"როგორ ავუხსნა, რომ დედამ უარი თქვა მასზე?" - კვირის პალიტრა

"როგორ ავუხსნა, რომ დედამ უარი თქვა მასზე?"

ორი წლის წინ ახლობლის შვილი დაქორწინდა. ერთადერთ ვაჟს დიდებული ქორწილი გადაუხადეს. მერე კიდევ ერთი კვირა იშლებოდა სუფრა სიძის ოჯახში. სიძე-პატარძალი კუნძულ ბალიზე გაუშვეს, მეორე კვირა ახალდაქორწინებულებმა პარიზში გაატარეს... ალბათ იფიქრებთ, რომ ასეთ ოჯახში შესულ პატარძალს ფეხი ფეხზე უნდა გადაედოო. ასეც იყო, არავინ არაფერს სთხოვდა, როგორც დედოფალს, მოსამსახურეები ეხვია თავს. მიუხედავად ამისა, ხუთი თვის ორსული მშობლებთან გაიქცა - ძალიან ახალგაზრდა ვარ, უნდა გავერთო, არც ის ვიცი, მინდა თუ არა მაგ ბიჭთან ცხოვრებაო. ბიჭის მშობლებმა იუკადრისეს, - ამიერიდან აქ მაგის ფეხი არ ვნახოთო. გოგოს ოჯახი ჯერ შვილს დაუდგა მუხლებზე - გონზე მოდი, რას სჩადიო, მაგრამ ის გაჯიქდა - არც ცოლობის თავი მაქვს და არც დედობის. ბავშვი უნდა მოვიშოროო. საწამლავი დალია. გადაარჩინეს. ნაყოფიც გადარჩა. გოგოს მშობლები ბიჭს ემუდარნენ, - გვესმის, რომ უპატიებლად იქცევა, მაგრამ შენი შვილის ხათრით იქნებ დაიყოლიო და იმდენი ხანი ითმინო, სანამ ბავშვს გააჩენს, მერე იქნებ შვილის დანახვამ მოულბოს გული და გონზე მოიყვანოსო. მართლაც, ბავშვის გამო დათანხმდა გაალქაჯებული პატარძლის მშობლებს და 7 თვის ორსული შინ მოაბრუნეს.

დაიბადა ულამაზესი გოგონა. ბედნიერმა მამამ ქვეყნიერება შეძრა, პატარა პრინცესა მოევლინა ქვეყანასო. დედამ არც დახედა ბავშვს, პედიატრი და ექთანი გამოყარა პალატიდან, ჩემმა დედამთილმა წაიყვანოს და გაზარდოს, ეს ბავშვი მათ უნდოდათო. დედამთილი, ლიკა, ახლახან ვნახე შვილიშვილთან ერთად და რძლის ამბები მოვიკითხე.

- იმ გოგოს არა აქვს ჯანსაღი ფსიქიკა. შვილიც კი არ აინტერესებს. მისი საბრალო მშობლები შვილიშვილის სანახავად მოდიან ხოლმე, მოიოხებენ გულს ბავშვის ალერსით და მიდიან. ისიც არ ვიცი, რით ვანუგეშო?

- სად არის ახლა ის გოგო?

- საბერძნეთში ვიღაც ნათესავთან გაიპარა და ბარში მუშაობს, სტრიპტიზსაც ცეკვავს. იქნებ ოდესმე მოვიდეს გონს, მაგრამ ჩვენს ოჯახში ფეხს ვერ შემოდგამს. შვილზეც არანაირი უფლება არა აქვს. ბავშვი გვეცოდება. როცა გაიზრდება, როგორ ავუხსნა, რომ დედამ უარი თქვა მასზე?

- მამა ცოლის შერთვას დააპირებს ალბათ.

- ასე უნდა ქნას, აბა, რა?! თუმცა, ამბობს, მხოლოდ ის ქალი იცხოვრებს ჩემ გვერდით, ვინც ანანოს დედობრივ სიყვარულს აგრძნობინებსო.

სოფო გამრეკელი