როგორ ქალებს უმართლებთ სიყვარულში - კვირის პალიტრა

როგორ ქალებს უმართლებთ სიყვარულში

როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, სიყვარულში უიღბლობის მიზეზი ადამიანშივეა საძებარი. მოდი, ვნახოთ, როგორ იქცევიან ქალები, რომლებზეც ხშირად გაიგონებთ, - როგორ გაუმართლა სიყვარულშიო!

ისინი წარსული რომანებიდან მიღებულ გაკვეთილებს იყენებენ

ხშირად ხელმოცარვის შემდეგ ადამიანს ეჩვენება, რომ ახალი ურთიერთობაც მარცხით დასრულდება და ეშინია ნეგატიური გამოცდილების გამეორებისა.

ამიტომ დატოვეთ წარსული წარსულში და თქვენს შეცდომებს ისე მოეკიდეთ, როგორც ღირებულ გამოცდილებას. თითოეული მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში რაღაცას გვასწავლის და ძალიან მნიშვნელოვანია, მადლიერებით მივიღოთ ეს გაკვეთილები. გააანალიზეთ, რა გასწავლათ წარსულმა, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ გამოცდილებას მომავალში. ახლა თქვენ სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე ხართ და ახალი ურთიერთობებიც უფრო სრულყოფილი და წარმატებული იქნება.

ბავშვობის სტერეოტიპები უნდა დაინგრეს

ქალი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერში მშობლების მაგალითს მიჰყვება. მაგალითად, თუ დედა უბედური იყო სიყვარულში, სავარაუდოდ, ქალიშვილს თავს მოახვევდა საკუთარ შეხედულებებს მამაკაცებზე და ქალიშვილსაც პრობლემები ექნება პირად ცხოვრებაში.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა იაზროვნოს. თუ შეატყვეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენი მშობლებისას ჰგავს, რომ იმეორებთ ხელმოცარვას, შეჩერდით და დაფიქრდით, რატომ ხდება ასე. დიდი ალბათობით, აუცილებლად შეცვალეთ დამოკიდებულება მამაკაცებისადმი, თავი დააღწიეთ თავსმოხვეულ სტერეოტიპებს და საკუთარი ურთიერთობები დაამყარეთ.

ისინი არ იმაღლებენ თვითშეფასებას პარტნიორის ხარჯზე

თვითშეფასების პრობლემა ცნობილია დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. ზოგიერთი ქალის შეცდომა ისაა, რომ თვითშეფასების ამაღლებას პარტნიორის ხარჯზე ცდილობს. ამისათვის ორ გზას მიმართავენ და ორივე ცუდია: 1. პარტნიორს კვარცხლბეკზე აიყვანენ, მასზე დამოკიდებული ხდებიან და ცდილობენ, როგორმე ასიამოვნონ; 2. პარტნიორის თვითშეფასების დაქვეითების ხარჯზე საკუთარ თვითშეფასებას იმაღლებენ.

არადა, არ არის საჭირო თვითშეფასების მიბმა პარტნიორზე, მის რეაქციაზე ქალის ნებისმიერ საქციელზე. უმჯობესია, საკუთარ თავს მიხედოთ, იაროთ ფიტნესზე ან ცეკვებზე, ხშირად შეხვდეთ მეგობრებს, დაინტერესდეთ რაიმე სასიამოვნო საქმით. თავადაც ვერ შენიშნავთ, როგორ გამოგიკეთდებათ გუნება და თავდაჯერებულობაც ათმაგად მოგემატებათ.

მათ უყვართ მამაკაცი ისეთი, როგორიც ის არის

თუ საკუთარი თავი უკვე მიიღეთ ისეთი, როგორიც ხართ, დროა, პარტნიორიც მიიღოთ თავისი ნაკლოვანება-ღირსებებით. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას და სათქვენოდ მორგებას. შეეცადეთ, თვალი დახუჭოთ მის სუსტ მხარეებზე, აერიდეთ სიტუაციებს, სადაც თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, იყავით ტაქტიანი, მეტად გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რაშიც ძლიერია. აცალეთ, იცხოვროს ისე, როგორც სული სთხოვს, დაინტერესდით იმით, რაც მას აინტერესებს, მხარში ამოუდექით და გაიზიარეთ მისი გატაცებები.