"ანჯელინა ჯოლისა და ქრისტინა აგილერას ჩემი შექმნილი კორსეტები აქვთ"
25-07-2016
"ანჯელინა ჯოლისა და ქრისტინა აგილერას ჩემი შექმნილი კორსეტები აქვთ"
"ჟურნალ "ვოგში" მოხვედრა ყველა ხელოვანისთვის დიდი პატივია. ჩემი ნამუშევრები ბრიტანეთის "ვოგის" სამ ნომერში გამოქვეყნდა"

"ინტერნეტში, ჩემს გვერდზე დავდე თუ არა სუნამოს შესახებ ინფორმაცია, მაშინვე­ დამიკავშირდნენ ჟურნალ "ვოგიდან" და შემომთავაზეს, რომ ჟურნალში შეეტანათ. დავთანხმდი და ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს", - გერმანიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი ეკა ფერაძე თავის წარმატებაზე გვესაუბრა.

- თავდაპირველად ბრიტანეთის "ვოგის" წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, ჩემი ნახატები მათ ჟურნალში განთავსებულიყო და სამ ნომერში გამოქვეყნდა... ამ ჟურნალში მოხვედრა კი ყველა ხელოვანისთვის დიდი
პატივია. შემდეგ ყველა ნამუშევარი ამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა. ჩემს ნამუშევრებს ევროპის გალერეებში გარკვეული ფასი ადევს და უფლება არა მაქვს, ისე დაბალ ფასად გავყიდო, როგორც საქართველოში ვყიდი.

- "ვოგთან" თანამშრომლობას ისევ აგრძელებთ?

- დიახ... გაიგეს, სუნამო რომ გამოვუშვი და სურთ, ჟურნალში შეიტანონ. ბავშვობიდან სულ მაინტერესებდა, როგორ იქმნებოდა
ფრჩხილის ლაქი და სუნ­ამო... ერთხელაც ვიფიქრე, თავად შემექმნა­ და სასიამოვნო სურნელთან ერთად ხელოვნების ნიმუშიც ყოფილიყო. ბოთლის გასაფორმებლად ჩემი ერთ-ერთი სილუეტი ამოვარჩიე... გერმანიაში არის დაწესებულება, სადაც შეგიძლია ჩაეწერო და სუნამო შექმნა... მივედი და ყვავილების ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდი. მე რა შემადგენლობაც ავირჩიე, ნაკლებ ალკოჰოლსა და დიდი რაოდენობით ზეთს შეიცავს. ყველას ვაფრთხილებ, რომ სამოსზე­ არ მიიპკურონ, კანზე კი დაახლოებით 24 საათი რჩება. მას "ჯადოსნური ღამე" ვუწოდე.

- ცოტა უკან დავბრუნდეთ... მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრეთ...

- საქართველოდან 19 წლისა წამოვედი მეუღლესა და შვილებთან ერთად და ბერლინში დავსახლდით. 19 წლისას უკვე ორი შვილი მყავდა. რთული პერიოდი გავიარეთ, უცხო ქვეყანაში წარმატებაც უცებ არ მოდის, წლები სჭირდება. მე და ჩემი მეუღლე 26 წელია, რაც ერთად ვართ და ყველა საქმეს ერთად ვუძღვებით.­ ოთხი ვაჟი გვყავს და თავს ბედნიერად ვგრძნობთ.­ გერმანიას უდიდეს პატივს ვცემ, გერმანელები მშრომელი ხალხია და ამიტომაც არის აქ ცხოვრების მაღალი დონე.

- 4000-ზე მეტი ნახატი გაქვთ შექმნილი...

- 15 წლის რომ გავხდი, უკვე შეიძლებოდა ჩემი ნამუშევრების გამოფენაზე გატანა. მათგან ზოგი გაყიდულია, ზოგიც გაჩუქებული, გალერეებშიც არის გამოფენილი... როგორც კი დროს ვიხელთებ, მაშინვე ხატვას ვიწყებ. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი... დროს არასოდეს ვკარგავ. ვცდილობ, ყურადღება არავის დავაკლო. უნდა დააფასო დრო და ყველაფერს მოასწრებ.

- თქვენი ნამუშევრები, ალბათ, მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს აქვთ...

- როდესაც ჩემი შექმნილი კორსეტების გამოფენა იყო, ჩემმა მენეჯერმა საჩუქრად გადასცა ანჯელინა ჯოლისა და ქრისტინა აგილერას...
გამოფენაზე ვიყავი­ საფრანგეთში, მენეჯერი რომ დამიკავშირდა, სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეო. ვერაფრით დავტოვებდი გამოფენას მხოლოდ იმისთვის, რომ ხელი ჩამომერთმია თუნდაც სამყაროს უწარმატებულესი ქალებისთვის... ის გამოფენა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს­ მიეძღვნა, ყველა მხატვარმა­ გაიღო თავისი საუკეთესო ნახატი და ქველმოქმედებაში ჩართვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

- დღეს ისევ ქმნით კორსეტებს და საქორწილო კაბებს?

- არა, მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი სამყარო... აი, როდესაც ვხატავ, მაშინ სულ სხვა სამყაროში ვარ. აფრიკაში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ხატვისას იქაურ ბუნებას, ხეების შრიალს ვგრძნობ... როდესაც­ აფრიკელი მონადირეები დავხატე, მათი ხმა მესმოდა. ჩემი განცდა მეუღლეს რომ ვუთხარი, მითხრა, მაშინებო და ნამუშევარი ოთახიდან გაიტანა.

- საქართველოში ხშირად მართავთ გამოფენებს?

- ევროპაში ძალიან ბევრი გამოფენა მაქვს და ამის გამო ვეღარ მოვახერხე ჩამოსვლა. მინდა ჩემი სუნამოს პრეზენტაცია­ თბილისში გავმართო, გამოფენა მოვაწყო თბილისსა და ბათუმში, ქუთაისსა და სიღნაღში.

მანანა გაბრიჭიძე
Mawaka
14 ნოემბერი 2016 08:16
Gmerma warmatebit gataros mixaria rodesac vigeb,qartvelis warmatebebs ,ycxo qveynebshi.

რედაქტორის რჩევით