ბავშვობის ზღაპარი - ახლა უკვე შორეულ საქართველოზე - კვირის პალიტრა

ბავშვობის ზღაპარი - ახლა უკვე შორეულ საქართველოზე

"ამ უცხო ქვეყანაში ბებოს ლავაშების სურნელი მომდის"

როდის გრძნობს ადამიანი ყველაზე ძალუმად სამშობლოს სიყვარულს? მაშინ, როცა მის ქვეყანას ძალიან უჭირს, მტერი მტკაველ-მტკაველ, ქურდულად რომ ჰპარავს მიწას; მაშინ, როცა შენდება და ულხინს, თუ მაშინ, როცა სამშობლოდან ძალიან შორს მყოფს ნელ-ნელა იპყრობს სევდა... სევდა, რომელიც ფესვებიდან მოწყვეტას მოაქვს.

ეკა ვერასდროს იფიქრებდა, რომ საქართველოდან ძალიან შორს წავიდოდნენ მისი შვილები. ის ხომ დაბადებიდან უნერგავდა მათ სამშობლოს სიყვარულს, ძილის წინ ზღაპრებთან ერთად, ჩვენი წარსულიდან უამბობდა საგმირო ამბებს და სალომესა და კახასთვის ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ლაშა-გიორგი, დემეტრე თავდადებული, პატარა კახი - მხოლოდ მეფენი კი არა, ის გმირები იყვნენ, რომელთა ცხოვრებაც თითოეული ქართველისთვის მისაბაძი უნდა ყოფილიყო.

გავიდა დრო. ჩვენს ქვეყანაში ძალიან გაჭირდა ცხოვრება... ფუფუნება გახდა შუქი, გაზი, წყალი, პურიც.

ეკას ქმარმა ოჯახს ზურგი აქცია. დარჩნენ უსახსროდ...

სალომე და კახა წამოიზარდნენ და დედას შეუჩნდნენ: აქ რა უნდა ვაკეთოთ? ხომ ხედავ, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. დედა, გაგვიშვი საზღვარგარეთ, - ეხვეწებოდნენ მშობელს, - იქ ვისწავლით, თან ვიმუშავებთ, შენც დაგეხმარებით. როდემდე გაგწვდება ძალა? იქნებ წასასვლელი ფული ვისესხოთ, თუ გენდომება, მერე შენც წაგიყვანთო.

თავდაპირველად ეკას ეგონა, მეხუმრებიან ბავშვებიო, მაგრამ მერე და მერე, როცა მუდარას მოუმატეს, საგონებელში ჩავარდა: მართლაცდა, რამდენ ხანს ეყოფა ამ ჭაპანწყვეტის ძალა? ეკა ადვოკატი იყო. მუხლჩაუხრელად მუშაობდა, რომ შვილებისთვის პურის და სწავლის ფული არ მოეკლო. შინ გვიან ღამე ბრუნდებოდა.

ქმარი, გურამი, რამდენიმე წლის წინ რუსეთში წავიდა ფულის საშოვნელად. ფულისა რა გითხრათ, მაგრამ ახალი ცოლი კი "იშოვა" და იქ დარჩა. იმ დღიდან ეკა დედაც იყო და მამაც თავისი შვილებისთვის. სულ მათზე ფიქრობდა, - ნეტავ, ახლა რას აკეთებენ, იმ ასაკში არიან, ახლა უნდა მათ ყურადღება, მაგრამ შინ რომ დავჯდე და კუდში ვდიო, ვინ გვარჩენს? ორ წელიწადში ბავშვები სკოლას დაამთავრებენ, - წუხდა ეკა და ფიქრისგან თავიც სტკიოდა და გულიც. შვილებს აგულიანებდა - თქვენი იმედი მაქვსო. ისინიც ცდილობდნენ, დედა გაეხარებინათ.

შინ დაბრუნებულ ეკას სახლიც დალაგებული ხვდებოდა და, თუ სადილის გაკეთებას ვერ მოასწრებდა, სადილიც ელოდა. სალომე და კახა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ საოჯახო საქმეებში და ხუმრობდნენ კიდეც: დედაჩვენი "საგარეო მინისტრია", ჩვენ კი მისი "თანაშემწეები" შიდა "პოლიტიკაშიო". მერე სალომე სტუდენტი გახდა, მეორე წელიწადს კახაც ჩაირიცხა უნივერსიტეტში. გახარებული ეკა ფიქრობდა, ცოტა ხანს კიდევ გავიჭირვებ, მათი სწავლის გადასახადს რამენაირად გავუმკლავდები და მერე მოვისვენებო, მაგრამ შვილები შეუჩნდნენ, - ამ დაქცეულ ქვეყანაში ვერაფერს გავხდებით, ამიტომ უნდა წავიდეთო! ეკა ბოლოს და ბოლოს, დაჰყვა მათ ნებას... ნაცნობების წყალობით, სალომე და კახა ლტოლვილების სტატუსით გაუშვა ირლანდიაში - ასეც ჯობდა, რადგან ლტოლვილებს სახელმწიფო ინახავდა, თავშესაფარს და სარჩოს აძლევდა, ენას ასწავლიდა. ამიტომ მერე არც უმაღლესი განათლების მიღება გაუძნელდებოდათ და არც სამსახურის შოვნა....

ეკას ძალიან გაუჭირდა შვილებთან განშორება, მაგრამ პრობლემებთან ჭიდილს მიჩვეული იყო. დარდის დასავიწყებლად საქმეს მისცა თავი...

