დედა ვიღაცის პათოლოგიურ სიმთვრალეს შეეწირა... - კვირის პალიტრა

დედა ვიღაცის პათოლოგიურ სიმთვრალეს შეეწირა...

ძნელია, გულმშვიდად ილაპარაკო უახლოეს ადამიანზე, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა და ძალიან მალე წავიდა ამ ქვეყნიდან... დედა ვიღაცის პათოლოგიურ სიმთვრალეს შეეწირა...

გიორგი ჯაფარიძე ახლა 24 წლისაა. გლდანის ეკლესიაში სტიქაროსანია, ჰყავს მშვენიერი საცოლე. თითქოს ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ 15 წლის წინ დატრიალებული ტრაგედია სიცოცხლის ბოლომდე გაუნელებელ ტკივილად რჩება.

ციცინო შევარდნაძე ექიმობაზე ოცნებობდა, მაგრამ ქულები აკლდებოდა, სამუშაო სტაჟიც არ ჰქონდა, ამიტომ მშობლებმა გადაწყვიტეს, მდივნად მოეწყოთ სადმე. იმუშავებდა, თავისი ხელფასიც ექნებოდა, თან მოემზადებოდა. ციცინომ სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში დაიწყო მუშაობა.

მის უფროსს ცოლი და ქალ-ვაჟი ჰყავდა. ქალებისგან განებივრებულს მშვენიერი მდივნის გაცნობა ესიამოვნა. მალე მიხვდა - ციცინო უყვარდა. არც ქალიშვილი დახვდა გულისკარჩაკეტილი. თამაზი ცოლთანაც კი აპირებდა გაყრას, მაგრამ მეგობრებმა ურჩიეს, - ნუ იზამ ამას, თორემ შვილებსაც დააზარალებ და შეიძლება სამსახურიც დაკარგოო. მოგვიანებით საყვარელ ქალს ერთოთახიანი ბინა უყიდა. მერე ციცინომ თამაზს გაუბედავად გაუმხილა, ორსულად ვარო. თამაზს ძალიან გაუხარდა: - გააჩინე ბავშვი, არაფერს მოგაკლებთო.

ასე მოევლინა ქვეყანას გიორგი ჯაფარიძე. იგი პატარაობიდანვე შეეჩვია, რომ მამა მოდიოდა მათთან, მოჰქონდა სურსათ-სანოვაგე, სათამაშოები, მაგრამ დიდხანს არ რჩებოდა, სულ "სადღაც" გარბოდა. ის დღეები, როცა მამას ის და დედამისი ქალაქგარეთ სასეირნოდ მიჰყავდა, უბედნიერესი იყო.

ბოლო პერიოდში ციცინო ბორტგამცილებლად მუშაობდა. როცა სამსახურში ყოფნა უწევდა, შვილს მშობლებთან და დასთან ტოვებდა. თამაზი ახლა კვირაში ერთხელ უტოვებდა "ცოლ-შვილს" სურსათ-სანოვაგეს, საჭირო თანხას.

ციცინოს თვალი დაადგა მისმა მეზობელმა მამუკა კ-მ. ქალმა თავი შორს დაიჭირა. მიხვდა მამუკა, ციცინოს გულის მოგება არ იყო იოლი საქმე, ამიტომ ლტოლვა მეგობრობით შენიღბა. მამუკა პატარა გოგას საჩუქრებს არ აკლებდა, მაგრამ ღიზიანდებოდა, როცა ბიჭი სიყვარულით ახსენებდა მამას.

ტრაგედია 1993 წლის 6 თებერვალს დატრიალდა. იმ დღეს ციცინო 33 წლის გახდა. საღამოს სტუმრები მოვიდნენ - სამი მეზობელი გოგონა, ციცინოს ძველი მეგობრები და  ძმები მამუკა და გოჩა კ-ები.  11 საათისთვის გოგონები შინ წავიდნენ. ციცინომ კი დარჩენილ ორ სტუმარს ყავა მოუდუღა.

