"თურმე, ვის უნაწილებ სითბოს და სიყვარულს, რომელიც მე დამაკლდაო - ჩემი ქმარი ჩემს პაციენტზე ეჭვიანობს" - კვირის პალიტრა

"თურმე, ვის უნაწილებ სითბოს და სიყვარულს, რომელიც მე დამაკლდაო - ჩემი ქმარი ჩემს პაციენტზე ეჭვიანობს"

"ექიმი რეაბიტოლოგი ვარ. უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი - ჩემი ქმარი ჩემს პაციენტზე ეჭვიანობს", - ამბობს ლიკა.

ლიკა: - ოჯახის წევრებს როგორ ვუთხრა, ქმარი პაციენტზე და თანაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყმაწვილზე ეჭვიანობს-მეთქი? ალბათ ისინიც ჩემი ქმარივით მირჩევენ, - ოჯახი რომ გადაარჩინო, პაციენტი სხვას გადააბარეო.

- იქნებ მართლაც ასე მოიქცეთ?

- განსაცდელში მყოფი ადამიანი მივატოვო? ის საბრალო ბიჭი მომენდო, მიჯერებს და თითქმის ფეხზე დავაყენე. რა ვუთხრა, ჩემი ქმარი ფსიქიკურად დაავადებულია (ეჭვიანობა ავადმყოფობად მიმაჩნია) და მისი ეგოიზმის დასაცხრობად ავადმყოფს ხელი ვკრა?

- ეჭვიანობა რატომ დაიწყო?

- მე ყველაფერს ვუყვებოდი მას. მათ შორის ამ პაციენტის ამბებს. ვუამბობდი, როგორ ვიმარჯვებდით, როგორ მომენდო... ერთ დღესაც ქმარი სამსახურში დამადგა თავს. გაოცებული ვუყურებდით ერთმანეთს. მე იმიტომ, რომ პირველად მოვიდა ჩემთან, ის კი თურმე მკურნალობის პროცესმა შეაცბუნა - ყველას ასე იხუტებ გულშიო? იმან გააოცა, რომ პაციენტებს სავარძელში ჩაჯდომისას ან გადმოყვანის დროს ვეხმარებოდი. თურმე ვის უნაწილებ სითბოს და სიყვარულს, რომელიც დამაკლდაო. იმ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა. ერთ დღეს მთხოვა, მასთან ერთად მეყურებინა ფილმისთვის, რომელიც ექიმის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ურთიერთობაზე იყო. პერსონაჟებს ერთმანეთი შეუყვარდებათ... ხედავ? - ირონიულად მითხრა, - შენ ვერ გრძნობ, რომ იგივე გემართებაო.

ვკიოდი, იქნებ ნახო, რომ ყველა პაციენტს ერთნაირად ვექცევი-მეთქი. სამწუხაროდ, მან ის ერთადერთი ბიჭი ამოიჩემა.

- იქნებ ქმარს ურჩიო, ფსიქოლოგთან მივიდეს.

- ვურჩიე. ისიც კი ვუთხარი, მოდი, ყოველდღე ნახე ჩემი მკურნალობის მეთოდები, მუშაობის პროცესი და აზრი შეგეცვლება-მეთქი. გაგიჟდა - გინდა მკვლელი გამხადოო. მისი საქციელი ისეთი გამაღიზიანებელია, რომ უკვე მასთან ლაპარაკიც არ შემიძლია.

იმიტომაც ვყვები ამას, რომ იქნებ მარტო არ ვარ, სხვებსაც ჰქონიათ მსგავსი შემთხვევები და ოჯახის გადარჩენა შეძლეს. მე ექიმი ვარ და არ შემიძლია პაციენტს ვუღალატო. არც იმ კაცის გაგება შემიძლია, ჩემზე უმიზეზოდ რომ ეჭვიანობს.

სოფო გამრეკელი