"ქმარმა ექიმების მოქრთამვა სცადა, თქვით, ბავშვი მკვდარი დაიბადაო" - კვირის პალიტრა

"ქმარმა ექიმების მოქრთამვა სცადა, თქვით, ბავშვი მკვდარი დაიბადაო"

"ექიმმა მითხრა, 10-11 წლამდე იცოცხლებსო. ჯერ სამისაა. მინდა, როცა წასვლის დრო დაუდგება, ერთმანეთის გვესმოდეს და სჯეროდეს, რომ დედას სულ ეყვარება..."

23 წლის ქეთი ლ. შემთხვევით გავიცანი - ქუჩაში მიმავალს ვიღაც ველოსიპედით დაეჯახა. ის ბიჭი არც შეჩერებულა, გაიქცა. წაქცეულს სანამ მივვარდებოდი, უკვე ფეხზე იდგა, ტანსაცმელს იფერთხავდა და საბავშვო ეტლში გატრუნულ პატარას ელაპარაკებოდა, - კიდევ კარგი, შენ არ დაგეჯახა, დედიკოო. ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, არასოდეს არავისთან შეეძლება კონტაქტი. ქეთის მშობლებმა ბიჭუნა ევროპის საუკეთესო კლინიკებში წაიყვანეს, არაფერი დაიშურეს. უშედეგოდ. ბავშვს გენეტიკური პრობლემა მემკვიდრეობით მამისგან ერგო და დაბადებამდე ერთბაშად რამდენიმე მძიმე დაავადების განვითარების მიზეზი გახდა. მამამ ჯერ შეიცხადა თურმე, მერე - სხვა ქალთან გავაჩენ შვილს და ჯანმრთელი იქნებაო, უთქვამს და ცოლი განწირულ შვილთან ერთად მიუტოვებია.

ქეთი: - როდესაც ჩემი ქმარი გაიქცა, ტკივილიც კი არ მიგრძნია. მეტიც, ისიც კი ვიფიქრე, - კიდევ კარგი, რომ მე გავაჩინე ეს ბავშვი, რომელიც შესაძლოა, ბევრს სამშობიაროშივე დაეტოვებინა-მეთქი. რომ მიდიოდა, ღრიალებდა, - ასი ბავშვი მეყოლება და ყველა ჯანმრთელი, ავადმყოფი შენ და შენი ოჯახი ხართო. უცხოელი ექიმების მოთხოვნით სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ურჩია მამაჩემმა. როდესაც პასუხები მივიღეთ, აყვირდა, - ეს ჩემს გასამტყუნებლად გააკეთეთ, ყალბი ცნობა იყიდეთო.

- შეიძლება ყველა ბავშვი გენეტიკური პრობლემით გაუჩნდეს?

- არა. შესაძლოა, ბავშვი პრობლემის მატარებელი იყოს ისე, როგორც ჩემი ქმარია. მას გარეგნულად არაფერი ეტყობა.

ძალიან ახალგაზრდა დავქორწინდი. 5 თვის ორსული ვიყავი, ექიმებმა რომ გვითხრეს, ნაყოფი, სავარაუდოდ, პრობლემებით დაიბადებაო. ქმარმა მომთხოვა, - აბორტი გაიკეთეო. უარი ვუთხარი. გაცხარდა. მერე ჩაწყნარდა და მაპარებდა, - თუ ისეთი პრობლემები ექნება, რასაც არ ეშველება, სამშობიაროში დავტოვოთო. ვერ დამითანხმა და ექიმების მოქრთამვა სცადა, - უთხარით, თითქოს ბავშვი მკვდარი დაიბადაო...

იმ აზრთან შეგუება გამიჭირდა, რომ ჩემი შვილი ვერასოდეს გაივლიდა, ვერასოდეს დამიძახებდა დედას, მაგრამ ისევე მიყვარს, როგორც მეყვარებოდა, ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, მეტადაც, რადგან ის თავისი სიჩუმით, მდუმარებით ჩემში ადამიანს ძერწავს. იქნებ მიგებს კიდეც, ესმის კიდეც ჩემი, მაგრამ მე ვერ ვხვდები.

ექიმმა მითხრა, შეიძლება 10-11 წლამდე იცოცხლოსო. ჯერ სამისაა. ვიცი, ამ უბედურებას ვერ ავცდები, მაგრამ მინდა ისე გავძლიერდე, როცა წასვლის დრო დაუდგება, ერთმანეთის გვესმოდეს და სჯეროდეს, რომ დედას სულ ეყვარება...

სოფო გამრეკელი