შვილი დედის ფსიქოლოგიური ბარომეტრია - კვირის პალიტრა

შვილი დედის ფსიქოლოგიური ბარომეტრია

სიცოცხლის პირველ წელს ბავშვს დედასთან მჭიდრო ფსიქოლოგიური კავშირი უყალიბდება. ამ პერიოდში დედის სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობა მომავალში სავალალო შედეგებს მოიტანს. არსებობს ბავშვთან ურთიერთობის ორი წესი. პირველი: "ბავშვი გიყვარს და პატივს სცემ, თუმცა მასზე ძალაუფლების მოპოვება არ შეიძლება, რადგან ის ვინმეს კი არა, თავად ცხოვრებას ეკუთვნის. ეს ინდოელებმა დაწერეს ძველ ვედებში რამდენიმე ათასწლეულის წინ. რაც ითვალისწინებს სიყვარულსა და, იმავდროულად, გარკვეულ "შორ" დამოკიდებულებას ბავშვისადმი. მეორე წესი უკვე ჩვენს საუკუნეში ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიაში: ბავშვი ამ სამყაროს იმისთვის არ მოვლენია, რომ მშობლების მოლოდინი გაამართლოს. ბავშვმა ამ სამყაროში თავისი გზა უნდა გაიაროს. მშობლების წინაშე კი დგას ამოცანა, დაეხმარონ მისი ინდივიდუალურობისა და შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში.

ბიჭის ჰარმონიული აღზრდა დიდწილად დედის ხასიათზეა დამოკიდებული. განვიხილოთ დედების მიახლოებითი "ტიპოლოგია"და შევეცადოთ საქციელის იმ ტიპის აღმოჩენას, რომელსაც ვაჟიშვილის მიმართ ვავლენთ.

შფოთიან-აქტიური დედები

მუდამ დაძაბული არიან, რაც გარეგნულად შფოთიანობაში გამოიხატება. ასეთი დედის აღზრდის მეთოდები არათანამიმდევრულია: ხან ანებივრებს შვილს, ხანაც სჯის, ხშირად ერთი და იმავე საქციელისთვის. ასეთ დედასთან შვილი ისეთ არასტაბილურ გარემოში იზრდება, რომ ვერ გაუგია, რას აკეთებს სწორად და რაში ცდება. ამიტომ ახირებული და იოლად აღგზნებადი ხდება, რაც სულაც არ უწყობს ხელს მის ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებას.

მესაკუთრე დედები

ასეთ დედებს მიაჩნიათ, რომ შვილი იმისთვის გააჩინეს, მათი ცხოვრებისეული ამოცანები რომ გადაეჭრა. ეს დედები ხშირად ამბობენ: "ბავშვი ჩემთვის გავაჩინე", "დაე, ჩემს ბიჭს ჰქონდეს ის, რაც მე დამაკლდა". ეს განწყობა იმაზე მეტყველებს, რომ დედა ცდილობს შვილის შთანთქმას, არ აძლევს საშუალებას, საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს. ასეთი დამოკიდებულება კი ხელს უშლის შვილის ინდივიდუალურობის, მისი ნამდვილი მოთხოვნილებებისა და მიდრეკილებების დანახვაში. ხშირად ვაჟიშვილის მხრიდან მისთვის არასასურველ საქციელში დედა ბავშვის "ავ ზრახვებს", მისი გულისტკენის სურვილს ხედავს და თანდათან ქალი განხიბვლას იწყებს: ის ხომ სრულებით სხვანაირ ბიჭს ელოდა.

