ცხოვრება დღიურებად... - კვირის პალიტრა

ცხოვრება დღიურებად...

7 არაჩვეულებრივი წელი

გოგონამ გვერდით მჯდომს რვეული მიაწოდა და წასჩურჩულა: "შემივსე".

დათომ ლამაზად გაფორმებული რვეული გადაშალა და მიხვდა, ეს მაკას დღიური იყო, ანუ კითხვარი, რომელსაც გოგონები დიდი მონდომებით ადგენდნენ და მერე მეგობრებს საპასუხოდ აძლევდნენ. დათოს გაეღიმა.

იგი მარტო კლასის კი არა, სკოლის ყოჩი იყო და მასწავლებლებს ულტიმატუმს უყენებდა, - თუ მაკას გვერდით დამსვამთ, არ ვიხმაურებო და ისინიც, ოღონდ კი წყნარად ჩაევლო გაკვეთილს, უსრულებდნენ სურვილს. მაშინ ფიზიკის გაკვეთილი ჰქონდათ, როცა მაკამ დღიური მიაწოდა ბიჭს. სხვა დროს წერილობით "ლაპარაკობდნენ" ხოლმე, ახლაც ასე ერჩივნა დათოს, მაგრამ რახან მაკამ დღიურის შევსება სთხოვა, უარი აღარ უთქვამს და კითხვა-პასუხიც "აიკინძა".

ამონარიდი მაკას დღიურიდან:

" - რა გიტაცებს?

- ფეხბურთი.

- ვინ გინდა გამოხვიდე?

- არ ვიცი.

- გყავს შეყვარებული?

- კი. და შენც კარგად იცი, რომ ის მეოთხე კლასიდან მიყვარს.

- რა შეგიძლია გააკეთო საყვარელი ადამიანისთვის?

- ყველაფერი, რასაც ის მოისურვებს. მისი გულისთვის სიცოცხლეს დავთმობ.

- ბედნიერი ხარ?

- მის გვერდით ძალიან ბედნიერი ვარ".

ეს ჩანაწერი მეათე კლასში გაკეთდა, 1987 წლის ოქტომბერში. სწავლა ახალი დაწყებული ჰქონდათ. გაზაფხულზე კი დათო დაიჭირეს, მაკა იმდენად გულნატკენი იყო, რომ დათოს წერილებს არ პასუხობდა. ის კი ყოველკვირა უგზავნიდა, პატიებას სთხოვდა დაუფიქრებელი საქციელის გამო...

დათო ოთხი წლის შემდეგ გათავისუფლდა. მაშინვე მაკას დაურეკა. გოგონა შეხვედრაზე დათანხმდა...

ბიჭი აღტაცებული მისჩერებოდა, გოგონა კი უყურებდა და ფიქრობდა: - დათო დამნაშავეა, ამ ლაქას ვერასოდეს მოიცილებს. არავინ იცის, რა ელოდება. ვერ ვიქნები მასთანო და დათოს ხმის ამოღება არ აცალა, მიახალა, - შეყვარებული მყავს და მალე მისი ცოლი გავხდებიო.

თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ბიჭი გაშეშდა. ოთხი წელი სულიმწარედ ელოდებოდა ამ შეხვედრას, გულში ფიცს დებდა, რომ მსგავს სისულელეს აღარ ჩაიდენდა, მაკამ კი...

სამი თვე უკან სდია მაკას, ისე, რომ ვერც კი ამჩნევდა გოგო. ხან მანქანით მიჰყვებოდა ქუჩაში, მეგობრებთან ერთად მოსეირნეს, ხან - ფეხით. უნდოდა, კარგად შეესწავლა მაკას ახალი მეგობრები, შორიდან დაჰკვირვებოდა მაკას რჩეულს. დათო სულ იმაზე ფიქრობდა როგორ შექმნიდა მაკასთან ოჯახს, როგორი მზრუნველი ქმარი და მამა იქნებოდა. ახლა კი... ახლა ეს ვიღაც ლევანი (მაკას შეყვარებული) ასე უცერემონიოდ ართმევდა უსაყვარლეს ადამიანს...

