სტატუსი: "დაოჯახებულია!" - კვირის პალიტრა

სტატუსი: "დაოჯახებულია!"

გათხოვებამდე ცოტა ხნით ადრე ლოლამ ცქიტოს გაპარვა და დაქორწინება შესთავაზა, რაზეც ბიჭმა მხოლოდ ჩაიცინა

ცოტა ხნის წინ ორი წლის უნახავ კლასელს შევხვდი. თავის აგარაკზე წამიყვანა, - სკოლის პერიოდი გავიხსენოთო. ძალიან გამიხარდა, დედამისი, დეიდა მარიამიც იქ რომ დამხვდა. გაკვეთილების შემდეგ მათთან ხშირად ვიყრიდით თავს, დეიდა მარიამი ყველას თავს გვევლებოდა, ისე გვექცეოდა, თითქოს თანატოლები ვიყავით, ხშირად ის უფრო გამხდარა ჩვენი მესაიდუმლე, ვიდრე მისი ქალიშვილი.

ჩაის სუფრას რომ მივუსხედით, დეიდა მარიამმა - ჩემს ძველ მეგობარზე ერთი საინტერესო ამბავი უნდა გიამბოთო, გვითხრა და ჩვენც გავიყურსეთ.

"ჩემი კლასელი ლოლა ლამაზი გოგო იყო, ბიჭები კუდში დასდევდნენ, რაც ძალიან მწყინდა. როგორც კი საშუალება მომეცემოდა, ვჭორავდი. ახლა რომ მახსენდება, მეცინება 14 წლის გოგოს შურიანობა.

8 კლასის დამთავრების მერე დედამისმა, რომელიც მუსიკის პედაგოგი გახლდათ, მუსიკალურ სასწავლებელში გადაიყვანა და შვებით ამოვისუნთქე - ასე მეგონა, მეტოქე მოვიშორე; მაგრამ ახლა ყოველდღე ვხედავდი, რადგან სასწავლებელი ჩემი სახლის ახლოს იყო. ერთხელ დამინახა, გამიღიმა და ამომძახა, გაკვეთილის შემდეგ შენთან ამოვალო, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, თუმცა სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი, რაზე უნდა მელაპარაკა. იმ დღის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მეწვია და მალე გულში გამოვტყდი, რომ ლოლა ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა.

ერთ დღეს გამიმხილა, რომ ცქიტო მოსწონდა. დათო ცქიტიშვილი მაღალი, მწვანეთვალება, წარმოსადეგი ბიჭი კი იყო, თუმცა ხეირიანი არაფერი გამეგო მასზე. ხშირად აკითხავდა სასწავლებელში, ჩაისვამდა მანქანაში და მიჰყავდა სასეირნოდ. ეს ამბავი ჯერ მეგობრებმა შეიტყვეს, მერე მეზობლებმა, ნათესავებმა და ლოლას მშობლების ყურამდეც მივიდა.

ლოლას დედასაც ბევრი ცუდი გაეგონა დათოზე და შვილს სასწრაფოდ საქმრო გამოუძებნა. ბევრი იტირა ლოლამ, მაგრამ ამაოდ. გათხოვებამდე ცოტა ხნით ადრე ცქიტოს გაპარვა და დაქორწინება შესთავაზა, რაზეც ბიჭმა მხოლოდ ჩაიცინა. გულგატეხილი ლოლა კოკას გაჰყვა ცოლად. ქმარი რბილი ხასიათისა შეხვდა, უთმობდა, ელოლიავებოდა, თუმცა ლოლას გულსა და გონებაში სულ დათო ტრიალებდა.

გავიდა დრო. ეს ამბავი მიავიწყდათ, ლოლაც თითქოს შეურიგდა ბედს, თუმცა მალე წამჩურჩულეს, ლოლა და დათო ერთმანეთს ისევ ხვდებიანო. მეწყინა, სხვისგან რატომ უნდა გამეგო ეს ამბავი-მეთქი, მაგრამ არ შევეხმიანე ლოლას, თუ თქმა არ უნდა, ხომ არ დავაძალებ-მეთქი.

ლოლას ვაჟი რომ შეეძინა, აჭორავდნენ - შვილი ქმრისგან კი არა, საყვარლისგან გააჩინაო. მიკვირს, როგორ არ მივიდა ეს ამბავი მეუღლის ყურამდე, ან შეიძლება მივიდა კიდეც, მაგრამ არ დაიჯერა, თან მასაც მწვანე თვალები ჰქონდა...

ხშირად მივდიოდი ლოლასთან სტუმრად, მაგრამ სიტყვას არ სძრავდა დათოზე. ერთხელ მითხრა, კოკას უნდა გავშორდეო. რატომ-მეთქი, - გამიკვირდა.

რაღაცნაირია... ზედმეტად მშვიდი და მოსაწყენიო...

- ამის გამო ადამიანები ერთმანეთს არ უნდა სცილდებოდნენ, ისევ…დათო გიყვარს-მეთქი? - ვკითხე.

ბრიალა თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა: - გაგიჟდი? საუკუნეა, არ მინახავს, დამავიწყდა კიდეც...

- ამბობენ, სმა დაიწყოო...

- ჰო, მეც გავიგე...უცებ მოიწყინა, მერე ადგა, უჯრიდან ირაკლის ფოტო გამოიღო და მომაწოდა: - რას იტყვი, ჰგავს?

ნამდვილად ჰგავდა. მერე გამიმხილა, რომ გათხოვების შემდეგ ერთხანს ისევ ხვდებოდა დათოს და შვილიც მისგან ჰყავდა.

ეს საიდუმლო წლების განმავლობაში ვინახეთ. ლოლა კოკას მაინც გაშორდა. როცა ირაკლი 16 წლის შესრულდა, ლოლამ სამუშაოდ იტალიაში წასვლა გადაწყვიტა.

მის წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ქუჩაში დათო შემხვდა. ლოლა მოიკითხა, - წლებია, არ მინახავსო. ვუთხარი, რა და როგორ იყო და როცა გაიგო, ქვეყნიდან წასვლას აპირებდა, შემახვედრეო, მთხოვა. დავაკავშირე. ლოლამ ყველაფერი გაუმხილა, უთხრა, რომ ირაკლი მისი შვილი იყო. მერე ლოლა გაფრინდა...

ახლახან "ფეისბუკს" ვათვალიერებდი. ჩემდა გასაოცრად, ლოლას, ირაკლის და დათოს ფოტო აღმოვაჩინე, იტალიის ქალაქ პესკარაშია გადაღებული. თვალი ლოლას სტატუსისკენ გამექცა. ეწერა: "დაოჯახებულია"...