ერთი "სისუსტე" ყველას გვჭირს - კვირის პალიტრა

ერთი "სისუსტე" ყველას გვჭირს

ეს ამბავი ალბათ არც გამოქვეყნდებოდა, წინა ნომერში დაბეჭდილ წერილს, "ვაჟკაცი და წუნია" რომ არ "აღეშფოთებინა" ბევრი მამაკაცი. ჯერ იყო და, ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე უამრავი კომენტარი მოჰყვა, მესიჯიც მესიჯზე მოდიოდა. ერთი მაინც ყველაზე მეტად ბობოქრობდა: რა მოხდა მერე, ძაღლებს თუ გაექცა, იქნებ, კაცს ფობია სჭირდა და მაინცდამაინც შიშით გული უნდა გასკდომოდაო?..

ოთხფეხა "მეგობრისა" რომ ბევრ კაცს მართლაც შინებია, ამაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როცა ჩემმა ნაცნობმა, გიგამ, თავისი თავგადასავალი მიამბო: -  რამდენიმე წლის წინ ვანის კულტურის სახლში დრამწრეს ვხელმძღვანელობდი. იქვე მქონდა ოთახი, სადაც ვრჩებოდი ხოლმე, თუკი გვიანობამდე შევყვებოდი საქმეს. ერთი ლამაზი გოგო ცხოვრობდა ვანში, ბევრი ბიჭი უტრიალებდა. ხმები დადიოდა, ნათია ზოგს სწყალობს, ზოგს არაო...

ჩემი არტისტული მონაცემებით ყველაფერი გავაკეთე, რომ თვალში "მოვსვლოდი". ერთხელაც დავიმარტოხელე და მგზნებარედ ჩავჩურჩულე, - შენთან მინდა მარტო ყოფნა-მეთქი. ჟრუანტელმა დამიარა, რომ მითხრა, - ხვალ კვირაა, დედაჩემი სოფელში მიდის, შეგიძლია მესტუმრო და მთელი დღე დარჩე. ოღონდ რომ დაღამდება, უნდა წახვიდე, არ მინდა მეზობლებმა იჭორაონო.

კვირაობით მეც ქუთაისში, შინ მივდიოდი ხოლმე, მაგრამ ამისთანა ქალის დაპატიჟებაზე უარს რა მათქმევინებდა. ვიფიქრე, ნათიასგან რომ წამოვალ, კულტურის სახლში დავრჩები-მეთქი. ნათია კულტურის სახლიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში ცხოვრობდა. ფეხით ნელ-ნელა რომ მევლო, 20 წუთში ვიქნებოდი სამსახურში.

რაღა ბევრი გავაგრძელო და დავიხუნძლე ტკბილეულით და შამპანურით და დღის 2 საათზე ხელდამშვენებული მივადექი კარზე ჩემს გულის მურაზს. გვარიანად ცხელოდა და ცნობისმოყვარე მეზობლების თვალი გარეთ არ ჭაჭანებდა. მოკლედ, პირველი "მისაღები" გამოცდა ხუთიანზე ჩავაბარე... მგონი, არც მერე "ჩავჭრილვარ", რადგან ღამის პირველ საათზე, გამომშვიდობებისას, ნათიამ მკითხა, - ისევ ხომ  მოხვალ ჩემთანო. სიხარულით შევპირდი, - აბა, რავა-მეთქი და დავადექი ჩემს გზას.

სავსე მთვარე ისე ანათებდა, ქუჩაში ნემსს დაინახავდი.  მოულოდნელად ყურში ძაღლების ყეფა ჩამწვდა და გამაჟრჟოლა. საქმე ის გახლავთ, რომ ბავშვობაში ძაღლმა მე და ჩემი ბიძაშვილი დაგვგლიჯა და ორმოც-ორმოცი ნემსი გაგვიკეთეს მუცელში. იმ დღის შემდეგ ძაღლის ცეცხლივით მეშინოდა.

ნაბიჯს ავუჩქარე. ჩემი ჭკუით სამსახურამდე გზა შევიმოკლე და შუკაში გავუხვიე. ის-ის იყო, იქიდან პატარა მოედანზე უნდა გავსულიყავი, რომ ბუჩქები შეინძრა და რამდენიმე ძაღლი გამოხტა. ვიცოდი, ამ დროს გაქცევა უარესი იქნებოდა და "ცუგა-ცუგას"-ს ალერსიანი ძახილით წინ წავჩოჩდი. ერთმა, ყველაზე დიდმა რომ დაიყეფა, კინაღამ გული გამისკდა, სხვებიც აჰყვნენ, თან ჩემკენ ავად იყურებოდნენ... სიმწრისგან თვალებზე ხელი ავიფარე და ჩავიცუცქე. ცოტა ხანში ყეფა შეწყდა.

თითებშორიდან გავიხედე და რას ვხედავ, ოცამდე ძაღლს წრე შემოურტყამს, მე კი "საპატიო შუაგულში" ვზივარ. გავიდა 10 წუთი, მერე 15... 30. მე კი ისევ ისე ვზივარ, ძაღლებიც თვალს არ მაცილებენ. წამოვიწევ, - ჩემკენ მოიწევენ, ჩავიცუცქები, - გაჩერდებიან.

ფეხები დამიბუჟდა და მიწაზე გავწექი. ძაღლები დამშვიდდნენ და თვითონაც დაწვნენ. ამ ყოფაში ერთი საათი გავიდა. ზაფხული კი იყო, მაგრამ მაინც შემცივდა მიწაზე გაშხლართულს, თან ასე როდემდე ვყოფილიყავი? წამოვჯექი, ძაღლებმაც წამოყვეს თავი. ვიფიქრე, რახან ჩემი "მცველები" ფეხზე მდგარს ვერ მიტანენ, ჩაცუცქული ვივლი-მეთქი და... გაამართლა ჩემმა მოფიქრებულმა. ძაღლებმა წრე გაშალეს, თან ვნატრობ ვინმეს გამოჩენას, თან მრცხვენია - როგორია ამ ყოფაში კაცის დანახვა? რამდენჯერმე წამოდგომა რომ დავაპირე, ძაღლებმა ისევ შემომიღრინეს... კულტურის სახლამდე პოლიციის ორსართულიანი შენობა იდგა.

მივუახლოვდი თუ არა, მომესმა, - ბიჭო, გიგა,  ხომ ხარ კარგადო? - ნაცნობი პოლიციელი თვალებგაფართოებული ჩამომძახოდა ფანჯრიდან. თავისუფლად კი ამოვისუნთქე, მარა ისიც არ მინდოდა, მიმხვდარიყო, რა დღეშიც ჩამაგდეს ძაღლებმა და ხუმრობა ვცადე, - ე, ბიჭო, მიშველე, შენი "კოლეგები" მომდევენ და ადგომის საშუალებას არ მაძლევენ, ლამისაა, დამჭამონ!

- უი, შე საწყალო, ეგ რა მოგსვლიაო, - ჩაიფხუკუნა პოლიციელმა და ორ წუთში ჩემთან გაჩნდა, ქვები აკრიფა და ძაღლები დაიფრინა... ძლივს წამოვდექი ფეხზე. აღარც მეგონა, ნორმალურად თუ გავივლიდი.

ძალიან გთხოვთ, ნუ გაგეღიმებათ ამაზე. ვისაც მსგავსი რამ არ გამოუცდია, ის ვერ გამიგებს. რა ვუყოთ, ერთი "სისუსტე" ყველას გვჭირს და გვეპატიება, მათ შორის - მეც!