"მითხრა, სანამ მოგკლავ, გამშორდიო"
17-10-2016
"მითხრა, სანამ მოგკლავ, გამშორდიო"
"ახლა მე უნდა მეღიარებინა ჩაუდენელი დანაშაული. ვიღაც ვიგინდარების ჭორებს იჯერებ და მე არაფერს მეკითხები-მეთქი? - ვუთხარი ჩემს ქმარს და ტირილი წამსკდა"

ორი წლის წინ ჩვენს ქუჩაზე ახალგაზრდა ოჯახი გადმოვიდა, ორი პატარა შვილით. კაცს შაბათ-კვირასღა ვხედავდით. ქალი იმდენად ლამაზი იყო, რომ სამეზობლოში ყველა მასზე ლაპარაკობდა. დაახლოებით ნახევარი წლის წინ ოჯახი მოულოდნელად გაქრა. რამდენიმე დღის წინ იმ გოგოს სკვერში წავაწყდი, ბავშვებს ასეირნებდა. შეცვლილი ჩანდა, თვალებჩაცვენილი. ვერ მოვითმინე და გამოველაპარაკე, თავი შევახსენე. სევდიანად
გამიღიმა, თვალები აუწყლიანდა. ხომ მშვიდობა გაქვთ-მეთქი. ჯერ ჩუმად იყო. მერე გული გამიხსნა.

თათა: - ჩვენი უბნის ბიჭებთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. მაგრამ ერთ ავყიას და ტრაბახას, რომელსაც არაერთი გოგოსთვის გაუტეხავს სახელი, ჩემზეც დაუქადია, - ჩემი გახდებაო. სხვებს უთქვამთ, მაგარი ქმარი ჰყავს, გოგოც ისეთია, არაფერი გამოგივაო...
თურმე ჩემი ფეისბუკის გვერდიდან აღებული ფოტოები დაუმონტაჟებია, ვითომ ერთად გადაგვეღოს. მისი ტყუილი დაიჯერეს და ფანტაზიებით გაბუქეს - რა ბოთე ქმარი ჰყოლია, ცოლი რქებს ადგამს და ვერაფერს ხვდებაო. ამ ამბავმა ჩემი ქმრის მეგობრების ყურამდეც მიაღწია. ვითომ კეთილისმყოფელებმა ლექსოს უთხრეს, - თათას ყურადღება მიაქციე, რაღაც არასასიამოვნო ხდებაო. გადარეულა ლექსო - რა ხდება, მითხარითო. იმათაც უთქვამთ, თუ როგორ გადავდიოდი ბირჟის ბიჭების ხელიდან ხელში. ვერ წარმოიდგენთ, რა უბედურება დატრიალდა იმ საღამოს. მამაჩემმა დამირეკა - ბავშვები წამოიყვანე და მოდიო. ისეთი ხმა ჰქონდა, ვერც კი ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ლექსო იქ დამხვდა...

მოკლედ, ლექსოს მამაჩემისთვის მოუყოლია ძმაკაცების ნათქვამი და ახლა მე უნდა მეღიარებინა ჩაუდენელი დანაშაული. ვიღაც ვიგინდარების ჭორებს იჯერებ და მე არაფერს მეკითხები-მეთქი? - ვუთხარი ჩემს ქმარს და ტირილი წამსკდა.
ცხადია, ჩემს მშობლებს ეს არ სჯეროდათ. ჩემმა ძმამ ლექსოს უთხრა, - სჯობდა, ჯერ ეგ ჭორები გაგერკვია, ჩემი დის ცოცხლად დამარხვა რა კაცობააო. იმან - შენი და მღალატობს და კიდევ ჩემს კაცობას ეხებიო? ატყდა გაწევ-გამოწევა... მე ბავშვებიანად მშობლებთან დავბრუნდი.

- იმ ბიჭებს შერჩათ ეს საქციელი?

- არა, ჩემმა ძმამ ლექსოს წინ აალაპარაკა ყველა.

- ქმარმა ბოდიში არ მოგიხადა?

- დამიჩოქა, მაგრამ გული ისე მტკივა, მისკენ გახედვაც არ მინდა. კაცმა ასე ხელაღებით როგორ შეიძლება დაიჯერო ჭორი. იმ საშინელ საღამოს ასე მითხრა, სანამ მოგკლავდე, გირჩევნია, გამშორდეო.

- ახლა შენი ძმა რას ამბობ?

- მითხრა, თუ გიყვარს და გჯერა, რომ პატივს გცემს, შეურიგდი ქმარს, მაგრამ თუ ფიქრობ, პატრონი არ გყავს და ჩვენთან რამე მოგაკლდება, ეს ნაბიჯი არ გადადგაო. ლექსომ თვალის დახამხამებაში ყველაფერი წყალში ჩაყარა და ასეთი კაცის გვერდით როგორ ვიცხოვრო?

სოფო გამრეკელი
არა რაააა
12 ივლისი 2018 22:38
გოგო აშკარად ჯობდა:)))
Daji
03 დეკემბერი 2017 22:41
არა მაგი არიყო დარწმუნებული თავის ცოლში, არა მშობლებ არამედ იმ ბიჭებისთვის უნდა მიემართა და ეთქვა მე ჩემი ცოლის 100% მჯერა შენ კი დამიმტიცე ეს ამბავოთქო,თუ ერთხელ ეჭვი შეეპარა ცოლზე ყოველთვის იეჭვიანებს და დაიტანჯებიან ორივენი,
ზასტაოელი
18 აგვისტო 2017 09:49
იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გაგიმართლათ ამ ცხოვრებაში...თქვენმა მეუღლემ ხომ თქვენს მშობლებს და ძმას მიაკითხა მაშინ, როდესაც მასაც ძალიან გაუჭირდა....თქვენ ხომ ისეთი ადამიანები გყავთ, ვისაც ერთმანეთის დაცვა, ღირსებისა და პატიოსნების დაცვა შეუძლია...და რადგან ჩვენ ჩვენ ვართ და შვილები გეზრდებათ, ერთ კითხვაზე უნდა გასცეთ პასუხი-როგორ სჯობს მათთვის, მამისგან შორს გაიზარდონ თუ მამასთან(რომელმაც აფექტის მდგომარეობაში გააკეთა ის, რაც გააკეთა) ერთად....შვილო, ჩემი მოკრძალებული,გულწრფელი პატივისცემა თქვენს ოჯახს.....

რედაქტორის რჩევით