"არას" თქმით ნუ ჩაუკლავთ ბავშვს ინიციატივას - კვირის პალიტრა

"არას" თქმით ნუ ჩაუკლავთ ბავშვს ინიციატივას

ბავშვები დადებითად აღიქვამენ ფურცელზე დაწერილსა და სადმე გაკრულ "შეტყობინებას", რომელსაც შეგიძლიათ კონტრაქტის ფორმა მისცეთ და ბავშვს წაუკითხოთ. მაგალითად: "ნინო ყოველ დილით პიჟამას ბალიშის ქვეშ შეინახავს. როცა ამას სამი დღე ზედიზედ გააკეთებს, დედა მას კინოში წაიყვანს". ხელი მოაწერეთ ამ შეთანხმებას, მიეცით ბავშვს, დაე, გააფერადოს, ანდა რამე მიახატოს, შემდეგ კი თვალში საცემ ადგილას ჩამოკიდეთ...

არავის მოსწონს ატირებულ-აჯღავლებული ბავშვები, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ გვიყვარს, უბრალოდ, ამ ღრიალის მოთმენა არ შეგვიძლია. არსებობს ხერხი, რომელიც მსგავს სიტუაციებში - როცა ბავშვები ჩხუბობენ, არ აკეთებენ იმას, რაც სთხოვეთ; არ გისმენენ; ხმაურობენ; გამოხატავენ გაღიზიანებას და ა.შ. - ძალიან დაგვეხმარება.

5 წლის შვილს სთხოვთ, რომ მაგიდიდან საღებავები და ალბომი აალაგოს, რადგან სადილისა და სუფრის გაშლის დროა, მაგრამ ის აუღელვებლად განაგრძობს თავის საქმიანობას. თხოვნას უმეორებთ, ბავშვი თანხმობის ნიშნად თავს გიქნევთ და... ხატვას აგრძელებს. რატომ უგულებელგყოფთ შვილი? იმიტომ, რომ იმ ასაკშია, როცა საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებასა და აზრის გამოხატვას იწყებს. 5 წლის ბავშვი უკვე აცნობიერებს თავის პიროვნებას და სრულიად ნორმალურია, რომ წინ აღუდგება თქვენს ავტორიტეტს. ბავშვი კაპრიზებით კი აღარ აღწევს თავისას, სხვა ტაქტიკას ირჩევს. თავს იკატუნებს, რომ თქვენი არ ესმის და პასუხის გაცემას აჭიანურებს. ნუ მიიტანთ ამას გულთან. მშობლებით მანიპულირება ამ ასაკის ბავშვების საყვარელი ტაქტიკაა. მშობლის ამოცანაა, ინდივიდუალურობის გამოხატვის შეუზღუდავად აიძულოს ბავშვი, ანგარიში გაუწიოს უფროსს.

არ იცით, როგორ მიაღწიოთ ამას? ბავშვს დაუსახეთ მკაფიო მიზანი. თუ შვილს ეუბნებით, "ოთახი მიალაგე", ეს ძალიან ზოგადი მიზანია. თუ ეტყვით: "სათამაშოები კარადაში შეინახე, ტანსაცმელი კი თაროებზე დააწყვე", ბავშვს უკვე აღარ ებადება კითხვები, რა მოიმოქმედოს. გაამარტივეთ თქვენი თხოვნა. შესაძლოა, ბავშვი მხოლოდ იმიტომ ახდენდეს თქვენს იგნორირებას, რომ უბრალოდ, არ ესმის, რას მოელით მისგან. ნუ მოსთხოვთ სამზარეულოს დალაგებაში მიხმარებას, სთხოვეთ: "მოდი, ჭურჭლის დარეცხვაში დამეხმარე, გაჩვენებ, ეს როგორ უნდა გააკეთო".

თქვენი თხოვნა 2-3 ნაბიჯზე მეტს არ უნდა მოიცავდეს. მაგალითად: "შედი სააბაზანოში, ნიჟარის ქვეშ კარადაში შეიხედე, გამოაღე უჯრა და ბამბა მომიტანე".

