"დედაჩემს ისე უნდოდა ქორწინების ჩაშლა, რომ საწამლავიც კი დალია" - კვირის პალიტრა

"დედაჩემს ისე უნდოდა ქორწინების ჩაშლა, რომ საწამლავიც კი დალია"

"დედაჩემს საავადმყოფოში მივაკითხეთ და ვუთხარი, -ეს ქალი უკვე ჩემი ცოლია და თუ თავის მოკვლას ისევ დააპირებ, აზრი არა აქვს-მეთქი"

ამბობენ, ასაკით უფროსი ცოლი ერთგვარ მოდად იქცაო. გიორგი 28 წლის არის, მეუღლე 10 წლით უფროსია. ამბობს, ოჯახში ძალიან დიდი უსიამოვნება შემხვდა, როდესაც ვთქვი, მარიტას ცოლად ვირთავო.

გიორგი: -დედაჩემს ისე უნდოდა ამ ქორწინების ჩაშლა, რომ უკიდურესი ნაბიჯი გადადგა, საწამლავი დალია. ძლივს გადავარჩინეთ. მზად იყო მომკვდარიყო და ასე გაეჩინა უზარმაზარი უფსკრული ჩემსა და იმ ქალს შორის, რომელიც უზომოდ მიყვარს.

მარიტამ ეს ამბავი რომ გაიგო, შეშინდა, -არ მინდა დედაშენის მკვლელი მერქვასო. ამ სიტყვების გაგონებაზე კინაღამ გავგიჟდი, მივხვდი, რომ დედაჩემი ახლოს იყო მიზანთან და მარიტას დავკარგავდი. ამიტომაც ვუთხარი, წამოდი და ახლავე მოვაწეროთ ხელი-მეთქი. გამიძალიანდა, მაგრამ დავიყოლიე. მერე დედაჩემს საავადმყოფოში მივაკითხეთ და ვუთხარი, -ეს ქალი უკვე ჩემი ცოლია და თუ თავის მოკვლას ისევ დააპირებ, აზრი არა აქვს-მეთქი.

- შენი ტოლები მიიჩნევენ, რომ უფროსი ქალის ცოლად შერთვა თქვენი თაობის მოდაა.

- სისულელეა. როცა კაცი ქალზე ბევრად უფროსია, ოჯახი ხშირად ინგრევა. თავდაჯერებული ქალი კი კაცისთვის სიმშვიდის გარანტიაა. კაცები როცა პატარა გოგონებს ან ქარაფშუტა ქალებს ირთავენ, სპონტანურად ქმნიან ოჯახებს, რომელიც დიდხანს ვერ ძლებს და სანამ ძლებს, ჩხუბი და აყალმაყალი ისმის მათი სახლიდან. ჩემი ცოლიც პირველად ძალიან ახალგაზრდა გათხოვდა, შვილიც გააჩინა, მშობლები ბევრს ცდილობდნენ, დახმარებოდნენ, ოჯახი შეენარჩუნებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

- განათხოვარი, ასაკით უფროსი, თანაც შვილიანი, ქართველი კაცებისთვის თითქმის საშინელებასთან ასოცირდება.

- რატომ უნდა ვიფიქროთ სტერეოტიპულად? ყველა ადამიანი ერთნაირია? მარიტა სასიამოვნო ქალია. ის, რომ გათხოვილი იყო და დიდი შვილიც ჰყავს, სულ არ მიქმნის პრობლემას. მის შვილთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ისევე, როგორც მარიტას მშობლებთან, ძმასთან, ნათესავებთან ან მეგობრებთან.

- თქვენი მეგობრებისგან თუ გიგრძნიათ უხერხული დამოკიდებულება იმის გამო, რომ ასაკით უფროსი ქალი აირჩიეთ?

-ისინი, ვინც ამას მაგრძნობინებდა, ჩემი მეგობრები ვეღარ იქნებოდნენ. სხვათა შორის, ჩემს ორ მეგობარსაც თავისზე ასაკით უფროსი ცოლები ჰყავთ.

- იმათაც შეეწინააღმდეგა ოჯახი?

-ორივეს. პირველად მე შევირთე მარიტა და მერე ისინი დაქორწინდნენ. ამიტომ მათი დედები კარგა ხანს ვერ მიტანდნენ, ამბობდნენ, ჩვენი შვილები აცდუნაო.

- რამდენი ხანია დაქორწინებული ხართ?

-სამი წელია. შვილიც გვყავს. ბედნიერი ქმარი და მამა ვარ, არ მაინტერესებს ჩემს პირად ცხოვრებაზე ოჯახის და მით უფრო საზოგადოების აზრი.

სამწუხაროდ, დედების დიდი ნაწილი არაჯანსაღად უდგება შვილების გადაწყვეტილებებს. შვილი სრულწლოვანი რომ ხდება, თავისი ცხოვრების გზით უნდა გაუშვა და თუ რჩევას არ გთხოვს, არ უნდა ჩაერიო. მხოლოდ თავის გზაზე მდგომი კაცი იზრდება და ვითარდება. დედის კალთას გამოკერებული 50 წლის ბავშვები კი ისე მიდიან ამქვეყნიდან, რომ პასუხისმგებლობის, ქმრობის, მამობის და გნებავთ, შვილობის არსიც კი არ ესმით.

სოფო გამრეკელი