"დე, მე შენგან შორს არ ვარ"...
"დე, მე შენგან შორს არ ვარ"...
"ჩვილი არ დაანახოთ დედას, ასე უფრო იოლი იქნება მისი მოშორება"

ბევრი უშვილოს ოცნებაა ბავშვი. ქალები ზოგჯერ დაუსრულებელ მკურნალობასაც არ ერიდებიან, ოღონდ კი დედობა ეღირსოთ; სამწუხაროდ, ზოგიერთ ქალს ღმერთმა შვილი მისცა, მაგრამ მის გაზრდას, რაღაც მიზეზთა გამო, ფულადი ანაზღაურება ამჯობინა.

თეა თ. -სთვის გაუნელებელი ტკივილია თავისი წარსული. დღეს იგი 27 წლისაა. გაიზარდა სამეგრელოში, მარტვილის რაიონში, მაგრამ როგორც ამბობს, მისი ფესვები გორიდან არის. დღემდე ეძებს თავის ბიოლოგიურ დედას. მამის გაცნობის სურვილი არ
გასჩენია, რადგან დარწმუნებულია, რომ იმ კაცმა დედამისი ადრეულ ასაკში მოატყუა და მიატოვა. რომ არა ამ კაცის ღალატი, თეას ბიოლოგიური დედა ბავშვზე უარს არასდიდებით არ იტყოდა.

თეამ ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვა თავის წარმომავლობაზე, იცის, რომ 1983 წლის იანვარშია დაბადებული. ბაბუამ ორსული ქალიშვილი მშობიარობამდე ერთი თვით ადრე
მიიყვანა ხონის სამშობიაროში.

თეას დიდი იმედი აქვს, რომ ამ წერილს ბევრი წაიკითხავს და გამოეხმაურება. ეგებ, დედაჩემმაც ამოიცნოს თავისი თავი, გაახსენდეს წარსული და დიდი ხნის უნახავი შვილი წლების მერე მაინც ნახოსო.

KvirisPalitra.Ge1982 წელი იდგა. ნანა (თეას ბიოლოგიური დედა), იმ წელს სკოლას ამთავრებდა. მამამისი, თანამდებობის პირი იყო, მეტად მკაცრი კაცი. შიშობდა, ჩემი ლმობიერებით შვილები ისე არ გავათამამო, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგანო, ამიტომ ცოლი შინ დასვა - ოჯახს და შვილებს მიხედე და არაფერს მოგაკლებთო. დედა ჩინებული დიასახლისი გამოდგა. მისთვის ქმრის სურვილი კანონი იყო. ნანა, უფროსი შვილი, ძალიან კარგად სწავლობდა და ექიმობაზე ოცნებობდა. არავის ეეჭვებოდა, რომ სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხებოდა ინსტიტუტში.

აპრილის თვე იყო, დედას რომ გამოუტყდა, ერთ ბიჭს ვუყვარვარ და მეც ძალიან მომწონსო... ხუთი წლით უფროსია ჩემზე, ჩვენი რაიონიდან არის, თბილისში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობს და ჩემი ცოლად შერთვა უნდაო... ისე გატაცებით ელაპარაკებოდა შეყვარებულზე, რომ ქალი მიხვდა, მის შვილს პირველი სიყვარული სწვეოდა. სხვა დროს შეიძლება თანაეგრძნო შვილისთვის, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო - წინ გამოცდები ელოდა გოგოს, ამიტომაც  შვილს უსაყვედურა - სიყვარულზე ფიქრს თავი დაანებე, ახლა გამოცდებისთვის უნდა იზრუნოო. დედამ კი უთხრა ეს, თვითონაც დაეთანხმა, მაგრამ სიყვარული მაინც თავისას შვრებოდა. ბიჭიც არ ასვენებდა, - შაბათ-კვირას მაინც დამითმე ერთი-ორი საათიო, - ეხვეწებოდა და ისიც, ხან მეგობრის ოჯახში ხვდებოდა მას, ხან კინოში შეიპარებოდნენ ერთად...

მისაღებ გამოცდებზე ნანას ერთი ქულა დააკლდა... მამამ დაამშვიდა, - არა უშავს, მოემზადები და გაისად ჩააბარებ, მთავარი ისაა, რომ მეტი დრო გექნება სამეცადინოდ. მამამ არაფერი იცოდა, დედამ კი კვლავ საყვედურებით აავსო - სიყვარულობია რომ არ წამოგეწყო, ახლა სტუდენტი იქნებოდიო.
შეყვარებულები ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. მაისში ბიჭმა ინსტიტუტი დაამთავრა და გორში დაიწყო მუშაობა. ბინაც ქალაქის გარეუბანში იქირავა...

