სისხლით გამჟღავნებული საიდუმლო - კვირის პალიტრა

სისხლით გამჟღავნებული საიდუმლო

ნატას სისხლის გადასხმა დასჭირდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ მშობლებს და მას სხვადასხვა ჯგუფის სისხლი ჰქონდათ, იმ დღეს პირველად დაეჭვდა, რომ დედ-მამა მისი ბიოლოგიური მშობლები არ უნდა ყოფილიყვნენ

ჩემი ქალიშვილი სამი თვის წინ ავარიაში მძიმედ დაშავდა. ორი კვირა რეანიმაციაში იწვა და გადარჩენის იმედიც კი არ გვქონდა. ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტავ მე ვყოფილიყავი მის ადგილზე და საერთოდ არ მოვსულიყავი გონზე, რადგან ამ შემთხვევამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, - ამბობს ნინო კ., რომლის შვილმაც იარები კი მოიშუშა, მაგრამ ვერაფერს უხერხებს სულში გაჩენილ ტკივილს. ჩემს ქალიშვილს სისხლის გადასხმა დასჭირდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ ჩვენ, მის მშობლებს და ნატას სხვადასხვა ჯგუფის სისხლი გვქონდა.

ნატა: - მაშინ, იმ უმძიმეს წუთებში ამას ყურადღება არც კი მივაქციე, მაგრამ მერე, როცა საფრთხემ გაიარა, გონებაში სისხლის გადასხმის ამბები ამომიტივტივდა. მშობლებთან სისხლით არაფერი მაკავშირებდა, მაგრამ მე და მამიდას ერთი ჯგუფი გვქონდა. საშინლად დავიბენი... მერე დედაჩემს ვთხოვე ამ უცნაური ამბის ახსნა. დედამ ფერი დაკარგა, - მე რა ვიცი სისხლის ჯგუფებიო. მამაჩემს მოვთხოვე, აეხსნა, რა ხდებოდა. მამაც გაფითრდა. აშკარად რაღაცას მიმალავდნენ.

- როგორ შეძელით დაგედგინათ, რომ თქვენი მშობლები არ იყვნენ?

- სხვა რაღა გზა ჰქონდათ? ერთმანეთის მიყოლებით კი იმიზეზებდნენ ცუდად გახდომას, მაგრამ როცა მე მართლა ცუდად გავხდი, სხვა გზა აღარ დარჩათ და მიამბეს საშინელი სიმართლე.

- საშინელი?

- დიახ. ჩემს მშობლებს კარგა ხანს არ ჰყავდათ შვილი. მამიდაჩემი კი ვიღაც კაცისგან დაფეხმძიმდა... ახლა ჩემი ნამდვილი დედა კი ვიცი, ვინც არის, მაგრამ მამის ვინაობაზე წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი, სინამდვილეში რა გვარი ვარ, ვაითუ, ჩემი შვილები ცხოვრებაში სისხლით ნათესავებს გადაეყარონ, ერთმანეთი შეუყვარდეთ, დაქორწინდნენ... ათას საშინელებაზე ვფიქრობ. ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ ის ვიღაც, ვისი შვილიც ვარ და ვისთანაც ოდესღაც მამიდაჩემმა ზღვის სანაპიროზე თავიც დაკარგა და ღირსებაც, აფხაზი ყოფილა. მისი სახელი და გვარი დავივიწყეო. როგორ, შვილს ვისგანაც აჩენ, იმ კაცის სახელი და გვარი როგორ ან რატომ უნდა დაივიწყო? გაცოფებული ვიყავი ამის გამოც და უფრო იმაზე, რომ მის თვალწინ ვიზრდებოდი და ისე მიყურებდა, როგორც ნათესავს და არა - შვილს. სხვისთვის როგორ გამიმეტე-მეთქი? სხვას რატომ, ჩემს ძმას და რძალს მიგაშვილე და ქალი, რომელიც დედა ვერასდროს გახდებოდა, გავაბედნიერეო... მადლიერი ვარ ჩემი გამზრდელის, დედაჩემის, მაგრამ ე.წ. მამიდაჩემი უგულო ადამიანია. არ მესმის, შვილი როგორ უნდა გასცე და თვითონ მშვიდად გეძინოს.

- მამიდას სხვა შვილები ჰყავს?

- კი, სამი, ანუ ჩემი და-ძმები. სამივე ძალიან მიყვარს, მაგრამ მამიდაჩემის დანახვა არ მინდა.

- გამზრდელების მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ?

- როცა მამიდაჩემი ჩემზე დაორსულებულა, მის ძმას, ჩემს გამზრდელ მამას უთქვამს, ბავშვს ვერ გაგაწირვინებ, მით უფრო, რომ ამდენი ხანი შვილს ვნატრობ, ჩემი ცოლი ვერასდროს გახდება დედა და პატარას ჩვენ გავზრდითო. მოილაპარაკეს და რძალ-მული რამდენიმე თვით იალტაში წავიდა, მე იქ გავჩნდი. ყველამ იცის, რომ დედას წოლითი რეჟიმი ჰქონდა და მამიდა უვლიდა. ამიტომაც არავის უეჭვია, რომ მამიდა იყო ჩემზე ორსულად, მეტიც, მისი ორსულობის ამბავი ოჯახის წევრების გარდა არავის გაუგია და რომ არა სისხლის გადასხმის აუცილებლობა, ალბათ საიდუმლოდვე დარჩებოდა.

- არ გინდათ, მამიდის საქციელს გამართლება მოუძებნოთ?

- მინდა, რადგან არასდროს მიცხოვრია სიძულვილით, მაგრამ მიჭირს ვაპატიო.

სოფო გამრეკელი