"გალანტური საუკუნე" - როგორ ცდილობდნენ სიბერის შეჩერებას როკოკოს ეპოქაში - კვირის პალიტრა

"გალანტური საუკუნე" - როგორ ცდილობდნენ სიბერის შეჩერებას როკოკოს ეპოქაში

XVIII საუკუნეს როკოკოს ეპოქას, "გალანტურ საუკუნეს" უწოდებენ. იმხანად დიდგვაროვნები თავს იწონებდნენ უსაქმურობითა და გართობით. არისტოკრატია არ აღიარებდა სიბერეს და სილამაზისა და ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად ნამდვილ სახეს პუდრისა და ფერუმარილის უხვი ფენების ქვეშ მალავდა. უსაქმურობა, ნებივრობა, სასიყვარულო თავგადასავლები - ასე უნდა გაეტარებინა დრო ნამდვილ არისტოკრატს.

უპირატესობა პარიკებს ენიჭებოდა. ქალბატონებს თავზე ხშირად ყვავილებიანი ლარნაკები, ხომალდები, ციხესიმაგრეებიც კი "ედგათ". ზოგჯერ ამგვარი "შედევრის" სიმაღლე 60 სმ-საც კი აღწევდა. ისტორიისთვის ცნობილია შემთხვევა, როცა სეფექალი ვარცხნილობით ჭაღის სანთლებს წამოედო და ხანძარი გააჩინა საცეკვაო დარბაზში

რენესანსის ეპოქასთან შედარებით, სადაც კულტივირებული იყო ჯანსაღი და ძლიერი სხეული, როკოკოს ეპოქაში, პირიქით, ქალი ფერმკრთალი და სიფრიფანა, თან ძალიან ნორჩი უნდა ყოფილიყო. ამ ეფექტის მისაღწევად ქალბატონები უხვად იყენებდნენ პუდრს და სახეზე დასაკრავ ხალებს.

"გალანტური საუკუნის" ეტალონად მიიჩნეოდა ვიწრო წელი, ნაზი მხრები და მრგვალი სახე. ქალები ფუშფუშა ქვედაბოლოიან კაბებს ატარებდნენ და წელს კორსეტით გამოკვეთდნენ. სამოსში პასტელის ტონები ჭარბობდა - ცისფერი, ზეთისხილისფერი, ვარდისფერი, ყვითელი. ეს ტენდენციაც ახალგაზრდობის შენარჩუნებას ემსახურებოდა.

იმ დროის პარიკმახერები კლიენტებს ვერ აუდიოდნენ. მოდური იყო მაღალი ვარცხნილობა, უპირატესობა პარიკებს ენიჭებოდა. ქალბატონებს თავზე ხშირად ყვავილებიანი ლარნაკები, ხომალდები, ციხესიმაგრეებიც კი "ედგათ". ზოგჯერ ამგვარი "შედევრის" სიმაღლე 60 სმ-საც კი აღწევდა. ცნობილია შემთხვევა, როცა ერთი სეფექალი მეჯლისზე იმ სიმაღლე ვარცხნილობით მივიდა, რომ ჭაღის სანთლებს წამოედო და ხანძარი გააჩინა საცეკვაო დარბაზში.

შიგნით შეღუნული ქუსლიანი ფეხსაცმელი როკოკოს ეპოქის კიდევ ერთი თავისებურება იყო. ქალი დახვეწილი და ნაზი უნდა ყოფილიყო, არც ფეხი იყო გამონაკლისი - ტერფის ვიზუალურად დასაპატარავებლად ფეხსაცმელს შეღუნული ქუსლი ჰქონდა. ამ მოდელს "მტრედის ფეხი" ეწოდა.

როკოკოს ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ მარკიზა დე პომპადური, მარი-ანტუანეტი, მარი-ტერეზა და სხვა დიდგვაროვანი ქალბატონები.