ავტორიტარული დედები

ისინი არ ითვალისწინებენ ბიჭის ფსიქოფიზიოლოგიურ და ასაკობრივ თავისებურებებს, თავზე ახვევენ საკუთარი მოთხოვნების სისტემას. ასეთი დედა ძალით აჭმევს შვილს იმ დროს, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევს, უგულებელყოფს მის ცრემლებს, დატოვებს მარტო, თუკი მიაჩნია, რომ ბავშვს ამ დროს უნდა ეძინოს. სამწუხაროდ, ასეთი დედები დარწმუნებული არიან, რომ სწორად და შვილის სასიკეთოდ იქცევიან, მისი საქციელის მიუხედავად, ნებისმიერი უარი ან კაპრიზი ამბოხად განიხილება, რომელიც უნდა ჩაიხშოს. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ დედას დაჩაგრული, გულჩათხრობილი და ემოციურად არამდგრადი ბიჭი გაეზარდოს. ამასთან, მას შეიძლება გაუჩნდეს აგრესიის კოლოსალური შინაგანი მუხტი, რომელიც მომავალში, შესაძლოა, ღია ნეგატივიზმში გამოიხატოს დედის ანდა ზოგადად, ქალების მიმართ.

პესიმისტურ-დეპრესიული დედები

ისინი უმეტესად დაქანცული და უგუნებო არიან. ერიდებიან ბავშვთან ურთიერთობას, მოვლისას კი დუმან და არ იღიმებიან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათთვის ბიჭის აღზრდა მძიმე და უსიხარულო ტვირთია. ასეთი დედა ფიქრობს: "ეს ჩემი ჯვარია, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ვათრიო!" ბიჭი არ იღებს აუცილებელ დედობრივ სიყვარულსა და სითბოს, დედისადმი მიჯაჭვულობაც არ უვითარდება. შედეგად, ვერ კმაყოფილდება უფროსებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, რაც, შესაძლოა, ბავშვის ფსიქიკური განვითარების შეფერხების მიზეზად იქცეს.

ამ ტიპოლოგიების საპირისპიროდ იდეალური დედის პორტრეტიც დავხატოთ.

იდეალური დედა მუდამ სწავლობს დედობას, ცდილობს, იყოს მხიარული, გაწონასწორებული და მშვიდი, იღებს შვილს ისეთს, როგორიც ის არის, აკვირდება და მის თავისებურებებში ერკვევა. ცდილობს, რაც შეიძლება ადრე შეიგრძნოს და მიიღოს თავისი ვაჟის ინდივიდუალურობა და გაითვალისწინოს მისი მოთხოვნილებები, საკუთარი კი არ მიაწეროს. ის აღზრდის შესახებ ლიტერატურას კითხულობს, თუმცა კრიტიკულად ეკიდება, აანალიზებს, რა ახდენს მიღებული ცოდნის ადაპტაციას თავისი შვილის თავისებურებებთან. ასეთი დედის მოთხოვნების სისტემა ბავშვისადმი რეალისტურია, მოიცავს შეზღუდვების მინიმუმს და პატივისცემისა და წახალისების ნიშნების მაქსიმუმს. ასეთი დედა იცნობს სწორი აღზრდის მთავარ ფსიქოლოგიურ პირობას - ბავშვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აღიარებას მისი დაბადებიდანვე.

ნუ შეგეშინდებათ შვილის სიყვარულით განებივრების

თუ დედა ბედნიერი და მშვიდია, შვილიც ჯანმრთელი და ხალისიანი იზრდება. შვილი უნდა გრძნობდეს, რომ უყვართ, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ მისი სიყვარულით განებივრების. ეს აუცილებელიცაა, რათა ბავშვმა წარმატებით გადალახოს სიცოცხლის პირველი წლის ყველა რთული მომენტი, როცა ყალიბდება ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური განათლება, სამყაროსადმი საბაზისო ნდობა. თუ ბავშვი ურთიერთობს მშვიდ და ალერსიან დედასთან, თუ მის საჭიროებებზე რეგულარულად და ნაზად ზრუნავენ, საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულება (ვუყვარვარ, ესე იგი, კარგი ვარ), თავდაჯერებულობა, ინიციატივიანობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა (ადეკვატური თვითშეფასება) უყალიბდება და გარშემო მყოფებისადმიც სიმპათიითა და ინტერესით განეწყობა, ხოლო, თუკი ბავშვს არ გამოუმუშავდა სამყაროსადმი საბაზისო ნდობა, მაშინ საკუთარ თავსაც ცუდად მოექცევა, გაიზრდება შფოთიანი, პირქუში, აგრესიული, ჯიუტი, ადამიანებს ეჭვით მოეკიდება, რაც, შესაძლოა, კაპრიზებით, აგრესიითა და სიხისტით გამოიხატოს.

