"ქეთის სართულის აივნიდან გადავხტი ისე, რომ მას ჰგონებოდა, გადავვარდი - ასე მოვიტეხე ფეხი და აღმოვჩნდი საავადმყოფოში" - კვირის პალიტრა

"ქეთის სართულის აივნიდან გადავხტი ისე, რომ მას ჰგონებოდა, გადავვარდი - ასე მოვიტეხე ფეხი და აღმოვჩნდი საავადმყოფოში"

"სახიფათო ავანტიურაზე წავედი, ქეთის სართულის აივნიდან გადავხტი ისე, რომ მას ჰგონებოდა, გადავვარდი. ასე მოვიტეხე ფეხი და აღმოვჩნდი საავადმყოფოში"

- გოგო რომ გამეცნო, მისი ბინის თავზე ვიქირავე ბინა, წყალი ჩავუშვი, რათა სარემონტო გამხდარიყო. იმდენი სიგიჟე ჩავიდინე, კაცი ვერ დაიჯერებს," - ამბობს 27 წლის ნიკა და ამატებს, - შეყვარებული მამაკაცი ყველაზე თავზე ხელაღებულიაო.

ნიკა: - ქეთის ერთხელ შუაღამისას გადავეყარე ქუჩაში. ხელში ვიოლინო ეჭირა. მთვრალი ვიყავი. ზუსტად არც მახსოვს, მაშინ რა მოხდა. ვიღაც ორმა ხულიგანმა რაღაც მკითხა ან მთხოვა, ალბათ უხეშად ვუპასუხე და შემდგნენ. იმ საშინელებიდან დამამახსოვრდა მხოლოდ ქალის განწირული კივილი, მერე შეშლილი სახე და ერთ-ერთი მოძალადის თავზე დაშვებული რაღაც საგანი. საავადმყოფოში მოვედი გონს. ერთი კვირა ვიშუშებდი იარებს და ვცდილობდი, იმ ღამის კადრები აღმედგინა. მხოლოდ იმ გოგოს სახე მახსოვდა. ტვინის დიდი ჭყლეტის, იმ ტერიტორიაზე ხეტიალის და გაკითხვა-გამოკითხვის შედეგად დავადგინე, ვინც გადამარჩინა. ქეთი არის ძალიან მამაცი, მკაცრი. არ უყვარს მამაკაცებისგან ყურადღება და მხოლოდ მათ წყალობს, ვინც თვალში მოუვაო, - მითხრეს მისმა ნაცნობებმა. მაინც ვცადე დაახლოება, ვუთხარი, მე ის ვარ, შუაღამისას რომ გადაარჩინეთ-მეთქი. არც შეიმჩნია, - რაღაც გეშლებაო, საკმაოდ უხეშად მომიშორა. როგორც გავიგე, ქეთი მოხუც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, მშობლები და ძმები ავტოკატასტროფაში დაღუპვოდა.

- მითხარი, მისი ბინის თავზე ბინა ვიქირავეო.

- სიგიჟე ჩავიფიქრე. ბინაში გადასვლის მესამე დღეს წყალი საგანგებოდ ჩავუშვი.

- ასე ხომ ის ბინაც დაზიანდებოდა, სადაც ცხოვრობდი?

- ბინის პატრონს რომ ვუთხარი, წყალი დამრჩა მოშვებული და იატაკი აიყარა, მაგრამ ახალს დაგიგებ-მეთქი, სიხარულით დამუნჯდა - ძველისძველი, დამპალი პარკეტი ჰქონდა. მოკლედ, მთელი ღამე ვალბობდი ქეთის სახლს. დილით გამწარებული ამოვიდა. არც იცოდა, რომ ბინა გაქირავებული იყო. ვუთხარი, გაგირემონტებ-მეთქი.

- ვერ გიცნო?

- ვერა. რადგან ძალიან გამწარებული იყო, მაგრამ სახლში რომ მივაკითხე მუშებთან ერთად, მაშინღა დამაკვირდა. მეც ვისარგებლე, - უი, თქვენ ჩემი მხსნელი არ ხართ-მეთქი? რემონტის დროსაც ვერ მოვახერხე მისი გულის მოლბობა და სახიფათო ავანტიურაზე წავედი - მეორე სართულის, ანუ ქეთის სართულის აივნიდან გადავხტი ისე, რომ მას ჰგონებოდა, გადავვარდი. თან ეს მას შემდეგ გავაკეთე, რაც ბებიამისმა დაიწუწუნა, - აივანზე წვიმა ასხამს და ყველაფერს ალბობს, თუნუქის პატარა სახურავი რომ დამამატებინა, დავისვენებო. მე გაგიკეთებ-მეთქი. გავაკეთე და მერე ვითომ გადავვარდი. მოვიტეხე ფეხი და აღმოვჩნდი საავადმყოფოში. დადიოდა ქეთი, ბებიის ნაცვლად ბოდიშებს მიხდიდა, აღარ იცოდა, რა ექნა, მაგრამ ფეხზე დავდექი თუ არა, ისევ გაცივდა. ორი კვირის წინ გავიგე, რომ ვიღაც მუსიკოსს მიჰყვება ცოლად. მე კი ისე მიყვარს, რომ ვიცი, დღეები მის გარეშე ჯოჯოხეთს დაემსგავსება. ვიცი, რომ ბებიამისი ამ გაზეთს კითხულობს - ამ რუბრიკაზე გიჟდება, რადგან რემონტის დროს მუშებს უკითხავდა ვიღაცების პირად ამბებს. ამიტომაც გიამბეთ ყველაფერი, რომ ბებიამისმა ნახოს და უთხრას, რას ვფიქრობ. მიყვარხარ, ქეთი და არ გამოვრიცხავ, რომ შენ გამო მაშინაც ჩავიდინო სიგიჟე, ქმარი რომ გეყოლება...

სოფო გამრეკელი