გარდატეხის პერიოდი - კვირის პალიტრა

გარდატეხის პერიოდი

როცა გოგონა მოულოდნელად აგრესიული, უმართავი, თავისნათქვამა და ჯიუტი ხდება

გარდატეხის ასაკი რთული პერიოდია. ჩნდება პრობლემები, რომლებთან გამკლავებაც არათუ მოზარდს, მშობლებსაც კი უჭირთ. ძნელია გაუგო შვილს, მით უფრო ქალიშვილს. პირველი სიყვარული, კომპლექსები, ისტერიკა და ბავშვური დეპრესია - ყოველივე ამასთან სიფრთხილეა საჭირო. რა ვიღონოთ და როგორ გადავლახოთ ეს პერიოდი, თანაც ისე, რომ ურთიერთნდობა შევინარჩუნოთ?

ჭარბი კოსმეტიკის ხმარება და მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმის სურვილი მარტო იმაზე როდი მეტყველებს, რომ გოგონას ყურადღების მიპყრობა სურს, არამედ იმაზეც, რომ ის თავდაჯერებული არ არის და დაკომპლექსებულია. ცდილობს მოწიფული ქალივით მოიქცეს, ხოლო თუ მის მეგობრებს უკვე სამი ზომის მკერდი აქვთ, მისთვის აზღუდის ტარება უაზრობაა, ეს მხოლოდ ართულებს სიტუაციას. აგრესიული ქცევები, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლა მეტყველებს, რომ თქვენს ქალიშვილს გარდატეხის პერიოდი დაეწყო, როცა მაქსიმალურად სჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ახლა კი გეცინებათ პირველი სიყვარულის გახსენებაზე, როცა პატარა და სულელი იყავით და პარალელურკლასელი ბიჭის გამო ტიროდით, თქვენი ქალიშვილი კი ამას პირველად წააწყდა"და დაცინვა მას სულაც არ ამხნევებს, პირიქით, აფიქრებინებს, რომ მისი არ გესმით. გულჩათხრობილი და კონფლიქტური ხდება და დიალოგის სურვილი ეკარგება... თავზე ნუ მოახვევთ საკუთარ აზრს, მშვიდად მოუყევით, როგორ იყო ეს თქვენს ცხოვრებაში, რას განიცდიდით, შეეცადეთ, გაიხსენოთ ის გრძნობები და შეგრძნებები, რომლებსაც განიცდიდით მაშინ, როცა ამდაგვარივე პრობლემა ასევე გადაუჭრელად გეჩვენებოდათ.

გოგონებს ძალიან უჭირთ გარდატეხის ასაკის დაძლევა. სიტუაცია იმითაც რთულდება, რომ გოგონა თითქოსდა ბავშვი აღარ არის, მაგრამ არც ქალია. გოგონები ძალიან სწრაფად იზრდებიან და გარდატეხის ასაკში ბიჭებზე მაღლები არიან. 12-13 წლის გოგონა განიცდის, რომ "მსუქანია","აქვს "უშნო ცხვირი", "საშინელი მუწუკები" და ა.შ. ეს პერიოდი უდგება ყველა ოჯახს, სადაც გოგონა იზრდება. მშობლებმა, განსაკუთრებით დედებმა, უნდა გაითვალისწინონ ამ რთული პერიოდის თავისებურებები.

მწვავე"თემებზე გოგონასთან ზედმიწევნით დელიკატურად და ფრთხილად უნდა ისაუბროთ. საქმე ის არის, რომ მისი მდგომარეობა შეიძლება ძალიან იოლად გადაიზარდოს დეპრესიაში. გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია, კონსულტაციის გავლა ფსიქოთერაპევტსა და ფსიქოლოგთან, თუმცა მიზანშეწონილია ეს განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში გაკეთდეს. ძირითადად კი მშობლებს თვითონაც შეუძლიათ ამ პრობლემებთან გამკლავება, მთავარია მოთმინება.

ამ ასაკში გოგონები ხშირად ინტერესდებიან ჰოროსკოპებით, სიზმრების ახსნით, მარჩიელობით, სურთ ბიჭებს მოსწონდეთ, სიყვარული ეწვევათ და იტანჯებიან, თუ მათი გრძნობები უპასუხო აღმოჩნდა.

ძალიან მნიშვნელოვანია დედას სულიერი კონტაქტი ჰქონდეს ქალიშვილთან, რათა გულითადი საუბრის წარმართვა შეძლონ.ყველაზე საიმედო და ბრძნული გადაწყვეტილებაა, საკუთარი ქალიშვილის საუკეთესო მეგობრად იქცეთ, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში არ შეგაქცევთ ზურგს და თქვენთან სულიერ კონტაქტს შეინარჩუნებს. და თქვენც, როგორც მშობლები, უფრო იოლად გადალახავთ თქვენი შვილის ცხოვრების ამ ურთულეს პერიოდს.

ამ ასაკში ცხიმოვანი ქსოვილი იმატებს და გოგონა დეპრესიაში ვარდება...

გარდატეხის ასაკი გოგონებში: ფიზიოლოგიური ნიშნები და ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ცვლილებები. 11-12 წლის ასაკში ფარისებრი ჯირკვალი გაძლიერებულად იწყებს მუშაობას და ჰიპოფიზი ძალიან ინტენსიურად გამოყოფს ჰორმონებს გოგონას ორგანიზმში, რაც მის ზრდას აჩქარებს და შინაგან ცვლილებებს იწვევს, ეს კი არცთუ იშვიათად მოზარდს აშინებს. გოგონები ბევრ დროს ატარებენ სარკის წინ, სწავლობენ საკუთარ თავს, ინტერესდებიან კოსმეტიკითა და პარფიუმერიით. ამიტომ ამ პერიოდში დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ თქვენი ქალიშვილის გარეგნობაზე საუბარს.

პირველი მესტრუაცია, სარძევე ჯირკვლების ზრდა განწყობაში ფსიქოლოგიური ცვლილებებით ხასიათდება. 8-10 წლის ასაკში ფართოვდება მენჯის ძვლები, მრგვალდება თეძოები. უფრო ინტენსიურად ვითარდება სარძევე ჯირკვლები. ცხიმოვანი ქსოვილი იმატებს, რასაც გოგონა ვერ ეგუება, დეპრესიაში ვარდება. ასევე გაძლიერებით მუშაობს საოფლე ჯირკვლები, თმა და კანი უფრო ცხიმიანი ხდება, რაც გამონაყარს წარმოშობს, ეს კი კიდევ ერთი მიზეზია, რომ გოგონა საკუთარ თავში ჩაიკეტოს და ნებისმიერი კრიტიკის მიმართ ძალიან მოწყვლადი გახდეს. მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შეერწყას კომპანიას, ჩაიცვას მეგობრებივით, ატაროს თანაკლასელების მსგავსი სამკაულები...