მიუხედავად ჩემი განსაცდელებისა, ბედნიერი ვარ, მას რომ შევხვდი
27-06-2016
მიუხედავად ჩემი განსაცდელებისა, ბედნიერი ვარ, მას რომ შევხვდი
"ნიკა ცდილობდა თავიდან მოვეშორებინე, უხეშად მელაპარაკებოდა, არ უნდოდა, რომ მასთან დავრჩენილიყავი. მე კი სულ მასზე ვფიქრობდი. საავადმყოფოდან რომ გაწერეს, შინ მივადექი, ჯერ გაოცდა, მერე გაბრაზდა, - ჩემთვის არ უნდა დაიტანჯო, ინვალიდი ტვირთად ვერ დაგაწვებიო"

ამბობენ, კაცი ბედს და სიკვდილს ვერ გაექცევაო. ნიკას და სალომეს ამბავი რომ მოვისმინე, მეც ასე ვიფიქრე. ნიკა 28 წლის არის. შეზღუდული შესაძლებლობების გამო ეტლით გადაადგილდება, მაგრამ იმედოვნებს, რომ მალე დადგება ფეხზე - სიყვარული შემაძლებინებს ინვალიდის ეტლიდან
წამოდგომას. მე და სალომემ ერთად უნდა ვიაროთ, ქვეყნიერება უნდა მოვინახულოთო.

- როგორ გაიცანი სალომე?

- იმის გამო, რომ მატერიალურად ძალიან მიჭირდა, სამსახურის დამთავრების შემდეგ მშენებლობებზე ვმუშაობდი. ასე მოვხვდი ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში, სადაც მეპატრონე შენობას აფართოებდა. ერთხელ, ღამით მუშაობას რომ მოვრჩი, იმ ცენტრში მდებარე მარკეტში
შევიარე, დახლიდან პროდუქტები ავიღე და სალაროსთან რიგში ჩავდექი. სალომე მოლარე იყო. მაშინვე შევამჩნიე. იმ სავაჭრო ცენტრში სამშენებლო კომპანიამ კიდევ ორი კვირა დაჰყო. სალომესაც ყოველ საღამოს შორიდან ვუთვალთვალებდი და მისი სიყვარულის ცეცხლიც მეკიდებოდა.

ორი კვირის შემდეგ სხვა სამუშაოზე გადავედით. იმ სავაჭრო ცენტრისგან შორს. მიუხედავად ამისა, მუშაობას მოვრჩი თუ არა, სალომესკენ გავწიე. არ დამხვდა, არც მეორე დღეს დამხვდა, მესამე დღესაც ამაოდ მივედი. მერე მივხვდი, რომ ისვენებდა და ორი კვირის თავზე მივედი. ჩვეულებრივად სალაროსთან იდგა, დაღლილი, თვალებამოწითლებული.

სალომე: - ნიკა ყოველ საღამოს მოდიოდა და ისე მომჩერებოდა, რომ თავიდან მეშინოდა კიდეც, მერე შევეჩვიე და მის გამოჩენას გულისფანცქალით ველოდი.

- როდის დაუახლოვდით ერთმანეთს?

- ერთი წლის წინ და ეს უცნაურად მოხდა.

ნიკა: - სალომე ხვდებოდა, რაც მჭირდა, მაგრამ თქმას ვერ ვბედავდი. მერე დიდი უბედურება დამატყდა თავს - ავტომობილი დამეჯახა, უმძიმესი მოტეხილობებით მიმიყვანეს საავადმყოფოში. არაფერი მახსოვს. ერთადერთი, გონზე რომ მოვედი, ჩემს წინ სალომე იდგა, თეთრი ხალათი ეცვა და იღიმოდა.

სალომე: - ორი კვირა მარკეტში ვმუშაობდი, ორი კვირა - სანიტრად კლინიკაში. ნიკა რომ გაუჩინარდა, შევშფოთდი, მაგრამ სად უნდა მომეკითხა, მისი სახელიც კი არ ვიცოდი. ერთ დღესაც კლინიკაში რომ ვმორიგეობდი, პალატაში შესულმა თაბაშირში ჩასმული ნიკა აღმოვაჩინე.

- ხომ არ შეგეშინდა, როდესაც ნიკას უთხრეს, შესაძლოა, ვერ გაიაროო.

- ნიკა ცდილობდა თავიდან მოვეშორებინე, უხეშად მელაპარაკებოდა, არ უნდოდა მასთან რომ დავრჩენილიყავი. მე კი სულ მასზე ვფიქრობდი. რომ გაწერეს, შინ მივადექი, ჯერ გაოცდა, მერე თითქოს გაბრაზდა, - ჩემთვის არ უნდა დაიტანჯო. ინვალიდი ტვირთად ვერ დაგაწვებიო. საბედნიეროდ, ძალიან ჯიუტი ვარ. იმისთვის, რომ ფეხზე გავლა შეძლოს, მაღაზიაში მუშაობას თავი დავანებე და მთელი ორი კვირა ყოველდღე ვცდილობ, გაიაროს რეაბილიტაციის პროცესი, რომ ფეხზე დადგეს.

- მშობლები ხომ არ შეგწინააღმდეგებიან?

- არა. პირიქით, ჩვენი გულშემატკივრები არიან.

ნიკა: - როდესაც სალომეს ვუხსნიდი, ჩვენი ერთად ცხოვრება ტანჯვა იქნება-მეთქი, მან ისეთი რამ მითხრა, რაზეც პასუხი ვერ გავეცი: ცოლად რომ ფეხზე მოსიარულეს გამოგყოლოდი და მერე დაინვალიდებულიყავი, უნდა მიმეტოვებინეო? მიუხედავად ჩემი განსაცდელებისა, ბედნიერი ვარ, მას რომ შევხვდი.

სოფო გამრეკელი
ელზა
26 ივლისი 2017 20:07
Ai namdvili siyvaruli.gmertma bednierebi gamyofot
niniko
10 სექტემბერი 2016 20:55
მართალია,როცა გიყვარს გიჭირს მიტოვება როგორიც არ უნდა იყოს..ესაა სიყვარული,თანადგომა
ლია
22 აგვისტო 2016 20:04
გაიხარე სალომე საყვარელო.ძალიან კარგი გოგო ხარ,სულით მდიდარი და ლამაზი.ბედნიერია ნიკა შენნაირი ადამიანი რომ ჰყავს გვერდით!თქვენი სიყვარული ყველაფერს შეგაძლებინებთ და ნიკაც მალე დადგება ფეხზე.ბედნიერებას გისურვებთ საყვარლებოოოოო!!!არ გიცნობთ,მაგრამ უკვე ძალიან მიყვარხართ ორივე!

რედაქტორის რჩევით