ერთხანს ბოროტმა ფიქრმაც გაუელვა, - მაინც დამნაშავის სახელი მაქვს, მეორესაც დავუმატებ და ამ ბიჭს ისე გავაქრობ, ძეხორციელი ვერ გაიგებსო... მერე ძველმა მეგობრებმა შეაპარეს, - ძალიან უყვართ ერთმანეთი მაკას და ლევანს, ნუ აურევ ცხოვრებასო და დათოც მიხვდა, გვერდზე უნდა გამდგარიყო.

ერთი წელიც არ იყო გასული, რაღაც "საქმე" შესთავაზეს... კვლავ ჩავარდა. ამჯერად წელიწად-ნახევარში გამოვიდა. ვერ მოისვენა, როცა უთხრეს, მაკა არ გათხოვილაო და კვლავ მოინახულა. გოგოს თვალები გაუნათდა მის დანახვაზე. ეს არ გამოჰპარვია დათოს. მისთვის ხომ სულ პაწაწკინტელა დეტალიც კი მნიშვნელოვანი იყო.

- რატომ გამირბიხარ, თუკი ჩემი დანახვა ასე გიხარია? - ჰკითხა.

- შენ ჩემი ბავშვობის დიდი და ლამაზი ნაწილი ხარ, ამიტომაც მიხარია შენი დანახვა, მინდა, ბედნიერს გხედავდე! - უპასუხა მაკამ.

- მაშინ მითხარი, რომ დღე-დღეზე აპირებდი გათხოვებას. რა მოხდა, დაშორდით? - ერთი სული ჰქონდა, სიმართლე გაეგო.

- ლევანს დავშორდი, მაგრამ ახლა სხვა საქმრო მყავს და ორ კვირაში მართლა ვთხოვდები.

- მე საერთოდ ამომირეცხე გულიდან?

- მე შენი მეშინია! - ათრთოლებული ხმით მიუგო მაკამ და ცრემლი ვერ შეიკავა.

დათო ერთხანობა იმას ფიქრობდა, მაკა ხომ არ მოვიტაცოო, მაგრამ გადაიფიქრა. ამასობაში მაკა გათხოვდა და დათოც გამოემშვიდობა თავის პირველ (და უკანასკნელ) სიყვარულს.

მერე მესამედაც მოხვდა ციხეში, რვა წელი მისცეს. დათოსთვის უკვე სულერთი იყო, სად იქნებოდა, გარეთ თუ ჩაკეტილი, მეტიც, მისთვის გარე სამყარო უფრო უცხო იყო, ვიდრე ციხე.

გავიდა წლები. დათო კრიმინალური ავტორიტეტი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ მაკამ ექიმის კარიერა აიწყო (ერთ-ერთ ცნობილ სამშობიაროში მეან-გინეკოლოგად მუშაობდა),  ქმართან ერთი დღეც არ ახსოვდა ბედნიერი, 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ დარწმუნდა, რომ ერთმანეთისთვის უცხონი იყვნენ.

შალვა, საკმარისი იყო, სამი ჭიქა დაელია, რომ ყოველ წვრილმანზე ახირდებოდა ხოლმე. არც სიფხიზლეში იყო თაფლი და შაქარი, ამასთან, საშინლად ძუნწიც. კაპიკს ვერ გააგდებინებდნენ ხელიდან ვერც ცოლი და ვერც შვილები. საჭმელი კი, იცოცხლე, მოჰქონდა, მაგრამ სწორედ ის, რაც თავად უყვარდა. თავის ახლობლებთან ენატკბილობდა, მაკას ნათესავებთან კი შუბლშეკრული და სიტყვაძუნწი იყო. მის უხასიათობას ღალატიც დაერთო და მაკამაც გაყრა გადაწყვიტა...