გაუჩინეთ მოტივაცია

თითქმის ყველას გვიყვარს ბრძანებების გაცემა. ყოველთვის არსებობს ცდუნება, თქვა, "ეს"უნდა გაკეთდეს ასე და ასე. იმიტომ, რომ მე ასე გადავწყვიტე". როცა ამის თქმის სურვილი გაგიჩნდებათ, გაიხსენეთ: გინდათ, რომ ბავშვმა თქვენი თხოვნა შეასრულოს? ბავშვებს უყვართ შექება. ამიტომ ქება და წახალისება დაგეხმარებათ შედეგის უფრო სწრაფად მიღწევაში: "ძალიან მიხარია, რომ სათამაშოებს თავისი ადგილი მიუჩინე". ასევე შეგიძლიათ თქვენი თხოვნის შესრულების სტიმულირება, თუ ბავშვს აცნობებთ: "როცა სათამაშოებს თაროზე დააწყობ, სასეირნოდ წავალთ".

ბავშვები დადებითად აღიქვამენ ფურცელზე დაწერილსა და სადმე გაკრულ "შეტყობინებას", რომელსაც შეგიძლიათ კონტრაქტის ფორმა მისცეთ და ბავშვს წაუკითხოთ. მაგალითად: "ნინო ყოველ დილით პიჟამას ბალიშის ქვეშ შეინახავს. როცა ამას სამი დღე ზედიზედ გააკეთებს, დედა მას კინოში წაიყვანს". ხელი მოაწერეთ ამ შეთანხმებას, მიეცით ბავშვს, დაე, გააფერადოს, ანდა რამე მიახატოს, შემდეგ კი თვალში საცემ ადგილას ჩამოკიდეთ. ამგვარად, ბავშვი არა მარტო პროცესში ჩართულად იგრძნობს თავს, არამედ პასუხისმგებლობასაც გაიზიარებს მასზე დაკისრებული მოვალეობების გამო.

იმის ნაცვლად, რომ უთხრათ: "არ ითამაშო ბურთით ოთახში", უთხარით: "ბურთით ეზოში ითამაშე", ანდა "მოდი, ერთად გავიდეთ გარეთ და ბურთით ვითამაშოთ".

"არას" თქმით ნუ ჩაუკლავთ ბავშვს რაიმეს კეთების ინიციატივას, შეეცადეთ, მსგავსი სახის საქმიანობით დააინტერესოთ. ნუ ჩაუხშობთ ინტერესს, პირიქით, გაუღვივეთ. მაგალითად, თუ ბავშვს კნუტისთვის სახლის აშენება სურს, უთხარით: "რა თქმა უნდა, შეგიძლია, სცადო, მამა კი (ძმა, ბაბუა, ბიძა) მოგეხმარება".

შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად მისცეთ ბავშვს არჩევანის საშუალება ("ნიკასთან სათამაშოდ დარჩები თუ ბაზარში წამომყვები?").

ცხოვრებაში ისედაც ბევრი სიტუაციაა, როცა "არას" თქმა მოგიწევთ, მაგალითად, მაშინ, როცა ბავშვს ოჯახური ტრადიციების დარღვევა ან კომპიუტერთან გვიანობამდე ჯდომა სურს... შეეცადეთ, გაუგოთ შვილს და საკუთარი თავი წარმოიდგინოთ, როცა წიგნს კითხულობთ ან ფილმს უყურებთ და უცებ ვიღაც დაგეძგერებათ, რაღაცას სასწრაფოდ ითხოვს ან სადმე მიგათრევთ. რა გრძნობა დაგეუფლებათ? ზუსტად ასე გრძნობს თავს თქვენი შვილი, როცა თამაშს აწყვეტინებთ და მისგან რაღაცას დაბეჯითებით ითხოვთ.

თუ ბავშვის დამშვიდება გსურთ...

თუ დაჰკვირვებიხართ, სად იმყოფებით, როცა ბავშვები უწესოდ იქცევიან? როგორც წესი, ამ დროს ან სამზარეულოში ფუსფუსებთ, ან ტელეფონით ლაპარაკობთ, ან ოთახის სხვა კუთხეში ხართ: ბავშვი - იატაკზე, თქვენ კი დივანზე. საკვანძო მომენტი აქ ის არის, რომ მის გვერდით არ ხართ.

თუ თქვენ მეტისმეტად დაკავებული ხართ იმისთვის, რომ დრო დაუთმოთ თქვენს ბავშვებს, ანდა მეტისმეტად გულმოსული ხართ სამუშაო დღის ბოლოს, ნუ გაგიკვირდებათ, რომ შვილების დასაშოშმინებლად ყვირილი გიწევთ.

მხსნელად მოგევლინებათ, თუ ბავშვს დასამშვიდებლად გვერდით მიუჯდებით და ემუსაიფებით.

ნანა ჩარკვიანი