"მოპოვებული" სიყვარული - კვირის პალიტრა

"მოპოვებული" სიყვარული

დღეს სასურველ და უკარებად ცნობილ გოგონასთან დაახლოება ძნელი აღარაა, რადგან მისი პირადი ნომრის გაგება საკმაოდ გაიოლდა. როგორ და რა გზით? ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდება. ეს მობილური ტელეფონების ჩასარიცხი აპარატები გახლავთ.

სრულიად შემთხვევით მოხვდა თემო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა წვეულებაზე. მისი მეზობელი ბექა ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა და ეზოში "მონარდე მონავარდე" თემო რომ დაინახა, შესთავაზა: - გაანებე ამ პენსიონერებს თავი, წამო, აკადემიის სტუდენტები საღამოს ვაწყობთ, მერე ფურშეტი იქნება და ბევრ კარგ გოგოს გაიცნობო. თემომაც დაუჯერა "დამთხვეულ" მხატვარს, შინ აირბინა, ტანსაცმელი გამოიცვალა და მეზობელთან ერთად აკადემიაში გაემართა.

უამრავ ახალგაზრდას მოეყარა თავი... და, როგორც რომანტიკულ ფილმშია ხოლმე, ბიჭი ლამაზ გოგოს რომ მოჰკრავს თვალს და შენელებული კადრით აჩვენებენ მონუსხული ბიჭის მზერას და მოძრაობას, ისე მოუვიდა ჩვენს თემოსაც. თვალს ვერ სწყვეტდა გრძელ, წითელკაბიან გოგონას, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა. ენის ბორძიკით ჰკითხა მეზობელს, - რა ჰქვია ამ მზეთუნახავსო. ლილეო, - უპასუხა მან. სახელიც რა ლამაზი ჰქონიაო, - ჩაილაპარაკა თემომ და მისი ტელეფონის ნომრის გაგება გადაწყვიტა. ამაზე კი ბევრი იცინა მეზობელმა, - შენ კი არა, მისი ნომერი არც ერთმა ბიჭმა არ ვიცით, დიდი უკარება ვინმეა, თავს არავის უყადრებსო...

სწორედ იმ საღამოს დადეს ნაძლევი მეზობლებმა და შეთანხმდნენ - თუ თემო ორ კვირაში გაიგებდა ლილეს ნომერს და მასთან ლაპარაკსაც მოახერხებდა, ბექა რესტორანს კისრულობდა. ბექამ და მისმა კურსელებმა გააფრთხილეს თემო, - არ მიხვიდე და არ გამოელაპარაკო, თორემ საქმეს ისე გააფუჭებ, აღარაფერი ეშველებაო...

თემომ გადაწყვიტა, ედევნა ლილესთვის. დარწმუნებული იყო, პირველ დღეს თუ არა, მეორე, მესამე ან რომელიმე დღეს გოგონა აუცილებლად მივიდოდა ჩასარიცხ აპარატთან. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც თემოს გაუმართლა.

თვალთვალის მეხუთე დღეს ლილე შინიდან გამოვიდა და თემოც აჩრდილივით აედევნა. გოგო აფთიაქში შევიდა. თემოც შეჰყვა. მერე იქვე ჩასარიცხ აპარატს მიუახლოვდა და ნომრის აკრეფა დაიწყო. თემოც შორიახლოს დადგა (ვითომ რიგში იყო!) და კარგად დაინახა, ლილემ როგორ ჩაირიცხა 5 ლარი თავის ინკოგნიტო და ბევრისთვის გასაიდუმლოებულ ნომერზე. გოგონა აფთიაქიდან გავიდა და თემომაც ამოისუნთქა... ახლა შეეძლო თბილი, სიყვარულით სავსე მესიჯები გაეგზავნა საოცნებო გოგოსთვის და მაშინვე მისწერა: "ჩემო თვალნათელო, ჩემო მშვენიერო, ჩემო იდუმალო და ზღაპრულო ქალბატონო, გთხოვ, შემიწყალე და ხანდახან პასუხი გამეცი. სხვა ჯერჯერობით არა მინდა რა. მერე კი ბედმა გადაწყვიტოს ყველაფერი".

რამდენიმე წუთში პასუხი მიიღო: "ვინ ხარ და საიდან გაიგე ჩემი ნომერი?" რა თქმა უნდა, თემომ არ გაუმხილა, მხოლოდ სახელი არ დაუმალა და ამის შემდეგ ყოველდღე ათობით მესიჯს უგზავნიდა. ისე ლამაზად ეფიცებოდა სიყვარულს, რომ ლილე არც იცილებდა ბიჭს და არც ნომერს ცვლიდა. ამასობაში ორი კვირაც მიილია. დადგა ანგარიშის ჩაბარების დღე. ბექამ თემოს "მოპოვებულ" ნომერზე დარეკა და ლილემ რომ უპასუხა, განცვიფრდა...

მერე თემომ გოგონას შეხვედრა სთხოვა. ლილეს ისე უნდოდა უცნობი თაყვანისმცემლის გაცნობა, რომ დათანხმდა...

პატარა სკვერში შეხვდნენ ერთმანეთს...

იმ საღამოსვე ბექამ ათკაციანი სუფრა გაშალა რესტორანში... რამდენიმე თვის შემდეგ კი იმავე რესტორანში ლილეს და თემოს ქორწილი ზარ-ზეიმით გაიმართა.

ასე მოაგებინა ფულის ჩასარიცხმა აპარატმა თემოს ნაძლევი და ცხოვრების მეგზური.