გავიდა ორი წელი. სალომემ იქ ქართველი ბიჭი გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. თემო ძალიან მოსიყვარულე ადამიანი აღმოჩნდა, კახამ და სიძემ ერთმანეთს კარგად გაუგეს. ეკას უხაროდა, რომ მისმა შვილმა ცხრა მთას იქით მაინც ქართული ოჯახი შექმნა. მერე მარიამიც შეეძინათ. დღე არ გავიდოდა, შვილები და სიძე რომ არ შეხმიანებოდნენ ეკას. მალე კახამაც შეირთო ცოლი, მანაც ქართველი იპოვა - ნათია, რომელიც ირლანდიაში სწავლობდა და ყოველ შაბათს დადიოდა ქართულ ეკლესიაში, სადაც კახა სტიქაროსანი იყო.

ერთ წელიწადში ეკა მეორე შვილიშვილის ბებია გახდა. ამასობაში "დარცხვენილი" გურამიც დაბრუნდა დიდი რუსეთიდან და ეკას პატიება სთხოვა. გურამი ეკას პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო, ამიტომ დიდი ტკივილისა და წყენის მიუხედავად, მაინც მოახერხა პატიება და შეურიგდა... ეკას უზომოდ ენატრებოდა შვილები, თვალით უნახავი შვილიშვილები, თუმცა თქმით მაინც ვერაფერს ეუბნებოდა სალომეს და კახას. ერთადერთხელ მოახერხა კახას ნახვა, როცა სამსახურის გამო ამსტერდამში ჩასვლამ მოუწია. იქაც ვერ შეჰბედა ეკითხა, - როდის აპირებთ დაბრუნებასო. შეატყო, გაევროპელებული კახა საკმაოდ კარგად გრძნობდა იქ თავს, ლაღი იყო, დამოუკიდებელი, სამსახურიც ჰქონდა და დედაც გვარიანად დააფინანსა.

წელს წელი მიჰყვა... ამ რამდენიმე ხნის წინ კი სალომე "სხვანაირად" ალაპარაკდა. ეკამ იფიქრა, მომეყურაო, მაგრამ ტელეფონით და სკაიპით გახშირდა ნოსტალგიით გაჯერებული სიტყვები. სალომე გულწრფელად უზიარებდა ბოლოდროინდელ წუხილს. მასაც და კახასაც ამდაგვარი განცდა წლების წინ, სრულიად უცხო ქვეყანაში ჩასვლის პირველ დღეებში ყველაზე რთულ პერიოდშიც არ ჰქონიათ...

- არ ვიცი, დედი, რა მემართება. ჩემს მარიამს ქართულად ვზრდი. შენ რომ ზღაპარივით გვიამბობდი მე და კახას ჩვენს ისტორიას, ახლა მე და კახა ვუყვებით შვილებს, მაგრამ როცა მარი მაინც აქაურს გამოურევს და მეტყვის, არ მცალია, ახლა "ბიზი" (დაკავებული) ვარო, სიმწრით მეღიმება. აქ ნამდვილად კარგია, სწავლობ, მუშაობ, ადამიანურად ცხოვრობ, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ვგრძნობ, რომ ფესვებგადაჭრილ ხეს ვგავარ (ვიცი, კახაც განიცდის, მაგრამ მე არ მიტყდება).

ნუთუ ასე გვიან მომერია სამშობლოს სევდა. რა უნდა ვასწავლოთ შვილებს ისეთი, რომელიც სამშობლოზე მეტი იქნება?! მაშფოთებს ის, რომ ჩემი და კახას შვილები მხოლოდ ცალი ყურით, მხოლოდ ინტერესით ისმენენ საქართველოს ისტორიიდან მოყოლილ ამბებს და ვატყობ, ეს მათ არ აღაფრთოვანებთ, არ სტკივათ, არ განიცდიან.

ისინი აქ დაიბადნენ და მათთვის სხვა ქვეყანა და ერი უფრო ახლობელია, ვიდრე საკუთარი ძირი და ფესვები. ჰაერიც არ მყოფნის, ისე მენატრება ჩემი ქვეყანა, თბილისი... დედი, ცუდად ვარ! ვეღარ მოვითმინე და რასაც ახლა შენ გეუბნები, კახასაც ვუთხარი. ნიკაპი აუკანკალდა, ასე მითხრა: რაღა დაგიმალო და მეც ასე ვარო... დედი, ერთ ქართულ ფილმშია და ადრე რომ არ გამხსენებია, ახლა ამომიტივტივდა გონებაში: უსამშობლო კაცი ფესვებგადაჭრილ ხეს ჰგავსო.

ხე კი ხმება, კვდება ფესვების გარეშე. არ შემიშინდე, შენი შვილები ფეხზე ვდგავართ, ვმუშაობთ, ფული გვაქვს, აქაური ქართველები ხშირად ერთად ვართ, ირლანდიელებიც პატივს გვცემენ, მაგრამ... ჩვენ აღარ გვინდა აქ დიდხანს ყოფნა. მეც და კახაც, ჩვენ-ჩვენი ქართველი მეუღლეებით მალე დაგიბრუნდებით და მერე ყველა ერთად ვიქნებით. საოცარია, რომ "არ გავცვლი სალსა კლდეებსა" 8 წელია, არ გამხსენებია, ამ ბოლოს კი მოსვენება დამიკარგა. ამ ლექსით თითქოს ბებოს ლავაშების სურნელიც მომდის, ჩვენი ზღვის მლაშე გემოს შევიგრძნობ და ქართული გადაძახილები ჩამესმის...