როცა ნანა შეყვარებულს გამოუტყდა, - ორსულად ვარ და ეს რომ მამამ გაიგოს, ორივეს მოგვკლავს, ამიტომ სჯობს, ჩუმად მოვაწეროთ ხელიო, ბიჭი დაიბნა, მართალია, ის კარგა ხანს ცდილობდა მდიდარი და გავლენიანი მამის შვილის გულის მონადირებას, მაგრამ როცა გოგონა იოლად "მოიხელთა", ნელ-ნელა გრძნობა გაუნელდა. ახლა სულ სხვა გეგმა და მიზნები ჰქონდა. ერთი წლის მუშაობის მერე ისევ თბილისში სურდა დაბრუნება, ოჯახის ტვირთი კი სრულიად ზედმეტი იყო მისთვის. კარიერასა და უფრო მდიდარი, თანაც თბილისელი გოგოს ცოლად შერთვაზე უნდა ეზრუნა.
ერთხელაც, მასთან დილაადრიანად მისულ ნანას კარი ჩარაზული დაუხვდა; არადა ბიჭმა ერთი კვირის წინ უთხრა, - სოფელში მივდივარ, რამდენიმე დღეში ჩამოვალ და ყველაფერზე მოვილაპარაკოთო...

ბიჭი თითქოს ცამ ჩაყლაპა. მის სოფელში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ბოლო წუთებში გადაიფიქრა. დედას გაუმხილა ყველაფერი. თავში ხელი შემოირტყა ქალმა, მაგრამ საქმეს რაღა ეშველებოდა? გულის კანკალით უთხრა ქმარს, - უბედურება დაგვატყდა თავს... იქნებ მოიფიქრო რამე, რომ საქვეყნოდ არ შევრცხვეთო. გადაწყვიტეს, - ერთხანს შინ ჰყოლოდათ ურჩი და გულს აყოლილი ქალიშვილი, მშობიარობამდე ერთი თვით ადრე კი ხონში წაეყვანათ (იქ ნაცნობი ექიმი ჰყავდათ) და იქ ემშობიარა... ის ექიმი წინდაწინ მოინახულეს. იმან დაამშვიდა:

შენ არ ხარ პირველი და უკანასკნელი, ვისაც ასეთი რამ დაემართა, ამიტომ ნუ ინერვიულებ. ბავშვის აყვანის მსურველი უამრავია, ისინიც გაბედნიერდებიან და თქვენც იოლად ჩამოირეცხავთ სირცხვილსო... მშობიარობამ გაურთულებლად ჩაიარა. ექიმს ბავშვის დაბადებისთანავე უთქვამს: - ჩვილი არ დაანახოთ დედას, ასე უფრო იოლი იქნება მისი მოშორებაო...

ეს ამბავი თეა თ.-ს ვარაუდია. მან ამ ამბიდან მხოლოდ რამდენიმე რამ იცის დაზუსტებით - რომ ბაბუამისი მართლაც გავლენიანი კაცი იყო, მან ბავშვის სანაცვლოდ ფული არ აიღო, რომ დედამისი 18-19 წლისა იყო მაშინ და სახელად ნანა ერქვა.

თეას გაშვილება კი უცებ გადაწყდა. მისი გამზრდელები მარტვილელები იყვნენ. უშვილო ცოლ-ქმარს ძროხა გაუყიდია ბავშვის "საყიდელი" ფულის შესაგროვებლად. ნაცნობებს უთქვამთ, - გოგოს 10.000 მანეთად (საბჭოთა ფული) მოგცემენ, ბიჭი კი ორმაგი ღირსო. და რადგან მათ მხოლოდ ათი ათასი ჰქონდათ, გადაწყვიტეს, გოგონა ეშვილებინათ. სულ მალე გააგებინეს, რომ ხონის სამშობიაროში ერთმა ლამაზმა (შეცდენილმა!) გოგომ ბავშვი გააჩინა, რომელზედაც უარს ამბობდა. გახარებულმა ცოლ-ქმარმა ფული ექიმებს ჩაუთვალეს, პატარა კი, რომელსაც თეა დაარქვეს, შინ წაიყვანეს... თეა არც ისე დიდი იყო, როცა სიმართლე გაუმჟღავნეს. მას მერე თეა დედას ეძებს.