დათოს ციხიდან გამოსვლისთანავე მაკასკენ მიუწევდა გული. ერთ მეგობარს გაენდო კიდეც - რომ გამოვალ, მაკა რომ არ ვნახო, ალბათ, გული გამისკდებაო... მეოთხე, მცირეხნიანი პატიმრობის შემდეგაც ინახულა მაკა. იგი უკვე ქმართან განქორწინებული იყო... დათომ შეჰბედა და უთხრა: - თუ ჩემი აღარ გეშინია, გამომყევი ცოლად, მერწმუნე ძალიან ბედნიერი იქნებიო.

- დათო, ჩემი შვილები უკვე დიდები არიან, შეიძლება ვერ შეეგუონ დედის გათხოვებას; თანაც, მეც აღარ მინდა ქმარი მყავდეს. ამდენი ტანჯვის შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარც ვფიქრობო.

მას მთელი წელი დასჭირდა მაკას დასაყოლიებლად და როგორც იქნა, დაქორწინდნენ.

მაკა გვიამბობს:

- დათოსთან 7 არაჩვეულებრივი წელი ვიცხოვრე. იგი მოულოდნელად გარდაიცვალა, ინფარქტით. მართლაც უბედნიერესი ვიყავი. საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ თავიდან უარი ვუთხარი. როცა პირველად დააპატიმრეს, საბოლოოდ წერტილი დავუსვი ჩვენს ურთიერთობას - კრიმინალთან ცხოვრება არ მიზიდავდა, ზურგი შევაქციე.

მოგვიანებით გამომიტყდა, - რომ არა შენი უარი, მე იმ შეცდომას აღარ გავიმეორებდიო. ახლაც დარწმუნებული ვარ, მართლაც ასე იქნებოდა... მენანება, რომ შალვასთან 15 წელი დავკარგე. დათოსთან შვიდი წელი კი არა, ერთიც რომ მეცხოვრა, მთლიანად გადაწონიდა იმ აუტანელ 15 წელიწადს. დათოსთან ნამდვილ ქალად ვგრძნობდი თავს. უმოკლეს დროში ჩემი შვილები ისე მოხიბლა, სულ მის გვერდით უნდოდათ ყოფნა.

დათო ძალიან თბილი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე იყო. ეს თვისებები მხიბლავდა მასში და არა ფული; თუმცა, არც ეს აკლდა. ისეთი ლამაზი და ორიგინალური სიურპრიზები სჩვეოდა, ბევრ რომანტიკოსს ფიქრადაც რომ არ მოუვა. ჩემს შვილებს გერმანიაში უნდოდათ სწავლის გაგრძელება და მან შეუსრულა ეს ოცნება.

ერთხელ, შვილებთან უნდა ჩავსულიყავი გერმანიაში, ძალიან მინდოდა დათოც წამოსულიყო ჩემთან ერთად, მაგრამ თბილისში აუცილებელი შეიქმნა მისი ყოფნა და გულდაწყვეტილი გავემგზავრე ბერლინში. შვილები აეროპორტში დამხვდნენ. როცა სახლს მივუახლოვდით, კართან თეთრი ვარდებით სავსე უზარმაზარი კალათა იდო წარწერით - "ჩემს ერთადერთ და განუმეორებელ ცოლს!" თურმე ბერლინში მცხოვრებ თავის მეგობართან დაურეკავს და უთხოვია, ეს სიურპრიზი გაეკეთებინა ჩემთვის. დათო საოცრად ნაკითხი, ძალიან საინტერესო მოსაუბრეც იყო.

შეიძლება ზოგს გაუკვირდეს, - ეს კრიმინალი ასე რამ შეაყვარა ამ ქალსო. დამნაშავედ კაცს რაღაც გარემოება აქცევს, შეცდომებისაგანაც კი არავინ ვართ დაზღვეული. სხვათა შორის, ჩვენი ერთად ცხოვრების პერიოდში წუთითაც არ მიგრძნია, რომ დათო რაიმე ცუდს აკეთებდა ან ბოროტმოქმედებთან ჰქონდა საქმე... რომ მკითხოთ, რა არის შენთვის ბედნიერებაო, გიპასუხებთ: დიდი ბედნიერებაა კარგი შვილები და ისეთი მეუღლის ყოლა, როგორიც დათო იყო ჩემთვის.