ოჯახის შვილი ყოფილიყო, ვიფიქრებდი, ცოტა ნაკლებ პირობებს ვერ შეეგუა-მეთქი, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მის მშობლებს ყოველთვის ძალიან უჭირდათ და რაღა ჩვენთან გაუჩნდა პრეტენზიები... არადა, რაც ყოველდღიურად ადამიანს სჭირდება, მას ყოველთვის ჰქონდა, არც ზამთარ-ზაფხულ დასვენება დაჰკლებია და არც ჩაცმა-დახურვა...

მე ერთი წელია, რაც "მწვანე ბარათი" მაქვს და ხშირად ჩამოვდივარ თბილისში. ახლაც აქ ვარ, თუმცა, ათენშიც სისტემატურად ვყიდულობ "კვირის პალიტრას"... ჩემი რძალყოფილი ახლა სხვისი ცოლია. კიდევ კარგი, სინდისი ეყო და შვილს მამასთან ხშირად უშვებს...

ამ უბედურების შემდეგ მივხვდი, ამქვეყნად მთავარი ჯანმრთელობა და სიყვარულის უნარი ყოფილა. ეს ხომ ის სულიერი საზრდოა, ურომლისოდაც ადამიანი ცოცხლად კვდება.

თეა მ."