"ჩემ­მა შვი­ლებ­მა არ იცი­ან, რომ მათ მა­ლე დავ­ტო­ვებ" - კვირის პალიტრა

"ჩემ­მა შვი­ლებ­მა არ იცი­ან, რომ მათ მა­ლე დავ­ტო­ვებ"

ამ წერილმა ცხარე ცრემლებით ამატირა. რამდენიმე დღე ვფიქრობდი, ღირდა თუ არა მისი დაბეჭდვა, რადგან ძალიან მძიმე წასაკითხია. მისი ავტორის ტელეფონის ნომერი ან მისამართი რომ ვიცოდე, სიამოვნებით დავუკავშირდებოდი და ვკითხავდი: რატომ აკეთებთ ამას? რატომ უმალავთ ოჯახს სიმართლეს? იქნებ შეიძლება თქვენი გადარჩენა?.. მაგრამ სამწუხაროდ, ქალბატონისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მეძლევა...

თუმცა, არც წერილის დაუბეჭდაობა ივარგებს: ეს ხომ მისი, როგორც თავად ამბობს, ბოლო სათხოვარია.

წერილის ავტორი სიმსივნით არის დაავადებული. ამბობს, რომ აქამდე არასდროს არაფერი სტკიოდა. დაავადებამ მოულოდნელად იჩინა თავი და დიაგნოზიც ძალიან მძიმეა. იცის, რომ მალე უნდა დატოვოს ამქვეყნიური ცხოვრება და ახლა, ყველასგან მალულად, სიკვდილისთვის ემზადება...

წერილის სტილი დაცულია:

"გამარჯობა. მე ავად ვარ. დიდი ხანია (უკვე სამი თვეა) ვიცი, რაც მჭირს, მაგრამ ოჯახის წევრებს ვუმალავ. არ მინდა, დარჩენილი დღეები მათ ცრემლიან თვალებს ვუყურო. არადა, უკვე ძალიან მიჭირს ტკივილების ატანა. ეს წერილი სავარაუდოდ, ბოლო გზავნილი იქნება ჩემი ოჯახის წევრებისთვის. მხოლოდ ჩემმა უახლოესმა მეგობარმა იცის, რაც მჭირს. მას ყველაფერს დაუფარავად ვუზიარებ. მხოლოდ ისაა ჩემი ტკივილების ატანის თანამონაწილე და გული დარდით მაქვს სავსე, მასაც რომ სტკივა ჩემ გამო. ვცდილობ, დარჩენილი დღეები ისე ვიცხოვრო, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოვასწორო და იმ ადამიანებს დავუახლოვდე, რომლებმაც ადრე მაწყენინეს ან მე ვაწყენინე. მინდა, ვალმოხდილი წავიდე და არავინ თქვას, სიკვდილის ღირსი იყოო. სიკვდილს მხოლოდ ის იმსახურებს, ვინც თავად კლავს. მე კი არავინ მომიკლავს და არც ცუდი მისურვებია სხვისთვის...

ეს ავადმყოფობა კი დიდი განსაცდელია, რომელიც უფალმა ალბათ, იმისთვის მომივლინა, რომ ცოდვები გამომესყიდა, სიკვდილამდე დავფიქრებულიყავი ჩემს წარსულზე და ყველაფერი ისე გამეკეთებინა, რომ საბოლოოდ, განწმენდილი გადავსახლებულიყავი იმქვეყნიურ სამყოფელში.

ძალიან ვდარდობ, ჩემი სიკვდილის შემდეგ ოჯახი როგორ განაგრძობს ცხოვრებას? როგორ აიტანენ უჩემობას? არ მინდა, ძალიან დარდიანები იყვნენ და შავ ძონძებში გამოწყობილებმა იარონ. მინდა, ისეთივე ხალისიანებად დარჩნენ, როგორებიც ახლა არიან. ჩემი დღეები დათვლილია, მაგრამ ამას არ ვნაღვლობ, კარგა ხანს ვიცხოვრე და ამქვეყნად გატარებული დრო სასიამოვნოდ მახსენებს თავს ყოველ წუთას. ამ ცხოვრებაში დავიმსახურე უამრავი ადამიანის სიყვარული. იშვიათად, მოწმენდილ ცაზე ღრუბლები რომ გამოჩნდება, ისე - იყო წყენაც სხვადასხვა ადამიანის მხრიდან, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია, კაცთმოძულე არასდროს ვყოფილვარ და ვერც მაქცია ასეთად წუთისოფელმა. (გაგრძელება)