"არ ვიცი, ასე რატომ ვძულვარ დედას" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, ასე რატომ ვძულვარ დედას"

"ერთ დღესაც მამაჩემმა ტანსაცმელი ჩაალაგა და სახლიდან წავიდა"

მამაჩემი დედაჩემის ცოლად შერთვას არ აპირებდა, მაგრამ როცა დედამ გამოუცხადა, რამდენიმე თვეში მამა გახდებიო, თავზარი დასცემია. ერთხანს ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ჩემს დაბადებამდეც კი ვერ შეძლეს ურთიერთობის შენარჩუნება, - მიყვება ლიკა.

ლიკა: - ერთ დღესაც, ორი თვის ორსულ დედაჩემს თურმე მამაჩემმა უთხრა, არ შემიძლია ბავშვის გამო ოჯახობანას თამაშიო, ტანსაცმელი ჩაულაგებია და წასულა. დედა სამშობიაროშივე ფიქრობდა ჩემს მიტოვებას - მამამისი გამექცა და მისი შვილი რად მინდაო. ჩემს დაბადებამდე ორი კვირით ადრე მისმა დეიდაშვილმა იმშობიარა. მასთან მიმიყვანა, - უნდა გავაშვილო და სანამ ვინმეს მოვძებნი, ძუძუ აწოვეო. ნუნუ დედამ კი მიშვილა.

- დედასთან როგორი ურთიერთობა გქონდა?

- თურქეთში გათხოვდა, ვიღაც მდიდარს გაჰყვა. დღემდე არ მოუკითხავს ჩემი ამბავი. არც მე გამჩენია სურვილი, მენახა. ერთადერთხელ დავინტერესდი, რატომ მიმატოვა-მეთქი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ნუნუ დედამ მითხრა, მირჩევნია, მე გითხრა, რომ ჩემი გაჩენილი არა ხარ, ვიდრე ვინმემ ბოროტად წამოაყრანტალოს და გული გატკინოსო.

- მამის გაცნობა არ მოგნდომებია?

- ნუნუ დედამ მითხრა, დედაშენმა რომ მიგატოვა, იმ დღიდან დაგვიკავშირდა მე და ბიძაშენს, ლიკას გაზრდაში დაგეხმარებით, ოღონდ მშობლის სითბო არ მოაკლოთო. მამაც უცხოეთში ცხოვრობს, მაგრამ მასთან კავშირი მაქვს. პირველად რომ დავურეკე, ვუთხარი, ყველაფერი ვიცი-მეთქი. ხვალვე ბილეთს ავიღებ და საქართველოში გამოვფრინდებიო, - მითხრა. ასეც მოიქცა. მამაჩემის ჩახუტებისას მივხვდი, რას ნიშნავს ნამდვილი მამა. და-ძმა მყავს, მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

თითქოს ყველაფერი დალაგდა, ერთი რამის გარდა, ვერაფრით ამიხსნია, ასე რატომ ვძულვარ დედას. ბრმა ნაწლავი გამისკდა, საკმაოდ მძიმედ ვიყავი. ვბოდავდი, დედას ვეძახდი, ნამდვილ დედას. შეატყობინეს. თურმე გაიკვირვა, - მე რა შუაში ვარ, ვინც გაზარდა, დედაც ის არისო.

ეგრეთ წოდებულ დედაჩემს ჩემ შემდეგ შვილი არ გაუჩენია. ერთ ნათესავს უკითხავს, არ გიჩნდებაო? შვილები არ მჭირდება, მინდოდა მყოლოდა ქმარი, რომელიც ცხოვრებას მომიწყობდა, მას ჩემთვის შვილების გაჩენა არ უთხოვია და ასე თავს მშვენივრად ვგრძნობო.

ზოგჯერ მეშინია, ვაითუ, ჩემშიც ცხოვრობს დედაჩემისნაირი ქალი, რომელმაც, შესაძლოა, გამოიღვიძოს და ისეთივე საშინელება ჩაიდინოს, როგორიც მან. ამ დროს ისე ვკანკალებ, რომ ვერაფერი მაწყნარებს და მომავალზე ფიქრიც კი მაფრთხობს.

სოფო გამრეკელი