რა ვქნათ, თუ ქმარმა გვიღალატა? - კვირის პალიტრა

რა ვქნათ, თუ ქმარმა გვიღალატა?

მართალია, გამუდმებით გვესმის და სადღაც გულის სიღრმეში ვაღიარებთ კიდეც, რომ მამაკაცები პოლიგამიური არსებები არიან, მაგრამ მაინც არასდროს ვართ მზად ღალატისთვის. ეს მოვლენა ყოველთვის ისეთი ეჭვებით, განმარტებებითა და თავის მართლებით არის სავსე, რომ სწრაფი და მართებული გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელია. მაშ, რა ვქნათ, თუ კაცმა გვიღალატა ან გვღალატობს?

როგორც წესი, ამ დროს ორივე დამნაშავეა. თუმცა გადაწყვეტილების მიღებას ართულებს ის, რომ ქალი დასაწყისშივე განსაზღვრავს როლებს: "შენ დამნაშავე ხარ, მე- არა"; "შენ - ბოროტმოქმედი ხარ, მე - მსხვერპლი".

ამ პოზიციიდან პატიება არასდროს გამოვა, ხოლო უპატიებლობა მთელი ცხოვრება მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. იმიტომ, რომ კატეგორიები: შავ-თეთრი, ცუდი-კარგი არ არსებობს და ქვეცნობიერად ქალს ესმის, რომ ღალატში ლომის წილი სწორედ მას უძევს.

როგორც კვამლი არ არსებობს უცეცხლოდ, ისევე არ არსებობს მამაკაცის ღალატი ქალის ბრალეულობის გარეშე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღალატი გარემოებათა დამთხვევის" შედეგია, ის მაინც თქვენს ოჯახში ფსიქოლოგიური და სექსუალური ჰარმონიის რღვევის მანიშნებელია. ამბობენ, რომ ამაზე ოჯახში პასუხს აგებს ქალი, რადგან ოჯახი და სახლი მისი მოვალეობების სფეროა.

მამაკაცი, ქალისგან განსხვავებით, მიდრეკილი არ არის ურთიერთობების ღრმა ანალიზისკენ და თუ რაღაც რიგზე ვერ არის, ის თავისი მდგომარეობის გამოსწორების მარტივი საშუალების ძებნას დაიწყებს. უბრალო საშუალება კი ზოგჯერ სხვა ქალია.

ცრუ პატიებას კი შედეგად ის მოსდევს, რომ აღდგენილი ოჯახური ცხოვრება უსაძირკვლო შენობის მსგავსად სიოს შემობერვაზეც ნგრევას იწყებს.

დაფიქრდით, მზად ხართ, ქმარს ღალატი აპატიოთ ისე, რომ ეს აღარასდროს გაიხსენოთ? ყველაზე ცხარე საუბრისასაც კი აღარ გაიხსენოთ წინანდელი ამბები?

მზად ხართ, კვლავ გამოუცხადოთ ნდობა ქმარს? არასდროს შეუმოწმოთ ტელეფონი და ფოსტა? აღარ მიაყურადოთ, ვის ელაპარაკება ასე გაღიმებული?

მისი ღალატის ხსენება, თუნდაც ხმამაღლა არ იყოს ნათქვამი, შეუმჩნევლად გააუარესებს თქვენი ოჯახის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას და, ადრე თუ გვიან, თუნდაც არავითარი წინა პირობა არ ჰქონდეს ამას, ღალატი კვლავ განმეორდება და ამჯერად, შესაძლოა, თავად უღალატოთ, ან ურთიერთობა სხვა მხრივ გაუარესდეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ საძირკველზე თანაცხოვრება შეუძლებელი გახდება.