"ისეთი კაცი უნდა გავმხდარიყავი, რომ იმ გოგოს ვერც კი ეფიქრა, სად შენ და სად მეო?!" - კვირის პალიტრა

"ისეთი კაცი უნდა გავმხდარიყავი, რომ იმ გოგოს ვერც კი ეფიქრა, სად შენ და სად მეო?!"

"ვიცოდი, რა დროს გამოდიოდა სკოლიდან და როგორც კი შესაძლებლობა მეძლეოდა, გავრბოდი, ვუთვალთვალებდი"

ბავშვობიდან ერთი გოგო მომწონდა. შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მე გლეხის ბიჭი ვიყავი. ზაფხულობით ნათესავებთან ჩამოჰყავდათ სოფელში. რომ დავინახავდი, ვშტერდებოდი. ვერავინ ხვდებოდა მიზეზს, - ვუსმენდი ახალგაზრდა კაცს, რომელიც ღიმილით ჰყვებოდა ამბავს და ვფიქრობდი, ნეტავ სიყმაწვილის დროინდელი ლამაზი თავგადასავალი ტრაგიკულად არ დაასრულოს-მეთქი...

გიორგი: - რაც ვიზრდებოდი, მით უფრო მიჭირდა გრძნობის დაფარვა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მის წრეში გავრეულიყავი, მხოლოდ ფარულად თვალთვალს ვჯერდებოდი. ერთი რამ ვიცოდი, ისეთი კაცი უნდა გავმხდარიყავი, რომ იმ გოგოს ვერც კი ეფიქრა, სად შენ და სად მეო?!

მასზე ერთი წლით უფროსი ვიყავი. ამიტომაც ჯერ მე დავამთავრე სკოლა. იმავე წელს ჩავირიცხე უმაღლეს სასწავლებელში იმ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობდა. ვიცოდი, რა დროს გამოდიოდა სკოლიდან და როგორც კი შესაძლებლობა მეძლეოდა, გავრბოდი, ვუთვალთვალებდი. ასე ტანჯვაში გავიდა ერთი წელი. ისიც ჩაირიცხა უმაღლესში. ერთ დღეს ბედმა გადაწყვიტა ყველაფერი. კონფერენციაზე მეჩქარებოდა. კიბეზე ჩამოვრბოდი და ლიკას დავეჯახე. დაეცა. ძალიან შევწუხდი, ეს როგორ დამემართა-მეთქი. წამოვაყენე. მიუხედავად იმისა, რომ მუხლი გადაგლეჯილი ჰქონდა და სისხლი მოსდიოდა, აქეთ დამამშვიდა - არა უშავს, ძალით ხომ არ გიქნიაო. მერე არ მახსოვს, როგორ ავიტაცე ხელში, ტაქსი გავაჩერე და საავადმყოფოში მივიყვანე.

- გაუმხილე, მთელი ბავშვობა რომ გიყვარდა?

- მხოლოდ ქორწინების შემდეგ.

- მეშინოდა, რომ თქვენს ამბავს გულისმომკვლელი ბოლო ექნებოდა.

- ლიკა სამი წლის წინ გარდაიცვალა სიმსივნით. სამი შვილი მყავს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცოლი ჩემ გვერდით აღარ არის, ბედნიერი ვარ, მან ხომ სამი ანგელოზი დამიტოვა.

- ახალგაზრდა კაცი ხართ, ბავშვებიც ალბათ პატარები არიან, არც თქვენთვის უნდა იყოს იოლი ცოლის გარეშე მათი გაზრდა და შვილებსაც ალბათ უჭირთ.

- ლიკა ცოტა ხანს იყო ჩემს გვერდით, მაგრამ ეს მთელ ცხოვრებას უდრის. ჩემი დარჩენილი სიცოცხლე არის იმისათვის, რომ შვილები ფეხზე დავაყენო და მერე მშვიდად დაველოდო ჩემი წასვლის დროს, როცა ალბათ კიდევ შევხვდები ქალს, რომელიც, მხოლოდ ჩემთვის გაჩნდა. როცა ახლობლები გვიყურებდნენ, ისინიც ამას ამბობდნენ, ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილებიო.

- ხომ არ ნანობ, რომ ადრეულ ასაკშივე არ დაუმეგობრდი?

- არა, ზუსტად მაშინ შევეჯახე, როდესაც მის გარეშე მართლა შეუძლებელი იყო სიცოცხლე...

სოფო გამრეკელი