როგორ უნდა მოიქცეს დედა, რომელიც ბიჭს მარტო ზრდის?

ნამდვილი მამაკაცის აღსაზრდელად საჭიროა მამაკაცის გარკვეული იდეალი, რომლის მიბაძვითაც ბიჭი თავის საქციელს ააგებს. ასეთ იდეალად, ჩვეულებრივ, ოჯახში, შესაძლოა, იქცეს მამა, ბიძა, ბაბუა - ყველა ის მამაკაცი, რომლის გვერდითაც პატარა იზრდება. რაც მეტი მამაკაცია ბავშვის გარშემო, მით უფრო მოქნილად და მრავალფეროვნად ააგებს იგი თავის მამაკაცურ საქციელს, ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან. თუ ბავშვს მამა არა ჰყავს, იდეალის ძებნას ის სხვა მამაკაცებში დაიწყებს. ამიტომ დასაფიქრებელია, როგორი მამაკაცები ახვევია გარშემო.

ჩიხური სიტუაცია იქმნება, როცა მარტოხელა დედები ვაჟებს მამის გარეშე ზრდიან. იმთავითვე ასეთი ოჯახი ქალის ავტორიტეტზე იგება, რადგან დედა იძულებულია, მამის როლიც მოირგოს, რის შედეგადაც ბიჭი ქალს აღიქვამს როგორც წარმოუდგენლად ძლიერ არსებას, ვინც დაცვას არ საჭიროებს და ვისაც ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია.

თუ დედა ავტორიტარიზმისკენაა მიდრეკილი, ბიჭში თანდათან დაითრგუნება მამაკაცური საწყისი - თვითდამკვიდრებისა და ლიდერად ყოფნის სურვილი. დედის დიქტატთან ბრძოლა ბიჭისთვის ქალურობის ყოველგვარი გამოვლინებისადმი ბრძოლად იქცევა. შეუმჩნევლად ეს საკუთარ თავთან შინაგან დაპირისპირებაში გადაეზრდება: ყველაფერს, რაშიც მოზარდი მამაკაცი არამამაკაცურ საწყისს დაინახავს, გადაჭრით და ულმობლად დათრგუნავს საკუთარ თავში. ნებისმიერ გულღია, გულწრფელ გამოვლინებას, ადამიანებისადმი კეთილგანწყობასაც ბიჭი სისუსტედ, თავისი სქესის ღალატად განიხილავს, უხეშობასა და თავხედობას კი "ნამდვილი" მამაკაცის უმთავრეს თვისებებად მიიჩნევს. სიტუაციებში, როცა მამაკაცი მოწოდებულია, ქალს დამცველად მოევლინოს, ის საკუთარ სისუსტეს იგრძნობს და ამიტომ ქალისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებას ახდენს; ხოლო, როცა თავი უნდა გამოავლინოს როგორც ოჯახის საყრდენმა, ცდილობს, ქალის "ფარს" ამოეფაროს და ცოლისგან იმ ძალასა და ნებისყოფას ითხოვს, რომლის დანახვასაც დედაში მიეჩვია.

ბევრი თანამედროვე ქალი წუწუნებს, რომ "ძლიერი მამაკაცები აღარ არსებობენ. მოდი, დავფიქრდეთ, საიდან ჩნდებიან სუსტი მამაკაცები? ამ კითხვაზე პასუხი, შესაძლოა, პარადოქსულად მოგეჩვენოთ: ისინი ჩვენ თავად აღვზარდეთ! საქმე ისაა, რომ ამ სამყაროში ყველაფერი წონასწორობაში უნდა მოდიოდეს. რაც უფრო ძლიერია ქალი, მით უფრო სუსტია მამაკაცი. ძლიერი მამაკაცები კი სუსტ დედებთან იზრდებიან...