"დედა, სადაა ჩემი მამიკო"
"დედა, სადაა ჩემი მამიკო"
პატარაობაში გვიან დამიწყია ლაპარაკი. დედა წუხდა, რომ ორი წლისა თურმე სიტყვებსაც ვერ გამოვთქვამდი, ჩემი ტოლი დეიდაშვილები კი ლექსებს არაკრაკებდნენ.

მერე დედას ურჩიეს, - საბავშვო ბაღში მიიყვანე და უცებ ალაპარაკდებაო. მართლაც, ერთ კვირაში "სასწაული" მოხდა და ავლაპარაკდი. მე აღარ მახსოვს, მაგრამ დედა მიყვება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, თურმე როცა ბებიამ ბაღიდან შინ მიმიყვანა, მაშინვე დედას ვკითხე: "დედა, სადაა ჩემი მამიკო?" იგი ამდენი ხნის "მუნჯი" ბავშვისგან არ ელოდა ასეთ "მწვავე" კითხვას და
დაბნეულს უთქვამს: - მამიკო ძალიან შორს არის წასული, მაგრამ დაბრუნდება და ბევრ საჩუქარს მოგიტანსო.

ეტყობა, მამის შორს წასვლა ჩამრჩა მეხსიერებაში და მერე ყველა ბავშვს, ბაღისას თუ სკოლისას, რომც არ ეკითხათ, მაინც ვეუბნებოდი, თუ როგორ წავიდა ჩემი მამიკო ცხრა მთას იქით ხალხისთვის სახლების ასაშენებლად და როცა
ჩამოვა, საჩუქრებს ჩამომიტანს, თანაც იმდენს, რომ ჩემს მეგობრებსაც ვუწილადებ.

გავიდა დრო და მამა რომ აღარ გამოჩნდა იმ "შორი ქვეყნიდან", შიშმა შემიპყრო. დედას აღარ ვაწუხებდი კითხვებით. კარგა ხანს ვდუმდი. მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა დედას ვთხოვე, - ნურაფერს დამიმალავ, მინდა ვიცოდე სადაა მამაჩემი-მეთქი... და დედამაც მიამბო: 5 თვის იყავი, როცა მამაშენმა დაგვტოვა, სხვა ქალთან ერთად რუსეთში წავიდა და ახლაც იქ ცხოვრობს, ჰყავს ორი შვილი, გოგო და ბიჭიო.

სანამ ამას მეტყოდა, გულში ვლოცულობდი, რომ არ ეთქვა, მამაშენი დიდი ხნის წინ მოკვდაო. როცა სიმართლე გავიგე, არ ვიცოდი, სიხარული როგორ გამომეხატა, მაგრამ ამ გრძნობას წუხილიც ახლდა - თურმე მამა ცოცხალია, მართლა "ცხრა მთას იქით" ცხოვრობს და მუშაობს, მაგრამ ჰყავს ცოლი, შვილები და მე არც ვახსოვარ. ნუთუ შეიძლება კაცმა შვილი გულიდან ამოირეცხოს, აღარასოდეს გაიხსენოს არც მისი ნახვა მოუნდეს? დედას ვკითხე, - წერილებს არ მიგზავნიდა-მეთქი? ცრემლები მოადგა და უარის ნიშნად თავი გააქნია.

გავიდა წლები, მაგრამ მამის ნახვის სურვილი არ გამნელებია. ახლა 19 წლის ვარ, ვსწავლობ უნივერსიტეტში, მყავს შეყვარებული, რომელსაც ალბათ, მალე ცოლად გავყვები... ახლახან დედამ მოულოდნელი ამბავი გამაგებინა - თურმე მამა ორ წელზე მეტია ჩამოსულა, თბილისის ახლოს საკუთარი სახლი უყიდია და იქ ცხოვრობს თავისი ჯალაბით.

საოცარია, რომ მამა ასე ახლოსაა, მაგრამ ჩემგან მაინც შორს არის. მასთან მისვლას ვაპირებ, მაგრამ სანამ "გამოვეცხადები" და ვკითხავ, რატომ მიგვატოვე და რატომ დამივიწყე-მეთქი, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა წერილი... მართლა გულწრფელად მაინტერესებს, რატომ მიდიან მამები ასე "შორს" და რატომ არ ეხმიანებიან შვილებს?
სოფიკო გ., თბილისი.

თითუ
02 აპრილი 2017 16:53
სათაურმა უკვე გამაგებინა სინამდვილე რაც იყო. ამ სინამდვილეში ცხოვრება არის ჯოჯოხეთი და რა საჭიროა ასე რომ იტანჯებიან ადამიანები ამის აზრს ვერ ვხვდები. არ არსებობს პასუხი იყოს ასეთ გულქვაობაზე, ყბელას მისი სიმართლე გააჩნია, მაგრამ მიტოვებას სიკვდილის მეტი სხვა არაფერი ამართლებსმ
ნანო
02 აპრილი 2017 16:51
მიდი და გაესაუბრე მზად იყავი ყველა თავის მართლებაზე რომელსაც გეტყვის, მთავარია გაიცნო რაც უნდა გითხრას აპატიე, მაინც მშობელია ხოლო მისი დასჯა ღმერთს მიანდე იქნება შეუნდოს.
gia
24 აპრილი 2010 00:16
სოფო მიდი და რასაც გეტყვის პასუხად მამა შეილება ეხლა ვერ გაიგო მაგრამ როცა გახდები მშობელი ყველა კითხვაზე პასუხს მაშინ გაიგებ, და ერთი რამ გახსოვდეს დედას და მამას ვერავინ შეგიცვლის ის კარგია თუ ცუდია ის შენი მშობელია ასე რომ თუ ვერ გაგცა სათანადო პასუხი როცა გახდები მშობელი მაშIნ გაიგებ ყველაფერზე პასუხს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები