ვერავის ვაჯერებ, რომ ცოლის ერთგული ვარ - კვირის პალიტრა

ვერავის ვაჯერებ, რომ ცოლის ერთგული ვარ

უკვე 8 წელია, რაც ცოლი მოვიყვანე. ვერ გეტყვით, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია-მეთქი, ყოველთვის დავძვრებოდი ქალებში, მაგრამ ამ ორი წლის წინ ერთი ქალი უზომოდ შემიყვარდა. მე თვითონ არ ვიცი, რა დამემართა...

სულ მასთან მინდოდა ყოფნა, გამუდმებით მასზე ვფიქრობდი და ოჯახში მხოლოდ ღამის გასათევად მივდიოდი. მისი სიყვარულით იმდენად ვიყავი მოჯადოებული, რომ შინაც ვერ ვიკავებდი თავს და მასზე ვსაუბრობდი. ამ ქალს ბელა ერქვა. ავდექი და ოჯახში გამოვაცხადე - ერთი კაცი გავიცანი, ძალზე კარგი პიროვნებაა და დავუძმაკაცდი, თანაც ცოლს გაშორებულია და ორ შვილს მარტო ზრდის-მეთქი. ჰოდა, ამ ჩემს ბელას დავარქვი გელა და ოჯახში გამუდმებით მასზე ვლაპარაკობდი. ერთხელ ცოლმა ფული მთხოვა. - რამდენი გჭირდება-მეთქი? - ასი ლარიო... გადავირიე და ხმამაღლა წამოვაყრანტალე - შენ რომ ასი ლარი მოგცე, გელას რაღა მივცე-მეთქი? - ცოლი გაოცებული მიყურებდა. ბოლოს, მხრები აიჩეჩა...

კიდევ ასეთი რამ შემემთხვა: ჯიბეში ფული მქონდა. ათი ლარი დავიტოვე, დანარჩენი კი ბელას მივეცი. როგორც ჩანს, ჩემმა ცოლმა იცოდა, რომ ფული მქონდა და მთხოვა: 50 ლარი მომეციო. უარი რომ მიიღო, დაინტერესდა, - გუშინ რომ ფული გქონდა, რა უყავიო? - არც ვაციე და არც ვაცხელე - გელას მივეცი-მეთქი. - რად უნდოდაო? - ტანისამოსის საყიდლად და თმის შესაჭრელად-მეთქი. - აქ კი დიდი სკანდალი ატყდა. - ვინ არის ეს ოხერი გელა? რატომ ინახავ მის ოჯახს? რა ვალდებული ხარ, ფული აძლიოო? - რაღა უნდა მეთქვა? მერე გაიგო, რომ ქალი მყავდა და მისი სახელი რომ შეიტყო, მაშინვე მიხვდა, რომ გელა, ბელა იყო...

მერე მე და ბელა დავშორდით, რადგან მას სხვა შეუყვარდა. მე ძნელად გადავიტანე ეს ამბავი. იმის შემდეგ, სხვა ქალს არ გავკარებივარ, მაგრამ ვინ გიჯერებს? თუ ცოტა შემაგვიანდება, იწყება ჩხუბი და აყალმაყალი. ვერავის ვაჯერებ, რომ ცოლის ერთგული ვარ.

იხილეთ ასევე: ქმარმა ყველაფერი მაპატია