როცა სიყვარული გამოცდას ვერ უძლებს... - კვირის პალიტრა

როცა სიყვარული გამოცდას ვერ უძლებს...

თქვენს რუბრიკაში წავიკითხე წერილი "სიყვარულით დამარცხებული სენი" და გულწრფელად ვამბობ, შემშურდა იმ ბიჭის და მისი ახლობლებისა - მას ღირსეული

ადამიანი შეხვდა. სასიკვდილოდ განწირულს პატარა გოგო გვერდში დაუდგა, სიყვარული შეჰფიცა, ვინ აღარ შეაწუხა, რომ მისთვის სამკურნალო თანხა შეეგროვებინა. ჩემი ძმა კი დახეიბრებისთანავე მიატოვა ცოლმა...

როცა ჩემს ოჯახში ეს უბედურება მოხდა, მე სამუშაოდ საბერძნეთში გახლდით. ცალკე ჩემს ქმარ-შვილს ვუგზავნიდი ფულს, ცალკე - ძმას და მშობლებს. გიგა ცოლ-შვილთან ერთად მშობლებთან ცხოვრობდა. ჩემი ძმა ეკონომისტია, სამსახური ჰქონდა, კარგი ხელფასიც, მაგრამ  ეკა მუდმივად უკმაყოფილო იყო... ეტყობა, ქმარი არ უყვარდა... ის ავარია და გიგას დახეიბრება საბაბი გახდა ოჯახის მიტოვებისა.

როცა შემატყობინეს, რომ გიგა ავარიაში მოყვაო, მაშინვე რომ წამოვსულიყავი, ყველაფერს დავკარგავდი. რაც მთავარია, გიგას ვერაფრით დავეხმარებოდი. ჩემს იქაურ ქართველ მეგობრებს ვთხოვე, ადრე მოეცათ ლატარიის ფული (იქ ქალები ხშირად ვთამაშობთ ლატარიას და ამ ხერხით სოლიდურ თანხას ვაგროვებთ). ულაპარაკოდ დამითმეს რიგი და 5. 000 ათასი ევრო მაშინვე გამოვგზავნე. ექიმებმა მართლაც ყველაფერი გააკეთეს გიგას გადასარჩენად. რამდენიმე თვის შემდეგ კი გავიგე, რომ ეკამ გიგა მიატოვა.

ძალიან განვიცადე. ვიცოდი, როგორ უყვარდა ჩემს ძმას იგი. ძალიან ადრე შექმნეს ოჯახი. ეკა რომ შეძლებული ოჯახის შვილი ყოფილიყო, ვიფიქრებდი, ცოტა ნაკლებ პირობებს ვერ შეეგუა-მეთქი, მაგრამ მის მშობლებს ყოველთვის ძალიან უჭირდათ და რაღა ჩვენთან გაუჩნდა პრეტენზიები... არადა, ყველაფერი ჰქონდა, არც ზამთარ-ზაფხულს დასვენება დაჰკლებია და არც ჩაცმა-დახურვა... ჩემი რძალყოფილი ახლა სხვისი ცოლია. კიდევ კარგი, სინდისი ეყო და შვილს მამასთან ხშირად უშვებს...

ამ უბედურების შემდეგ მივხვდი, ამქვეყნად მთავარი ჯანმრთელობა და სიყვარულის უნარი ყოფილა. ეს ხომ ის სულიერი საზრდოა, ურომლისოდაც ადამიანი ცოცხლად კვდება.

თეა მ.