"...შენი ჭკუის დარიგებაღა მაკლიაო, ისე მიღრიალა დედამთილმა, კარგა ხანს გონს ვერ მოვედი" - კვირის პალიტრა

"...შენი ჭკუის დარიგებაღა მაკლიაო, ისე მიღრიალა დედამთილმა, კარგა ხანს გონს ვერ მოვედი"

რძალი ჩივის, რომ მის დედამთილს ამქვეყნად არავის დანახვა არ უნდა საკუთარი ძაღლის გარდა, რომლის გამოც შვილი, რძალი და პატარა შვილიშვილი სახლიდან გაყარა.

ნატა კ.: - ჩემს დედამთილს ერთი ბებერი მეტისი ჰყავს, დიდი კაპასი რამეა. მათ ოჯახში შესვლის დღიდან ვერ მიტანს, საკბენადაც არაერთხელ გამოიწია. ჩემი დედამთილი ყოველთვის მე მტუქსავდა, ძაღლი გრძნობს, რომ არ გიყვარს, ცოტა თბილად მოექეცი და ისიც დაგიტკბებაო. ვიტანდი ამ ტერორს, იმასაც, რომ დედამთილი თავის დაქალებთან მჭორავდა - ძაღლები რახან არ უყვარს, ადამიანებიც არ ეყვარებაო.

- თქვენი მეუღლე რას ამბობდა?

- ისიც მე მამშვიდებდა, ხომ ხედავ, ძაღლი ბერდება, ცოტაც მოითმინეო.

- სახლიდან რატომ გაგაგდოთ?

- როცა სადეკრეტო შვებულება ამომეწურა და სამსახურში გავედი, ბავშვს დედამთილს ვუტოვებდი. ძალიან ბევრჯერ მე და ჩემს მეუღლეს გვინახავს, ძაღლის ბეწვში იწვა ჩვილი. მე ვერ ვბედავდი ამის გამო ხმის ამოღებას, ჩემმა ქმარმა კი უსაყვედურა. კინაღამ გაგიჟდა - თუ აქ არ მოგწონთ, სადაც გინდათ, იქ იცხოვრეთ. ეს სახლი ჩემია და თქვენ არ გკითხავთ, როგორ უნდა ვიცხოვრო, რა უნდა მყავდესო. მოკლედ, გაგვლანძღა, - ნეტავ თქვენ უვლიდეთ შვილს ისე, როგორც მე ჩემს ბუსუსას ვუვლიო.

იმ ქალისგან, რომელიც შვილს და შვილიშვილს შინიდან ყრის, ძაღლზე ასე თანგადაყოლა გულისამრევია. ყოველ საღამოს თვითონაც იფენს თვალებზე გვირილის ნაყენის სალბუნებს, ძაღლსაც აფენს.

- თუ ასეთი მოვლილია და საშიში არაფერია, არ სჯობდა, დამშვიდებულიყავით?

- როგორ? ექიმმა გვითხრა, ძაღლი ბავშვთან საშიშიაო. ვთხოვე დედამთილს, როდესაც ბავშვთან მარტო დარჩებით, ძაღლი აივანზე გაიყვანეთ-მეთქი. შენი ჭკუის დარიგებაღა მაკლიაო, ისე მიღრიალა, კარგა ხანს გონს ვერ მოვედი.

- ახლა სად ცხოვრობთ?

- მამამთილმა ბინა გვიქირავა - ის დიდი ხანია გაცილებულია ჩემს დედამთილთან და მეორე ცოლთან ცხოვრობს. ჩემმა დედამთილმა ოჯახს ძაღლი ამჯობინა.

სოფო გამრეკელი