2017 წლის სტილი, მოდა, ვარცხნილობა - კვირის პალიტრა

2017 წლის სტილი, მოდა, ვარცხნილობა

რას ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე კალაძის ახალ იმიჯზე

2017 წელი ახლოვდება და მზადება ახალი წლის ღამისთვის უკვე აქტიურ ფაზაშია. მალე "მამალიც იყივლებს" და ახალი წლის დადგომას გვამცნობს. აღმოსავლურ ქვეყნებში მამალი მზესთან ასოცირდება, ინდიელები მას ხორცშესხმულ მზის ენერგიას, იაპონელები კი პირველ სხივს უწოდებენ. სწორედ მამლის თვისებებიდან გამომდინარე, მსოფლიო მოდის სახლები თავიანთ რეკომენდაციებსა და ტენდენციებს გვიზიარებენ. ქართველი მოდის მიმდევრები დიდი ხანია ინტერესით ადევნებენ თვალს ავთანდილის შემოქმედებას. ამიტომაც დავუკავშირდით მას წინასაახალწლო დღეებში, რათა მიგვეღო რჩევები, თუ როგორი სამოსით შევხვდეთ ახალ წელს და რა ტენდენციები იქნება აქტუალური მოდის სამყაროში 2017 წელს.

- ახალ წელს მსოფლიო მოდის ტენდენციებზე მეტად ზოდიაქოს ნიშანს ითვალისწინებენ ხოლმე და ცდილობენ სამოსი ჰოროსკოპს მიუსადაგონ. მე უფრო რეალობას მორგებულ კაბებს ვთავაზობ. ამიტომ ქალებს ვურჩევ, დახვეწილი, სადა ფერის კაბა მოირგონ, რომელსაც, ვთქვათ, იმ აქსესუარებით გავაწყობთ, რომელიც მამალს მოეწონებოდა. იყოს გამოყვანილი, ან გაშლილი შავი კაბა, ოღონდ ბრჭყვიალა აქსესუარებით გაწყობილი. რაც უფრო დიდ და ლამაზ აქსესუარებს გამოიყენებთ, მით უკეთესი.

2017 წელს მოდური იქნება მწვანე და მკვეთრი სამოსი, გაწყობილი ცეცხლოვანი წითლით. უკვე წარვადგინეთ Mersedes Benz-ის კვირეულზე 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია. ეს არის ძალიან თამამი ქალი, რომელსაც უყვარს ფარჩა, ოქროსფერი, დაგოფრილი, დიდპრინტიანი ქსოვილები. აქტუალურია თეთრი და შავი ზოლების სინთეზიც.

მომავალი სეზონის დიზაინში ძალიან ბევრი სიყვარულია, რაც გულების სახით არაერთ დიზაინერს აქვს წარმოდგენილი. სამწუხაროდ, გასული წელი დატვირთული იყო აფეთქებებით თუ ტერორისტული აქტებით და გულები ერთგვარი მესიჯია ადამიანებისთვის - გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

- როგორი სილუეტებია წელს მოდური?

- ისევ და ისევ თავისუფალი, სპორტ-შიკი, ძირითადად, პრაქტიკული, დიდი ზომის ტანსაცმელი, რომელიც არც ისე ძალიან მომწონს და ჩემს მოდელებში წელის დაფიქსირება შევთავაზე მოდის მიმდევრებს. მე მომწონს, როცა ქალი ქალს ჰგავს. ძალიან მიყვარს გამოყვანილი სილუეტები და ჩემს კოლექციებში ყოველთვის მაქვს ბლოკი ასეთი სილუეტებით, თუმცაღა იმ ხედვით, რომელიც სეზონზე იქნება აქტუალური.

რაც შეეხება ფეხსაცმელს - საღამოს კაბებთან სპორტული ფეხსაცმლის შეხამება კვლავაც მოდური იქნება, მაგრამ კლასიკურ, მაღალქუსლიან სექსუალურ ფეხსაცმელს, ალბათ, ვერც ერთი ფეხსაცმელი ვერ შეედრება. მოდური იქნება ბოტფორდებიც - ზაფხულშიც და ზამთარშიც. დიდი ხანია მაღალყელიანი ჩექმა ასეთი აქტუალური არ ყოფილა.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, სეზონურად ვმონაწილეობდით შოურუმებში, მილანშიც, პარიზშიც, Mersedes Benz-ის ფეშენვიკში. იანვრის ბოლოს წავიღებთ მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას. ახლა ახალი წლის კოლექციებს ვამზადებთ.

- როგორია ქართული პოლიტიკური მოდა?

- დღეს იმდენად პირველ პლანზე დგას ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ალბათ, ნაკლებად გვაინტერესებს, როგორი სამოსი აცვია ამა თუ იმ პოლიტიკოსს. თუმცაღა დიდი ყურადღება უნდა მიექცეს დრესკოდს, პოლიტიკოსის სამოსი ყოველთვის ინდივიდუალური და, იმავდროულად, საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს, ეს შეეხება ვარცხნილობას, მაკიაჟსა და ფეხსაცმელსაც...

- თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი ქართველი პოლიტიკოსი?

- გამიჭირდება დასახელება...

- კახი კალაძის ახალი იმიჯი როგორ მოგწონთ?

- მომწონს, როცა ადამიანი ექსპერიმენტებს ატარებს.

- რას ეტყოდით "კვირის პალიტრის" მკითხველს?

- მოდა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, მორგებულია ადამიანის ცხოვრებასა და მის სულიერ მდგომარეობაზე. ყველას ვუსურვებ დიდ სიხარულს, კარგი სამოსის, კარგი ფეხსაცმლისა და კარგი სახლის შეძენის შესაძლებლობას, იმის საშუალებას, რომ ადამიანებმა დანაზოგი გააკეთონ.

მნიშვნელოვანია, რა ტიპის გამოცემას აძლევ ინტერვიუს და ხშირად უარსაც ვამბობ ხოლმე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს შეხედულებებს თქვენს მკითხველს. "კვირის პალიტრის" ყველა თანამშრომელსა და მის მკითხველს ვუსურვებ კიდევ უფრო განვითარებას და ვულოცავ ახალ წელს.

ეკა სალაღაია