ზოგს არც სამშობლოში უმართლებს, არც უცხოეთში - კვირის პალიტრა

ზოგს არც სამშობლოში უმართლებს, არც უცხოეთში

"ვერ წარმოიდგენთ, როგორ განვიცადეთ მთელმა ოჯახმა მარიკას ამბავი ("ამბავი ქართველი კონკიასი, ანუ უცხოეთში ნაპოვნი ბედნიერება") და გავიხარეთ მისი

ბედნიერი დასასრულით. სამწუხაროდ, ყველას ასე არ უმართლებს.

ჩემი ერთი ახლობელი საბერძნეთში თავის ავყია ქმარს გაექცა. თან იმედოვნებდა, რომ შვილებს ფულს გამოუგზავნიდა, მშიერიც არ იქნებოდნენ და სწავლისთვისაც ეყოფოდათ. იქ ერთი ქართველი კაცი გაიცნო. რამდენიმე თვე თავს ევლებოდა ის კაცი და საბრალომაც იფიქრა, - მეშველა, ორმოცი წლის ასაკში ნამდვილი ბედნიერება მეღირსაო, მაგრამ როგორც კი ქალი თავისად დაიგულა, ტახტზე წამოწვა და გულზე ხელები დაიკრიფა. მიხვდა ნატა, რომ კაცმა ანგარებით დაიჭირა მასთან საქმე.

მისგან კი თავის დახსნა არც ისე იოლი აღმოჩნდა. სწორედ მასზეა ნათქვამი, საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო. თანაც, სიმართლე გამხელილი სჯობს და ნატას მაინც უყვარდა ის კაცი. ქმარმა რომ გაიგო ცოლის რომანის შესახებ, მთელი სანათესავო შეყარა და გამოაცხადა, რომ ნატასთვის დედობის უფლების ჩამორთმევას აპირებდა.

მოკლედ, ნატას აქაც დაეძაბა სიტუაცია (შვილები მამამ გადაიბირა და დედას აღარ ეხმიანებოდნენ) და იქაც. მერე, გვიან, როცა ცოტა ხნით ჩამოვიდა, გვიამბო, რა მძიმე დღეები გამოიარა. როგორც იქნა, შვილები შემოირიგა. ქმარს გაშორდა, იმ კაცსაც გაეცალა და ახლა იტალიაშია.

ისევ შრომობს, რომ შვილებს არაფერი მოაკლოს და ცოტაოდენ ფულსაც მოუყაროს თავი, რომ სიბერეში პატარა კუთხე თავისთვის ჰქონდეს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და გულით მინდა ისეთივე ბედი გამოუჩნდეს უცხოეთში, როგორიც თქვენს კონკიას.

დოდო კირთაძე, ქუთაისი"