მამუკა და ციცინო რაღაცაზე შელაპარაკდნენ. კამათი ცოტა ხანში ჩხუბში გადაიზარდა. მამუკამ სამზარეულოდან პურის საჭრელი დანა გამოიტანა და ბავშვის თვალწინ დედას მთელი ძალით ზურგში ჩაარტყა. შემდეგ უკვე სხვა დანით ფეხი გადაისერა და მეზობლებთან ლანძღვა-გინებით გავიდა, - ნახეთ, რა მიყო ამ შეჩვენებულმაო. გულგახეთქილ მეზობლებს შემზარავი სურათი დაუდგათ თვალწინ. სისხლის გუბეში იწვა ციცინო, გვერდით კი გაფითრებული გოგა ედგა და შეშლილის თვალებით დასცქეროდა დედას. ციცინომ სიკვდილის წინ იმის თქმაღა მოახერხა, გოგას მიმიხედეთო.

მამუკა კ. ჯერ საავადმყოფოში მოათავსეს, მერე კი, მცირეხნიანი იზოლაციის შემდეგ გარეთ გამოუშვეს. ფაქტობრივად, არც მიუსჯიათ არაფერი. ამან თავზარი დასცა ციცინოს ახლობლებს. სად არ იჩივლეს, ვის არ მიმართეს, მაგრამ...

წლები გავიდა. გოგა გაიზარდა და როცა ჩემთან საუბარში ძველი ტკივილი გაიხსენა, ახლანდელი საწუხარიც გამიზიარა:

გოგა (გიორგი) ჯაფარიძე: - მამა დედის სიკვდილის მერეც არ მაკლებდა ყურადღებას. ვიცოდი, რომ მყავდა უფროსი და და ძმა, ლელა და კახა. ვოცნებობდი იმ დღეზე, როცა მამა გამაცნობდა მათ, მაგრამ ვატყობდი, ის დროს შეგნებულად აჭიანურებდა, ჯერ არ არის მაგის დრო, გაიზრდები და მერე გაგაცნობო.

ერთხელ, გაბრაზებით ხელი ავუკარი ფულზე, - არ მჭირდება შენი ფული, თუკი ჩემს და-ძმასთან მმალავ, არ უმხელ, რომ მათ უმცროსი ძმაც ჰყავთ, რა აზრი აქვს ჩვენს ურთიერთობას-მეთქი. მახსოვს, ფერი დაკარგა, ძალიან ინერვიულა ჩემი უხეშობის გამო. შემეცოდა და შევურიგდი. მან ვერ გადალახა ის ბარიერი, რასაც სიყვარული ითხოვს დაოჯახებული კაცისგან.

არადა, უფროსებისგანაც გამიგია, რომ დედას და მამას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მეც მახსოვს მათი თბილი ურთიერთობა. დედას მაგიდაზე დარჩა თავისი ლექსების ხელნაწერი, რომელიც იზა ორჯონიკიძისთვის უჩვენებია და ისიც დაჰპირებია, დაგიბეჭდავო. მერე ეს უბედურებაც მოხდა და ვიღას ეცალა ლექსებისთვის? მამა ამ ორი წლის წინ გარდაიცვალა. ვიცოდი, რომ ლოგინად იყო ჩავარდნილი. სახლში ვერ მივდიოდი, მანამდე კი საავადმყოფოში მოვინახულე. მის სიკვდილამდე ერთი თვით ადრე ჩემს უცნობ ძმას შევეხმიანე.

მის კაბინეტში რომ შევედი (იგი ექიმია), ასე მეგონა, ჩემი გულის ბაგაბუგი მთელ ქვეყანას ესმოდა. ვუთხარი, ვინც ვიყავი, ავუხსენი, რომ მისგან არაფერი მინდოდა, გარდა ძმობისა. ისეთი ცივი თვალებით მიმზერდა, სიკვდილი ვინატრე. დამპირდა, დაგირეკავო, მაგრამ აღარც გავხსენებივარ.

მამის გარდაცვალება მოგვიანებით გავიგე. გული დამწყდა. კახას რომ შევეხმიანე, აქეთ მისაყვედურა - მამას ახლა კითხულობ, ორი კვირის წინ დავასაფლავეთო. კი, მაგრამ, ხომ დამპირდი შეხმიანებას, რატომ არ გამაგებინე-მეთქი. მე რატომ უნდა მეთქვა, მამაჩვენის მეგობრებს დაერეკათ და გაეგებინებინათო. აზრი აღარ ჰქონდა მასთან ლაპარაკს. ახლა მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ და მაინც არ მკრავს ხელს. ამიტომ ლელასთან მისვლა მინდა. ვიცი, ჩემი და თბილი და მოსიყვარულეა, მინდა სითბო ვიგრძნო, მე ხომ სხვას არაფერს ვითხოვ მისგან.