სიყვარულის გამო თაღლითობაში გაეხვია
27-02-2017
სიყვარულის გამო თაღლითობაში გაეხვია
"ლიკას საქართველოში დაბრუნების დრო რომ დადგა, შევთავაზე, ამერიკაში დარჩი-მეთქი. არ ვიყავი იმ ასაკისა, რომ ოჯახის შექმნაზე მეფიქრა. მიუხედავად ამისა, ლიკას შევთავაზე, დავქორწინდეთ-მეთქი".

ეს ედვარდია, ამერიკიდანაა. ინგლისური ენის მასწავლებლობა კარგად გამოსდის. თუ დაგჭირდება, უხმე, იაფადაც შეთანხმდებით, - მეუბნება ჩემი მეგობარი. ედვარდი მოკრძალებული ახალგაზრდაა, მატერიალურად არ ულხინს. მოგვიანებით მეგობარმა მითხრა, ერთი თაღლითი გოგოს მსხვერპლი გახდა, თითქმის გააკოტრაო. ისე მომინდა ჩვენებურ თაღლითზე შეყვარებული ამერიკელის ამბის გაგება, რომ მივწერე, ინგლისურში მეცადინეობა მინდა-მეთქი. შევთანხმდით. მალე
დავმეგობრდით და სატკივარიც გამანდო.

ედვარდი: - ლიკა ამერიკაში პროგრამით, კოლეჯში სასწავლებლად ჩამოვიდა. ჩემი მეგობრის ოჯახში ცხოვრობდა. იქ გავიცანი. უზომოდ ლამაზი და ჭკვიანია. დანახვისთანავე შემიყვარდა. ჯერ ხუმრობით პასუხობდა ჩემს გრძნობას,­ მერე კი დატკბა. ლიკას საქართველოში დაბრუნების დრო რომ დადგა, შევთავაზე, ამერიკაში დარჩი-მეთქი. ეგ როგორ, აქ არაფერი
მაქვს და არავინ მყავს, ვინ დამეხმარება მატერიალურად, რომ ვისწავლო და ვიცხოვროო. არ ვიყავი იმ ასაკისა, რომ ოჯახის შექმნაზე მეფიქრა. მიუხედავად ამისა, ლიკას შევთავაზე, დავქორწინდეთ-მეთქი. რა დროს ეგ არის, უნდა ვისწავლო, მე კარიერა მაინტერესებს, შენ რა ქართველი ბიჭივით მელაპარაკებიო, - მტკიცა უარი და საქართველოში გამოემგზავრა... ხუთი წელი ერთმანეთს მესიჯებს ვწერდით. 4 წლის თავზე ისევ ვთხოვე, ამერიკაში ჩამოდი, დავქორწინდეთ-მეთქი. ჯერ ისევ დამცინა - შენ ქართველი ხარ და მე ამერიკელიო, რა ოჯახი, რა ცოლობაო. მერე მითხრა, თანახმა ვარ, მაგრამ შენ ჩამოდიო. ჩამოსვლა რომ დავაპირე, ლიკამ მითხრა, ჩემი მშობლები წინააღმდეგი არიან, უცხოელს გავყვე ცოლადო. არ ვიცოდი, რა მექნა. ჩემი ამერიკელი მეგობრები კი მეუბნებოდნენ, ეგ უცხოელი გოგო ძალიან გიბნევს თავგზასო. ლიკას ვუთხარი, მზად ვარ, საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდე-მეთქი. ძალიან კარგიო, მაგრამ სად უნდა ვიცხოვროთო? ვუთხარი, მამიდის ნაანდერძებ სახლს გავყიდი, საქართველოში ვიყიდი და ვიდრე სამსახურს ვიშოვი, თავის შენახვაც შეგვეძლება-მეთქი.

- ჩამოხვედი ფულით და აქ წაგართვეს?

- ასე გამოვიდა. დიდის ამბით მიმიღო ლიკას ოჯახმა. ბინაც შევიძინეთ. სიყვარულმა ისე დამაბრმავა, ვერ მივხვდი, რომ მის ოჯახს მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდა. ბინა ლიკას სახელზე გავაფორმეთ.

- რატომ?

- მოდი, საქორწინო საჩუქარი გამიკეთეო. სიამოვნებით, ულაპარაკოდ დავთანხმდი. დარჩენილი ფული კი ლიკას ანგარიშზე შევიტანე. მე პლასტიკური ბარათი მქონდა, საიდანაც მხოლოდ სამი თვის განმავლობაში შევძელი თანხის გამოტანა. მერე ბარათი დაიბლოკა... აღარ მინდა იმ საძაგლობების განმეორება და გახსენება, რაც ლიკას ოჯახმა იკადრა.

- არ ეცადე, გეჩივლა?

- ფაქტობრივად, სადავო არაფერი იყო. ისიც კი გათვლილი ჰქონდათ, რომ თურმე ბინა რომ გავიფორმეთ, ფარული კამერით მიღებდნენ და ჩემს ადვოკატს წარუდგინეს კადრები, - აბა, ნახე, ამ კაცს ეტყობა, რომ რაიმე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გააკეთაო?

- შენი ცოლი გახდა?

- სამი თვე გაგრძელდა ჩვენი ცოლქმრობა. კანონის მიხედვით, როდესაც ცოლ-ქმარი იყრება, ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონების შუაზე გაყოფა ხდება. ესეც კი გათვლილი ჰქონიათ. ვიდრე ხელს მოვაწერდით, მანამ შევიძინეთ და გავაფორმეთ ბინა.

- უკან დაბრუნებას არ ცდილობ?

- არა. ეს ქვეყანა მომწონს. იქ დაბრუნება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არ მინდა მათხოვარივით ჩავიდე და ვთქვა, რომ გამძარცვეს, რადგან ასეთი რამ ყველგან შეიძლება შეგემთხვეს ქალის გამო. ამ ქვეყანაში კი იმდენი სითბო, ყურადღება და ზრუნვა ვიგრძენი სრულიად უცხო ადამიანებისგან, არ მინდა, ვინმემ თქვენზე ჩემი თავგადასავლის გამო ცუდი იფიქროს. ისიც შესაძლებელია, რომ ერთ დღეს ისევ ქართველი გოგო შემიყვარდეს...

სოფო გამრეკელი
hm-s
08 მაისი 2017 12:46
100 %-ით გეთანხმებით, ჩემი მეზობელი ლუსიკა თურქეთში დადიოდა, იქ ერთი სასტუმროს მეპატრონესთან ცხოვრობდა და ის კაცი იცნობდა როგორც ქართველს.
asmati
21 მარტი 2017 21:21
მასეტებს რა გამოლევ საქარტველოსჰი არავის უნდა ენდო არავის
hm
16 მარტი 2017 20:01
ნიძლავს ჩამოვალ ლიკა კი არა ეგ ქნარიკა იყო, მაგატ ეხერხებატ ეგეტები

რედაქტორის რჩევით