"საცოლემ ქორწილის დღეს მიმატოვა" - კვირის პალიტრა

"საცოლემ ქორწილის დღეს მიმატოვა"

"შეურაცხყოფის გრძნობა ვერ მოვიშორე. ძალიან ძნელია, როდესაც საყვარელი ადამიანი სრულიად დაუმსახურებლად გაგთელავს... იმეილზე მომწერა. ბოდიშს იხდიდა და პატიებას მთხოვდა. პასუხის მიწერა არც მომნდომებია"

"ისეთი რამ გააკეთა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, კიდევ კარგი, რომ ეს მაშინ მოხდა, ქორწილის დღეს", - ამბობს მალხაზი, რომლის საცოლე ქორწილის დღეს სხვას გაჰყვა.

მალხაზ ნ.: - პატარები არც ერთი არ ვიყავით, რომ რომელიმეს დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიგვეღო. მე და ნატამ ხანგრძლივი რომანის შემდეგ გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით. დავნიშნე, მერე ქორწილის დღეც შევათანხმეთ. ქორწილში მეგობრები და უახლოესი ნათესავები გვეყოლებოდა, მერე კი უცხოეთში მივდიოდით. ჩვენ უკვე ერთად ვცხოვრობდით ბინაში, რომელიც შევიძინეთ. დილით სილამაზის სალონში წავიდა და... არ დაბრუნებულა.

- რომ დაურეკეთ, რა გითხრათ?

- ტელეფონი გამორთული იყო. სალონში დავრეკე. არ მოსულაო. დავიწყე საავადმყოფოებში რეკვა. არავინ ბაიბურში არ იყო. კინაღამ გავგიჟდი. როგორია, ქორწილის დღეს პატარძალი რომ იკარგება! დაღლილი ჩვენს საძინებელში შევედი და ტუმბოზე წერილი შევნიშნე. მწერდა, - შენი ღირსი არ ვარ, გავქრები და არასოდეს გამიხსენოო.

- რა მოხდა?

- სხვას გაჰყვა. იმას, ვინც ბავშვობიდან უყვარდა. ის ბიჭი დაკარგული იყო, სადღაც, რუსეთში, კრიმინალური წარსული ჰქონდა. ნატას მშობლებმა მოახერხეს მათი დაშორება, მაგრამ როგორც მერე გავიგე, თურმე ჩვენს ქორწილამდე ორი კვირით ადრე დაბრუნდა და ტვინს უბურღავდა, მე გამომყევიო. ბოლო წუთებში დაიყოლია კიდეც...

- მისმა მშობლებმა რა თქვეს?

- მამამისს კინაღამ ინფარქტი დაემართა, მაგრამ მოგვიანებით ყველამ აპატია. ეს იყო მზაკვრობა, უყვარდა ის კაცი? ეთქვა. არ დავნიშნავდით ქორწილს და უფრო იოლი გადასატანი იქნებოდა ყველაფერი. ნატასგან ეს იყო ბოროტება. იმ არაკაცისგან - კიდევ უარესი. მაშინ რომ შემყროდა, მოვკლავდი. ახლა კი ვფიქრობ, რომ მოღალატე ქალი ამაცილა.

- ახლა სად არიან?

- რუსეთში ცხოვრობენ. საქართველოშიც ჩამოდიან თურმე. ჩემს ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდა ქალი, რომელიც შემიყვარდა, დავქორწინდით. ბედნიერი ვარ, მაგრამ ის შეურაცხყოფის გრძნობა ვერ მოვიშორე.

- ნატას არ უცდია დაკავშირება?

- იმეილზე მომწერა. ბოდიშს იხდიდა და პატიებას მთხოვდა. პასუხის მიწერა არც მომნდომებია. ადამიანი არ უნდა მოიქცეს ისე, როგორც ნატა მომექცა. ასეთ ტკივილს შეუძლია სული დაგიმახინჯოს. მე მეყო ძალა და ქალი არ შემძულებია.

სოფო გამრეკელი