"დავდივარ ორი დედის საფლავზე და ორივეს ერთნაირად დავტირი" - კვირის პალიტრა

"დავდივარ ორი დედის საფლავზე და ორივეს ერთნაირად დავტირი"

"დედა მომეხვია, გულში ჩამიკრა და მითხრა, მე არ გამიჩენიხარ, შენი თავი ერთმა არაჩვეულებრივმა ქალმა მაჩუქაო"

"მოწიფულ ასაკში აღმოვაჩინე, რომ ნაშვილები ვიყავი. ქალმა, რომელმაც გამზარდა, სიკვდილის წინ გამიმხილა, მე არ გამიჩენიხარო", - იხსენებს ქალი, რომლის თქმით, მშობელმა დედამ შვილი გააჩუქა.

ქეთევან ფ.-ძე: - ქალი, რომელსაც 33 წელი დედას ვეძახდი, სიკვდილის წინ მიმხელს, რომ მისი ღვიძლი შვილი არა ვარ. არადა, ძმა მყავს. მე კი უფროსი ვარ. ვიფიქრე, იცის, რომ მძიმედ არის დაავადებული და განერვიულებული ბოდავს, ან ასე ცდილობს იმ დიდი ტკივილისგან ჩემს დაცვას, რაც მისი სიკვდილის გამო უნდა განვიცადო-მეთქი. ჩემს გაოცებულ სახეს რომ შეხედა, გაეცინა, მომეხვია, გულში ჩამიკრა და მითხრა, მე არ გამიჩენიხარ, შენი თავი ერთმა არაჩვეულებრივმა ქალმა მაჩუქაო.

თურმე ჩემს გამზრდელ მშობლებს შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ. ერთხელაც ზღვისპირეთში დასასვენებლად ყოფნისას გაუცნიათ ერთი ცოლ-ქმარი, რომელთაც ბევრი შვილი ჰყავდათ. ქალი კიდევ ერთ ბავშვზე ყოფილა ორსულად. თურმე დედაჩემი დროს სულ იმ ქალსა და ბავშვებთან ატარებდა. თურმე ეუბნებოდა, შენი ერთი შვილი მაჩუქე და მე გავზრდიო. თბილისში დაბრუნებიდან მალევე ის ქალი დედას შეხმიანებია და უთქვამს, ამ ბავშვს, ახლა რომ გავაჩენ, შენ გაჩუქებ, ოღონდ ერთი პირობით, თუ ოდესმე შენი საკუთარიც გაგიჩნდება, ის, ვინც შენი გაჩენილი არ იქნება, არ დაჩაგროო.

- და მშობელმა დედამ თქვენი თავი აჩუქა სხვა ქალს?

- კი, ქალს, რომელსაც ჩემი შვილად აყვანიდან მეექვსე წლისთავზე გაუჩნდა ჩემი ძმა, მაგრამ მე არასდროს გამჩენია ეჭვი, რომ ღვიძლი და-ძმა არ ვიყავით. ვინც გამზარდა, საოცარი ქალი იყო. ასევე საოცარი მამა მყავდა.

დედა რომ გარდაიცვალა, მამამ ნამდვილი მშობლებისა და და-ძმების მისამართი მომცა. ვერ მოვითმინე დედაჩემის ორმოცამდე და იმ ქალაქში წავედი, სადაც დავიბადე.

ეს იმდენად მძიმე იყო ჩემთვის, რომ ახლაც მეტირება. მყავს 11 ღვიძლი დედმამიშვილი. ჩემი ბიოლოგიური დედა გარდაცვლილი დამხვდა, მაგრამ ვნახე წერილები, რომელთაც ჩემი ორი დედა ერთმანეთს სწერდა, ჩემი ფოტოები, რომელთაც ჩემი გამზრდელი ჩემს მშობელს უგზავნიდა. მშობელ დედას არ გავუყიდივარ, სხვისი ბედნიერებისთვის გაიღო მსხვერპლი და ამ მსხვერპლის გამო მთელი ცხოვრება იტანჯებოდა, რადგან ყველა წერილი, რომლებსაც ერთმანეთს სწერდნენ, არა მხოლოდ ჩემი, ერთმანეთის სიყვარულითაც იყო გაჟღენთილი.

- ნუთუ ერთხლაც არ გაუჩნდა სურვილი, რომ ენახე?

- როგორ არა, მნახულობდა კიდეც, როგორც დედაჩემის შორეული ნათესავი, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი, ვინ იყო. შესაძლოა, ვიღაცისთვის გაუგებარი იყოს ეს ამბავი, მაგრამ მე ორივე დედას გავუგე და მეტიც, მათით აღვფრთოვანდი. მომინდა, ეს ამბავი თქვენთვის მომეყოლა, რადგან ბევრმა ჩემმა ახლობელმა გაიგო, რომ ნაშვილები ვარ, მაგრამ ვერ გაუგიათ, როგორ ვარ მშვიდად, როგორ დავდივარ ორი დედის საფლავზე და ორივეს ერთნაირად დავტირი.

ერთმა ისიც კი მითხრა, უი, იმდენი შვილი თუ ჰყავდა, რომ გაზრდას ვერ აუდიოდა, კი გაგაშვილებდა, საქმეს შეიმსუბუქებდაო. სამწუხაროდ, ზოგიერთს ვერ გაუგია, რას ნიშნავს სიკეთე, თანაც ისეთი სიკეთე, სხვისი ბედნიერებისთვის შვილიც რომ შეიძლება დათმო. ერთი ფოტო გვაქვს, ორივე დედა აქეთ-იქით მიზის, მუშთაიდის ბაღში ვსხედვართ ხის სკამზე. მე ძალიან ბედნიერი ვარ. ფოტოს უკან აწერია, რომ ექვსი წლის ვარ. უზომოდ მიყვარს. ჩარჩოში ჩასმული მიდევს სამუშაო მაგიდაზე.

ჩემი უფროსი და ამბობს, რომ დედა ყოველთვის ელაპარაკებოდა მათ უმცროსი დის შესახებ, რომელიც სხვაგან ცხოვრობდა. ერთ დღეს გაგიცნობთ და არ აგრძნობინოთ, რომ ის სხვაგან, სხვა გვარით გაიზარდაო.

სოფო გამრეკელი