"ახლობლები მეუბნებიან, გვეშინია, ეჭვიანობის შემოტევისას არ მოგკლასო" - კვირის პალიტრა

"ახლობლები მეუბნებიან, გვეშინია, ეჭვიანობის შემოტევისას არ მოგკლასო"

დილით ქმართან დალაპარაკება ვცადე, პირის გაღება ვერ მოვასწარი, რომ გიჟივით წამოხტა და მუშტი მომიქნია, მერე შეტრიალდა და გარეთ გავარდა

"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეჭვიანობის გამო ჩემს მეუღლეს იმპოტენცია დაემართა", - ტირილით მიყვება ახალგაზრდა ქალი და იმ იმედით, რომ იქნებ სხვაც ყოფილა ჩემს დღეში და რამე მირჩიოსო, ამ ამბის გამოქვეყნებას მთხოვს.

ინო: - უცნაურია ცხოვრება, გგონია, გიყვარს სულიან-ხორციანად საღ-სალამათი კაცი, დაქორწინდები, აშენებთ ოჯახს, აჩენთ შვილებს და უცებ ეს კაცი რადიკალურად იცვლება და ვერაფრით ხსნი ამ ცვლილების მიზეზს.

- თავიდან ეჭვიანი არ იყო?

- არა, რას ამბობთ! ფსიქიკაშერყეულ კაცს ცოლად როგორ გავყვებოდი. ერთ დღეს თბილი და მოსიყვარულე მეუღლე რადიკალურად შეიცვალა - გულგრილი გახდა. მიზეზის ქექვა დავიწყე. ვერაფერს მივაკვლიე და მაშინღა ვკითხე, - ჩემზე ნაწყენი ხარ-მეთქი? უხეშად მომიშორა და სხვა ოთახში წავიდა დასაძინებლად.

ის ღამე თეთრად გავათენე. ვერ მივხვდი, რა აწუხებდა, ან რას მიმალავდა, ჩვენ ხომ უკვე 16 წლის ცოლ-ქმარი ვიყავით. დილით დალაპარაკება ვცადე, სამზარეულოში ყავას სვამდა. პირის გაღება ვერ მოვასწარი, რომ გიჟივით წამოხტა და მუშტი მომიქნია, მერე შეტრიალდა და გარეთ გავარდა.

ძალიან დავითრგუნე. როგორია, საღამოს მოვა ქმარი, რომელიც ხმას არ გცემს, არ გისმენს, უცნაურად იქცევა... ისიც კი ვიფიქრე, საყვარელი ხომ არ გაიჩინა-მეთქი.

- უთხარით ეს?

- იმ საღამოსვე - თუ სხვა შეგიყვარდა, ნერვების შლას სჯობს, ცივილიზებულად დავცილდეთ-მეთქი. გაცოფდა. ეს შენ გყავს ვიღაც და უსათუოდ გავიგებ, ვინ არისო. კინაღამ გავგიჟდი.

- მშობლები არ ჩარიეთ საქმეში? იქნებ მათ დაეშოშმინებინათ.

- შესანიშნავი დედამთილ-მამამთილი მყავს. ცხადია, იმათაც შევჩივლე, მათ კი გული უფრო გამიხეთქეს, - შოთა კარგა ხანია ეჭვიანობს, ვიცით, რომ უსაფუძვლოდ, ამიტომ ვცდილობთ, გონს მოვიყვანოთ, მაგრამ რომ აიკვიატა, მღალატობსო, ვერაფერს გავხდითო. გულმოკლული მივედი შინ. საღამოს დაბრუნდა თუ არა, დაყვავებით ვცადე დამერწმუნებინა, რომ ერთმანეთისთვის მოგვესმინა.

ბოლოს, მივაღწიე, რომ ქმარი მკურნალობაზე დამეყოლიებინა. მეუბნება, ვიცი, არ მღალატობ, მაგრამ მაინც ასე მგონიაო. ამ ახირებამ სექსუალური კონტაქტის უნარი დაუკარგა.

- არ გიჭირთ მასთან ცხოვრება?

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ხანდახან ვამბობ, ამას მირჩევნია, ლოგინად ჩავარდნილს ვუვლიდე-მეთქი, მაგრამ რა ვქნა, ვერ მივატოვებ. ვინ იცის, მარტო დარჩენილმა თავს რა მოსწიოს.

ზოგჯერ გაკერპებული სახით მიყვება, როგორ დამინახა მეზობელ კაცთან ერთად, როგორ ვმრუშობდი მასთან... შენი და შენი საყვარლების დახოცვა მინდა, მაგრამ მერე ციხეში ჩამსვამენ და ბავშვებს პატრონი არ ეყოლებათო. მეორე წუთში გონს მოდის და მუხლებზე დავარდნილი პატიებას მთხოვს. ამის ატანა ჯოჯოხეთზე უარესია, მაგრამ რა ვქნა, ვერ მივატოვებ, თუმცა დედამთილი ხშირად მეუბნება, - მეშინია, ჩემმა შვილმა ეჭვიანობის მძიმე შემოტევისას არ მოგკლასო.

- თქვენ არ გეშინიათ?

- არა, სულ მაქვს იმედი, რომ გონს მოვა... იქნებ ვინმეს გადახდენია რამე მსგავსი და მირჩიოს, რა ვქნათ?

სოფო გამრეკელი