ვინ იცის, რა ჰქვია შვილის მიმტოვებელ ქალს? - კვირის პალიტრა

ვინ იცის, რა ჰქვია შვილის მიმტოვებელ ქალს?

თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული იყო წერილი - "მრავალცოლიანობა ჩვევაა თუ ცხოვრების წესი". ერთ-ერთი მკითხველი ქალბატონი მეუღლეზე შემოგჩიოდათ.

ამ ქალთან არაფერი მაქვს სადავო, მართლაც ძნელი ასატანი უნდა იყოს, როცა გაიგებ, რომ ქმარს არაერთი ცოლი ჰყოლია... ახლა მე გეკითხებით და გთხოვთ მიპასუხოთ, იმ ქალს რა ჰქვია (ან მის საქციელს), რომელსაც ერთ მამაკაცთან გული არ უჩერდება და იოლად აცხადებს: - მეგონა, მიყვარდა, მაგრამ შევცდი, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ახლა მეწვიაო...

ჩემს მეგობარ ნოდიკოს ერთი ქალი შეუყვარდა, შვილიანი და ქმარს გაცილებული. არ უნდოდათ მის მშობლებს განათხოვარი რძალი, მაგრამ რა ექნათ, ნოდიკომ - ან ეს ქალი იქნება ჩემი ცოლი, ან არავინო. ასე მოიყვანა ნინო. ნოდიკო მის შვილს თავს ევლებოდა, არაფერს აკლებდა. მალე ვაჟი შეეძინათ, ბაბუის სახელი დაარქვეს, გიორგი.

ერთ მშვენიერ დღეს კი, ნინო შინიდან გაიპარა, ბავშვები კი ნოდიკოს და მის მშობლებს დაუტოვა... თურმე, დაქალის ოჯახში ვიღაც ბიზნესმენი გაუცნია, ურთიერთობა ფლირტით დაწყებულა, რომელიც მალე რომანში გადაზრდილა. ის კაციც ცოლგაცილებული ყოფილა, უკრაინაში საქმიანობდა, ხილის წვენების კომბინატი ჰქონია 200-კაციანი პერსონალით.

რაღა ბევრი გავაგრძელო, ქმარს წერილი დაუტოვა, - რა ვქნა, ვერ მოგატყუებ, აღარ მიყვარხარ, მერაბს მივყვებიო და წავიდა. პირველი შვილი მაინც წაეყვანა, ნოდიკოს და მის მშობლებს რაღას უტოვებდა?! მაგრამ ქეთას (ნინოს გოგონაა) ძალიან უყვარს ნოდიკო და როცა დედამისის წასვლის ამბავი გაუგია, ტირილი დაუწყია და შეხვეწნია: - მამიკო, ხომ არ გამაგდებ, შენთან ხომ დამტოვებო.

ბავშვმა რა დააშავა, ის რატომ უნდა დაისაჯოს დედის უსაქციელობის გამო? ნოდიკოც და მისი მშობლებიც ქეთას და გიოს სითბოს და სიყვარულს არ აკლებენ. მე კი დარწმუნებული ვარ, ნინოსნაირ ქალებს არც გულწრფელი სიყვარული შეუძლიათ და არც ერთგულება. იმ მერაბს თუ სჯერა, რომ ნინო უერთგულებს, ძალიან ცდება. შვილების მოღალატე ქალს ამქვეყნად არავის შეყვარება არ შეუძლია.

თქვენი ერთგული მკითხველი დურმიშხან ცინცაძე. თბილისი.