"სიყვარული დაფრინავს..."
20-03-2017
"სიყვარული დაფრინავს..."
"მითხრა, მგზავრობის დროს ძალიან მალე მეძინება, თუ შეგაწუხებთ, არ მოგერიდოთ, შემანჯღრიეთო. მერე ჩემს მხარზე თავჩამოდებულს დაეძინა"

ნატა ამერიკიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, როდესაც, როგორც თავად ამბობს, ამურმა მხარზე თავი ჩამოადო და ტკბილად დაიძინა.

ნატა: -
ვისაც ამერიკიდან ერთხელ მაინც უმგზავრია, არ გაუჭირდება იმის წარმოდგენა, რამდენად დამღლელია მრავალსაათიანი მგზავრობა. ხანგრძლივი ემიგრაციის შემდეგ შინ ვბრუნდებოდი. უზომოდ მენატრებოდა დედა, რომელსაც 8 წელი მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვეკონტაქტებოდი. წამოსვლის წინ რომ ველაპარაკე, მითხრა, უცნაური­ სიზმარი ვნახე, ანგელოზი
იჯდა შენ გვერდით, შენ კი მშვიდად გეძინაო. დიდად სიზმრებისა არ მჯერა, მაგრამ მომეწონა დედაჩემის ნაამბობი და რას ვიფიქრებდი, რომ იმავე დღეს ამიხდებოდა. თვითმფრინავში ჩემ გვერდით სიმპათიური ახალგაზრდა კაცი დაჯდა. როდესაც ავფრინდით, მითხრა, მგზავრობის დროს ძალიან მალე მეძინება, თუ შეგაწუხებთ, არ მოგერიდოთ, შემანჯღრიეთო. მერე ჩემს მხარზე
თავჩამოდებულს დაეძინა. რამდენჯერმე კუთხეში რომ მიმკუჭა, შევანჯღრიე, მან კი ნახევრად მძინარემ, რა მოხდა, თქვენი ქმარი მოვიდაო? მოკლედ, ისეთი იყო, რომ გაბრაზებას ვერ მოახერხებდი. ლონდონამდე ჩემი მხარი მისი სასთუმალი იყო. როდესაც ჩამოვდიოდით, მადლობა გადამიხადა გულისხმიერებისთვის და წავიდა.

- როგორ თუ წავიდა?

- არ გავცნობივართ ერთმანეთს. როგორც ხშირად ხუმრობს ხოლმე, მხოლოდ ერთად გვეძინა. ერთმანეთი შემდეგ გავიცანით. რას ვიფიქრებდი, რომ თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავშიც ვნახავდი.

- იქაც ერთმანეთის გვერდით აღმოჩ­ნდით?

- არა, ბილეთები სხვადასხვა ადგი­ლზე გვქონდა, მაგრამ რომ დამინახა, ისე გაუხარდა, თითქოს მთელი ცხოვრება­ მიცნობდა, მერე ადგილი გაცვალა და ჩემ გვერდით მოკალათდა. ის ჩეხია, მაგრამ­ ამერიკაში ცხოვრობს. იქვე მუშა­ობს, სამხედრო სამსახურში. იმ პერიოდში ერთ-ერთი მისი მეგობარი და კოლეგა ქართველ ჯარისკაცებს წვრთნიდა. მას შეუთავაზებია შვებულების საქართველოში გატარება. ასე გავიცანი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ამერიკის მოქალაქე, თითქმის ქართული სახელით, ჯორჯი.

- თბილისამდე ისევ ეძინა?

- არა, ენა არ გაუჩერებია. მერე ორი კვირა ერთად გავატარეთ. რა თქმა უნდა, მეგობარი ენდრიუც სულ თან ახლდა,­ ოღონდ ექსტრიმის ნაცვლად ჩემი მარშ­რ­უ­ტებით დადიოდნენ, გავაცანი საქართველო, ჩვენი კულტურა, ჩემი ოჯახი... ორი კვირის შემდეგ ჯორჯი გაფრინდა. მე გავაცილე. ამერიკაში ჩასვლისთანავე მომწერა, მთელი გზა არ მეძინა, რადგან შენ გვერდით არ მყავდიო.

- დიდხანს ალოდინე მომავალი სასიძო?

- სამი თვის შემდეგ დავქორწინდით­. უკვე ორი შვილი გვყავს. ბედნიერად ვცხოვრობთ და როგორც ერთ ქართულ სიმღერაშია, გვჯერა, რომ სიყვარული დაფრინავს­ და ის, შესაძლოა, თვითმფრინავის სალონშიც შეგხვდეთ. მთავარია, ყურადღებით იყოთ და მოულოდნელად თუ მხარზე თავს ჩამოგიდებთ, არ შეანჯღრიოთ, აცალეთ თქვენს გულში შემოსვლა.

სოფო გამრეკელი
TOTIKA
31 მარტი 2017 19:03
იბედნიერეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Natashka
27 მარტი 2017 16:35
სიყვარულზე კარგი არაფერია ლამაზი ისტორიაა და მუდამ სიყვარულით გეცხოვროთ
n.j.
27 მარტი 2017 13:06
100 წელი ბედნიერად იცხოვრეთ გამრავლდით და გაიხარეთ.დღეს რაღაც დადებითი აურა მივიღე თქვენი გაზეთიდან მადლობა ავტორებს

რედაქტორის რჩევით