თეა თ.
- ისე მენატრება დედა, ახლაც კი ვტირი ხოლმე. მე მას არ ვამტყუნებ. პატარა იყო, ალბათ გარემოების გამო იძულებული გახდა, სწორედ ისე მოქცეულიყო, როგორც მოიქცა. ბაბუაჩემს უნდოდა, რომ შვილისთვის სირცხვილი ჩამოერეცხა და იმიტომაც გამაშვილეს. მის ღირსებაზე ის მეტყველებს, რომ უარი თქვა ფულზე. ეს ერთი ნაცნობი ექთანისგან გავიგე, რომელიც 80-იან წლებში ხონში მუშაობდა. სამწუხაროდ, მას აღარ ახსოვს დედაჩემის გვარი. ხონის სამშობიაროს არქივში მითხრეს, - წლების წინ არქივში ცეცხლი გაჩნდა და ყველა დოკუმენტი დაიწვაო.

ვინ იცის, ახლა სადაა დედაჩემი? ალბათ ოჯახი ჰყავს, ჰყავს შვილებიც, ჩემი ნახევარდები ან ძმები... დარწმუნებული ვარ, იგი ვერ დაივიწყებდა სიყრმის შვილს და დღემდე ჩემზე ფიქრობს, მეძებს. მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით ვუთხრა: - დე, მე შენგან შორს არ ვარ, აქვე, ახლოს, მარტვილში ვცხოვრობ და ყოველდღე შენს გზას გავყურებ.

ჩემი გამზრდელები მოხუცდნენ, ძალა გამოელიათ. მე მათზე სამდურავი არ მეთქმის. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გამიკეთეს, კარგი დიასახლისობა ვიცი, ხელიდან ყველაფერი გამომდის, მაგრამ ოჯახში მაინც ძალიან გვიჭირს. თბილისშიც ვცადე მუშაობა, მაგრამ სადაც მივედი, დამიწუნეს - 20 წლის რომ იყო და გამხდარი, სამუშაოდ აგიყვანდითო.

მოდელად ხომ არ ვიწყებ მუშაობას, გემრიელი საჭმელების მომზადება ვიცი და მინდა სადმე კულინარად ან მზარეულად მოვეწყო, რომ მინიმალური შემოსავალი მაინც გამიჩნდეს... დე, მე შენ არც ფულს გთხოვ, არც ბინას, მხოლოდ შენი სითბო და სიყვარული მჭირდება. თუ ამ მონათხრობში შენი თავი იცნო, გთხოვ, გამომეხმაურო. ამ რუბრიკის ავტორმა ჩემი კოორდინატები იცის.
შენი მოყვარული თვალით უნახავი შვილი.
მაია
21 ივნისი 2016 01:16
რატომ არიან ასეთი უგულიები.დაუბრუნდით შვილებს.და თუ გაპატიათ.თავი დაუხარეთ,ნუ ხართ უგულიოოო
მე
05 თებერვალი 2016 13:57
მეც შენსავით იმ იმედით მოვძებნე დედა რომ ჩამიხუტებდა,მომესიყვარულებიდა და მეტყოდა,,მე აქ ვარ,ხელს აღარასიდეს გაგიშვებ შვილო,,მაგრამ შევცდი,მოვძებნე,ვნახეთ ერთმანეთი,ბედნიერებისგან ფეხს ვეღარ ვაბიჯებდი დედამიწას.ორი თვის შემდეგ ტელეფონს აღარ პასუხობდა,ბოლოს ნომერიც გამოცვალა.მე მაშინ მოვკვდი...ტყუილია ყველაფერი,თუ უნდა როგორ ფიქრობ შენ თუ ეძებ ის ვერ მოგძებნიდა?ამდენი წლის განმავლობაში რამე გზას ვერ მიაკვლია რომ მოეძებნე?ეს ჩვენ გვენატრება,ჩვენ ვაგებთ ფარატინა კოშკებს რომ,ვუყვარვართ და ნანობს ჩადენილ საქციელს.
natia
26 დეკემბერი 2014 19:20
Ra yvelas ert zgapars uyvebian es eqimeni,titqosda srqivs cecxli gauchna?neta sad inaxeba es sabutebi ase advilad,rom ichndeba xandzari.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები